1 ნოემბერი, 2018 წელი №ას-1139-2018 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ა.გ–ძე, მ.შ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ჯ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- მ.ჯ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ა.გ–ძეს და მ.შ–ას (შემდეგში მოპასუხეებს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 15 760 აშშ დოლარის გადახდა.
2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩვარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
7. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 788 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა მათი საკასაციო საჩივარი.
8. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
9. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით კასატორებს 5 დღით გაუგრძელდათ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა.
10. საკასაციო პალატას შუამდგომლობით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).
14. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩაბარდა კასატორების წარმომადგენლის ოჯახის წევრს (მეუღლეს) ნ. კ–ძეს (იხ. მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ. 84; ტ. 1, ს.ფ. 87).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 11 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 ოქტომბერს, ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, აღნიშნულ შუამდგომლობაზე სასამართლომ უკვე იმჯელა და იგი არ დაკმაყოფილდა. კასატორებს კონკრეტული მტკიცებულებები მათი გადახდისუუნარობის შესახებ დამატებით არ წარმოუდგენიათ. ამასთან, კასატორებს ერთხელ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და მათ დადგენილ ვადაში ხარვეზი ნაწილობრივაც არ შეუვსიათ.
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
17. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ძისა და მ.შ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ა.გ–ძის და მ.შ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე