5 ნოემბერი, 2018 წელი №ას-1312-2018 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ნ.ყ., თ.გ., ზ.ყ., თ.ყ., ზ.დ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „მ.ო.კ.“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- სს „მ.ო.კ–ოს“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ნ.ყ–ს, თ.გ–ს, ზ.ყ–ს, თ.ყ–სა და ზ.დ–ს (შემდეგში მოპასუხეებს) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 726.27 აშშ დოლარის გადახდა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს კერძო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ მათ დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა მათი კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 18 ოქტომბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელს ფ.ბ–ას (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 155-169). შესაბამისად, საფოსტო გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად თვლება სსსკ-ის 70.1 მუხლის საფუძველზე.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 19 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 22 ოქტომბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავთ სასამართლოსათვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ყ–ის, თ.გ–ის, ზ.ყ–ის, თ.ყ–ისა და ზ.დ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე