გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-115-66-კს-03 22 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: აღსრულების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ., ვ. და მ. ჯ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირის ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განაჩენით 280 414 ლარის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. ამ თანხის ჩამოწერა, ქონებაზე და ავტომანქანა “ბმვ-730”-ზე დადებული ყადაღის გაუქმება და მიყენებული მორალური ზიანისათვის იმერეთის სააღსრულებო ბიუროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 600000 ლარის გადასახდელად დაკისრება. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 280414 ლარის გადახდასთან დაკავშირებული ყველა სააღსრულებო მოქმედების, მათ Aშორის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შეჩერება
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 04 ივნისის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა მ. ჯ-ისათვის ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განაჩენით დაკისრებული 280414 ლარის გადახდასთან დაკავშირებით წარმოებული ყველა სააღსრულებო მოქმედების განხორციელება, მათ შორის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.
2003წ. 4 ივნისის განჩინებაზე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მიერ შეტანილი იქნა კერძო საჩივარი. რომლის საფუძველზეც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 23 ივნისის განჩინებით, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის კერძო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამრთლოს 2003წ. 4 ივნისის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის სხვა მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორს 2003წ. 4 ივნისის განჩინება მიაჩნდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
1) ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განაჩენით მ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 1 წელი, 7 თვე და 25 დღე, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ამასთან დაკმაყოფილდა რა ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს სარჩელი, მსჯავრდებელ მ. ჯ-ეს ამავე განაჩენით ასევე დაეკისრა ბიუჯეტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის 280414 ლარის ანაზღაურება.
ვინაიდან მ. ჯ-ე ჯიუტად არ ასრულებდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, იმერეთის სააღსრულებო ბიურომ წარდგინებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა მ. ჯ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება.
სწორედ მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის დაღწევის სურვილი გახდა მისი და მისი მშობლების მხრიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის მიზანი.
ხოლო საოლქო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული განჩინების მიღება, რომლითაც სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა 280 414 ლარის გადახდასთან დაკავშირებით წარმოებული ყველა სააღსრულებო მოქმედების განხორციელება, ნიშნავს კანონიერ ძალაში შესულ, იმავე საოლქო სასამართლოს განაჩენის არარაობად ქცევას.
2) “სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 თავის 34-ე მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი აღსრულების შეწყვეტის 5 კანონისმიერი საფუძველი და მათი განვრცობითი განმარტება დაუშვებელია.
3) იმერეთის სააღსრულებო ბიუროსთვის უცნობია, რა მიზეზით ითხოვენ მოსარჩელეები 2003წ. 3 მარტის აქტით აღწერილ ქონებასა და ავტომანქანა ბმვ-730-ზე, დადებული ყადაღის გაუქმებას. თუ კი ისინი ამ ქონების თავისად არ მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში მესამე პირს შეუძლია სასამართლოში წარადგინოს მოტივირებული სარჩელი. ამასთან მხოლოდ სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში.
4) მართალია, ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვას და გადაწყვეტას, მაგრამ უცნობია, საერთოდ ეთხოვა კი სახელმწიფო ბაჟის გადახდა მსჯავრდებულ მ. ჯ-ეს და მის მშობლებს, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებისაგან უსაფუძვლოდ ითხოვენ 600000 ლარის ზიანის ანაზღაურებას, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს სასამართლოს მიკერძოებულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 ივნისის განჩინების გაუქმებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებს, შეისწავლა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მასალები, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 04 ივნისის გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალა მ. ჯ-ისათვის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განაჩენით დაკისრებული 280414 ლარის გადახდასთან დაკავშირებით წარმოებული ყველა სააღსრულებო მოქმედების განხორციელება, მათ შორის ყადაღადადებულ ქონებაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განჩინების მიღებისას საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის არასწორ გამოყენებას, კერძოდ, სასამართლოს მითითებული საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის 36-ე მუხლი შეიცავს იმ გარემოებათა სრულ ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო აღსრულებას აჩერებს სარჩელის წარმოდგენისას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა _ სადავო ქონების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დეფინიციას და მიუთითებს, რომ აღსრულების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ სადავოდ ქცეული ქონების ნაწილში, ამასთან იმ ქონებაზე, რომელზედაც მესამე პირები აცხადებენ თავიანთ დასაბუთებულ პრეტენზიას. შესაბამისად, პრეტენზია უნდა ემყარებოდეს სათანადო მტკიცებულებებს.
ამდენად, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ადგილი აქვს კანონის არასწორ გამოყენებას, რაც უდავოდ წარმოადგენს მითითებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოადგენილი არ არის შესაბამისი მტკცებულებები, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა აღსრულების შეჩერების საფუძვლებზე მსჯელობის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გაუქმებული უნდა იქნეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში, ხოლო საქმე, შუამდგომლობის ხელმეორედ განხილვის მიზნით, უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 04 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროსათვის ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოებული ყველა სააღსრულებო მოქმედების განხორციელების აკრძალვის ნაწილში.
3. კერძო საჩივარი ჯ., ვ. და მ. ჯ-ების შუამდგომლობის ხელმეორედ განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.