Facebook Twitter

№ას-1425-1345-2017 30 აპრილი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/ მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – გ.ვ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ.ვ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.ვ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) 2014 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, ა.მ–ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი), ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, 70 000 აშშ დოლარი ასესხა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი).

2. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან მოსარჩელეს სესხი არ დაუბრუნა.

3. მეორე მოპასუხე მოსარჩელესთან ერთად ეწეოდა სალომბარდე საქმიანობას ზუგდიდში, ... მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ,,მ.ვ–ას’’ ლომბარდში. მ.ვ–ა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 28.05.2014 წლიდან, იურიდიულ მისამართზე - ზუგდიდი, ...... ამავე მისამართზე 10.06.2015 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია უკვე მოსარჩელე. მითითებული პერიოდიდან (2015 წლის ივნისიდან) ამ მისამართზე სალომბარდე საქმიანობას აგრძელებს მხოლოდ მოსარჩელე.

4. მოსარჩელემ 2017 წლის 26 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხეებს ერთობლივად, ჯამში, 70 000 აშშ დოლარი ასესხა, იმ პირობით, რომ ორივე მსესხებელი იღებდა სოლიდარულ ვალდებულებას, სესხი სრულად დაებრუნებინათ 2015 წლის ივნისის ბოლომდე, თუმცა თანხა დღემდე არ დაუბრუნებიათ.

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის არ დადებულა სესხის ხელშეკრულება, ამ თვალსაზრისით მხარეთა შორის არ არსებობს სამართლებრივი ურთიერთობები, სესხი არ გადაცემულა, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 327-ე, 373-ე, 623-ე და 624-ე მუხლები გამოიყენა.

7. რაიონულმა სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით (მტკიცებულებებით) არ დასტურდებოდა, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს და - მეორე მხრივ, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა (არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით).

7.1. სასამართლომ მიუთითა, რომ ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ იყო საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელი იყო ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს. ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვები იყო მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.

7.2. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს თავისი მოთხოვნის მართებულობა, მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით. მოპასუხეთა მიმართ სესხის სახით თანხის გადაცემის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სისხლისა და სამოქალაქო საქმეზე მოწმის სტატუსით მეორე მოპასუხის მიერ მიცემული ჩვენებებით არ დგინდება მოპასუხეთა სასესხო ვალდებულების არსებობა, პირველ მოპასუხესთან მიმართებით კი, საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. აპელანტის მტკიცებით, სამეწარმეო საქმიანობისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა, სუბიექტს ჰქონდეს რომელიმე ორგანიზაციულ, სამართლებრივი ფორმით შექმნილი საწარმო, მათ შორის, უკიდურეს შემთხვევაში იყოს ინდივიდუალური მეწარმე მაინც. სასამართლო თავად მსჯელობს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო 2014 წლის პერიოდში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული იყო და სალომბარდე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა პირველი მოპასუხე, მხოლოდ მომდევნო წელს 2015 წლიდან არის რეგისტრირებული ინდმეწარმედ მოსარჩელე. საქმეში არ არსებობს კანონით გათვალისწინებული რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე 2014 წელს დაკავებული იყო სამეწარმეო საქმიანობით, არსებობს მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება, რასაც სათანადო დასაბუთების გარშე დაეყრდნო სასამართლო.

8.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მეორე მოპასუხის 2015 წლის 20 ოქტომბრის მოწმედ დაკითხვის ოქმი №044071015001 სისხლის სამართლის საქმეზე; პირველი მოპასუხის ფინანსური ჩანაწერები; მის მიერ ინდივიდუალური მეწარმის სახით გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებების ნაწილი; ამონაწერი ინდივიდუალური მეწარმე „მ.ვ–ს“ სამეწარმეო რეესტრიდან; მეორე მოპასუხის 2016 წლის 12 თებერვლის მოწმის სახით დაკითხვის სხდომის ოქმი. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ მტკიცებულებებისა, რომელიც მან საფუძვლად დაუდო სარჩელს. აღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს გადასცა 70 000 აშშ დოლარი, რომელიც მათ გამოიყენეს სალომბარდე საქმიანობისათვის.

8.3. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა მოწმის ჩვენება, რომელმაც უშუალოდ სხდომის დარბაზშივე ამოიცნო მოპასუხე და დაადასტურა, რომ გადასცა მოსარჩელისაგან გამოტანებული გარკვეული თანხა. სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა მოპასუხეთა ახსნა-განმარტების ის ნაწილიც, სადაც თავადვე ადასტურებდნენ, რომ სალომბარდე ნივთებს პირველი მოპასუხე ინახავდა საკუთარი სახლის სეიფში, რომ შვილთან ერთად ლომბარდის საქმეებს უძღვებოდა, აგრეთვე - ის, რომ მოსარჩელეს დაუბრუნა დალომბარდებული ნივთებიდა თანხა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

1.2. პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

1.3. სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა;

1.4. მეორე მოპასუხეს 70 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

1.5. მეორე მოპასუხეს 8 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

1.6. მეორე მოპასუხეს 1000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

9.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ შეცდომით შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, და გააკეთა მცდარი დასკვნა, რომ მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს 70 000 აშშ დოლარი გადასცა და მან მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა, რის შესაბამისადაც მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. სასამართლო დაეყრდნო, როგორც საქმეში განთავსებულ წერილობით მტკიცებულებას, კერძოდ, შსს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მეორე მოპასუხის დაკითხვის ოქმს, ისე ნივთიერ მტკიცებულებას - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერსა და მოწმის ჩვენებას.

9.2. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის/აპელანტის მიერ მტკიცების ტვირთი წარმატებით არის რეალიზებული, ხოლო იმის მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულება შეწყვეტილი იყო, მეორე მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება.

9.3. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მან თანხა პირველ მოპასუხეს ასესხა. მხოლოდ ის, რომ მეორე მოპასუხემ მოსარჩელისაგან ნასესხები თანხა პირველი მოპასუხის სამეწარმეო მიზნებისათვის გამოიყენა, მოსარჩელის მიმართ პირველი მოპასუხის ვალდებულებას არ წარმოშობდა, შესაბამისად, სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ უსაფუძვლო იყო.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:

10.1. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ თანხა ასესხა პირველ მოპასუხეს, საქმეში წარმოდგენილია და ისინი სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა. საქმეშია პირველი მოპასუხის ფინანსური ჩანაწერები/ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მის მიერ გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებების ნაწილი, საიდანაც ირკვევა, რომ პირველი მოპასუხე თავად განკარგავდა ნასესხებ თანხებს, რითაც ცალსახად დასტურდება მის მიერ თანხის მიღება და განკარგვა. მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ცხადია, რომ მოპასუხეებმა ერთობლივად მიმართეს სესხის ასაღებად, აგრეთვე, პირველმა მოპასუხემ თვითონ იკისრა სესხის დაბრუნების პასუხისმგებლობა. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლომ ერთობლივად არ შეაფასა. პირველი მოპასუხე სალომბარდე საქმიანობას არა მარტო ოფისიდან ასრულებდა არამედ სახლიდანაც, მსხვილ ნივთებს თავად იღებდა და გასცემდა მისი კუთვნილი სახლიდან. შესაბამისად, სესხად აღებულ თანხასაც თავადვე განკარგავდა.

10.2. კასატორის მტკიცებით, პირველი მოპასუხის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მოპასუხეები ერთად მიდიოდნენ მასთან თანხის სასესხებლად და ერთადვე იღებდნენ ვალდებულებას სესხის დაბრუნებაზე. აღნიშნულ დასკვნას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერიც ამყარებს, სადაც პირველი მოპასუხე ადასტურებს, რომ თანხა მოპასუხეებმა ერთობლივად ისესხეს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლიდან გამომდინარეობს.

17. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ საქმის არსებითი განხილვისას მან დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულებებით დაადასტურა პირველი მოპასუხისათვის 70 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

19. სსკ-ის 624-ე მუხლის (სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით) მიხედვით, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთს, გადარიცხვის ქვითარს, სალაროს შემოსავლის ორდერს (შდრ. სუსგ №ას-398-371-2017, 06.06. 2017 წელი). განსახილველ შემთხვევაში, 70 000 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისთვის სესხების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელეს, პირველი მოპასუხის ფინანსური ჩანაწერების, ინდივიდუალური მეწარმე პირველი მოპასუხის მიერ გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებების, სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხის განმარტებებისა და მოწმის ჩვენების გარდა, სხვა დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე კი, შეუძლებელია იმ დასკვნის გამოტანა, რომ მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს ასესხა 70 000 აშშ დოლარი. აღნიშნულს არ აღიარებს პირველი მოპასუხე არც მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში. შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა პირველი მოპასუხისთვის 70 000 აშშ დოლარის სესხად გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებები.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1245-1168-2015, 20.05.2016; №ას-361-343-2015, 14.12. 2015; №ას-398-371-2017, 06.06.2017; №ას-1155-1101- 2014, 04.05.2015).

21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ვ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ გ.ვ–ას (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (გადახდის თარიღი 15.12.2017), 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი