Facebook Twitter

№ას-1222-2018 5 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – შპს „უ.“, შპს „ს.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „გ-ე.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით:

- შპს ,,გ–ე–ის" (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხე შპს ,,ს–ს“ (შემდეგში პირველი მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული თხევადი გაზის ღირებულების გადახდა, ჯამში 92 877,5 ლარის ოდენობით;

- მოპასუხე შპს ,,U-ს“ (შემდეგში მეორე მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული თხევადი გაზის ღირებულების გადახდა, ჯამში 47 378 ლარის ოდენობით;

- საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით (საქმე #284-უზრ/2016) და 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით (საქმე #285-უზრ/2016) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩა უცვლელად.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, გაუქმებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის დამატებითი განჩინებით:

- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 1857.55 ლარის გადახდა;

- მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 947.56 ლარის გადახდა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაუქმებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ პირველ მოპასუხეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 3719,45 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მეორე მოპასუხეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 2049,2 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა მათი საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).

10. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, 2018 წლის 16 ოქტომბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ეცნობა კასატორების წარმომადგენელს ლ.მ–ძეს. შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კასატორებისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 70.1 მუხლის საფუძველზე.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 17 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 22 ოქტომბერს, ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავთ სასამართლოსთვის.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „უ–სა“ და შპს „ს–ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე