1 ნოემბერი, 2018 წელი №ას-1434-2018 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ა-ტ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით:
- მ.ა-ტ–ძის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მ.მ–ს (შემდეგში მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 385 ლარის გადახდა;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა მისი კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 18 ოქტომბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 19 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 ოქტომბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე