Facebook Twitter

№ას-1460-2018 15 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – მ.ბ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ.კ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით:

- სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ.კ–ის” (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მ.ბ–ის (შემდეგში პირველი მოპასუხის) და ჟ.ბ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხის) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ...... პირველი, #7, ბინა #10, საკადასტრო კოდი: #....... და დადგინდა უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

დარჩა უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წრამოების განახლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

9. სსსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება პირადად გაეგზავნა მოპასუხეს და 2018 წლის 27 ივნისს ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - დედას, შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კასატორისთვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 70.1 და 74.1 მუხლების საფუძველზე.

11. სსსკ-ის 60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 28 ივნისს და ამოიწურა 2018 წლის 18 ივლისს. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 19 ივლისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე