Facebook Twitter

ბს-115-13-კს-04 19 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: განჩინების სამოტივაციო ნაწილის შეცვლა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 15 ნოემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. ნ.-ის წარმომადგენელმა დ. ნ.-მ ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ნ. გ.-ის 800მ2 ეკლის ტყის 1994წ. 18 დეკემბრის ¹457 მიღება-ჩაბარების აქტისა და ამ აქტის საფუძველზე ს. გ.-ისათვის ამავე მიწის ნაკვეთის 2001წ. 7 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა ს. გ.-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმა.

2003წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი 1994წ. 18 დეკემბრის ¹457 აქტის საფუძველზე გაცემული ს. გ.-ის 2001წ. 7 ნოემბრის ¹487 მიღება-ჩაბარების აქტი 800 მ2 ეკლის ტყის მიკუთვნების ნაწილში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ.-მ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ რომელ მიღება-ჩაბარების აქტში შედიოდა სადავო 800 მ2 მიწის ფართობი _ შ. ნ.-ის 1994წ. 4 დეკემბრის ¹457 მიწის მიღება-ჩაბარების აქტში თუ ს. გ.-ის 2001წ. 7 ნოემბრის ¹487 მიწის მიღება-ჩაბარების აქტში. ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო მხარეთა დასწრებით. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს, ხოლო საქმის წარმოება შეჩერდა.

აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა მოდავე მხარეთა დაუსწრებლობის გამო და სააპელაციო პალატამ 2003წ. 26 ნოემბრის განჩინებით განაახლა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 8 დეკემბრის განჩინებით ს. გ.-ე საქმეში მოპასუხედ ჩააბა, ხოლო ამავე თარიღის მეორე განჩინებით დანიშნა იმავე სახის სასამართლო ექსპერტიზა იგივე მითითებებით. სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდებოდა, თუ ვისი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში იყო შეტანილი სადავო ნაკვეთი და ვის საკუთრებას წარმოადგენდა იგი. საქმეზე დანიშნული ექსპერტიზა არ ჩატარდა, რის გამოც ს. გ.-მ და მისმა ადვოკატმა ითხოვეს, ექსპერტიზა ჩატარებულიყო სხვა ექსპერტის მიერ.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრა ს. გ.-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფაქტობრივად მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის განჩინების შესრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომელიც სასამართლოს ინიციატივით დაინიშნა და მოითხოვა 2003წ. 8 დეკემბრის განჩინებიდან იმ მითითების ამორიცხვა, თითქოსდა ადვოკატმა ე. ხ.-მ მოითხოვა საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება.

სააპელაციო პალატამ 2004წ. 27 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, მიუთითა სასამართლო სხდომის ოქმზე, ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინების გასაჩივრებას არ ითვალისწინებს სსკ და კერძო საჩივრით საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ს. გ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა 2003წ. 8 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში უთითებს, რომ ს. გ.-მ და მისმა ადვოკატმა ითხოვეს ექსპერტიზა ჩატარებულიყო სხვა ექსპერტის მიერ და არსად არ არის აღნიშნული, თითქოსდა მათ მოითხოვეს ექსპერტიზის დანიშვნა. სასამართლო სარეზოლუციო ნაწილშიც არ მიუთითებს, რომ ექსპერტიზა ს. გ.-ისა და მისი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, თითქოსდა განჩინებაში მითითებულია ს. გ.-ისა და მისი ადვოკატის მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, უსაფუძვლოა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინების კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრისა და 2004წ. 27 ივნისის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 დეკემბრისა და 2004წ. 27 იანვრის განჩინებები;

3. ს. გ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.