Facebook Twitter

№ას-1532-2018 17 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - ო.ნ–ძე, ნ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ფ.კ. ჯ– სი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.04.2018წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გაერთიანებულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (თავდაპირველ სარჩელში); სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირვანდელი პირობებით აღდგენა, შესასრულებელი ვალდებულების ფარგლების განსაზღვრა (გაერთიანებულ საქმეზე სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2017წ. გადაწყვეტილებით შპს ჯ.ფ.კ. ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ო.ნ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ 45 600 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ნ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც „მოპასუხეები“, "კასატორები") საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ს/კ ........; დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეულ იქნეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე. იმავე გადაწყვეტილებით გაერთიანებულ საქმეში პირველი მოპასუხის სარჩელი - სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების ბათილად ცნობის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირვანდელი პირობებით აღდგენისა და შესასრულებელი ვალდებულების ფარგლების განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 290-314). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.04.2018წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 151-182). განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

3. 29.10.2021წ. მხარეებმა სასამართლოს მომართეს შუამდგომლობით მორიგების დამტკიცების თაობაზე და წარმოადგინეს მორიგების აქტი. მორიგების აქტი ხელმოწერილია ერთი მხრივ, მოსარჩელის წარმომადგენლის გ.მ–ძის (იხ.: მინდობილობა საქმეზე მორიგების უფლებით, ტ.3, ს.ფ 271-274), ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ მოპასუხეების მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

5. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-2-2019, 30 იანვარი, 2019 წელი; №ას-75-2020, 15 მაისი, 2020 წელი). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

7. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18). მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.25).

8. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

9. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სუსგ №ას 1504-2020, 22 აპრილი, 2021 წელი).

10. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა მორიგების აქტში ასახეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნება. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.2016წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–ს“ (წარმომადგენელი გ.მ–ძე) და, მეორე მხრივ, ო.ნ–ძესა და ნ.ნ–ძეს შორის, შემდეგი პირობებით:

1.1. ო.ნ–ძეს შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 105 000 (ას ხუთი ათასი) აშშ დოლარი.

1.2. ო.ნ–ძე ვალდებულია ამ მორიგების აქტით დაკისრებული თანხა შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–ის“ გადაუხადოს ამ მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში.

1.3. თუ ო.ნ–ძე ამ მორიგების აქტით დაკისრებულ თანხას გადაიხდის მორიგების აქტის დამტკიცებიდან 15 დღის ვადაში, მას არ დაეკისრება პროცენტის გადახდა დაკისრებულ თანხაზე, ხოლო თუ გადახდა განხორციელდება მორიგების დამტკიცებიდან 15 დღის შემდეგ, მაშინ ო.ნ–ძეს მორიგების დამტკიცებიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისრება გადაუხდელი თანხის 2.5% ყოველთვიურად.

1.4. თუ ო.ნ–ძე მორიგების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში არ შეასრულებს ვალდებულებას სრულად, მაშინ მას შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.5. ო.ნ–ძის მიერ ამ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილია იპოთეკის საგანზე - უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ...... №36ა, საკადასტრო კოდი: ......., მესაკუთრე: ნ.ნ–ძე) შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–ის“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკით. თუ ო.ნ–ძე დაარღვევს ამ მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მორიგების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში არ გადაიხდის ამ მორიგებით ნაკისრ თანხას, მაშინ შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–სი“ უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის საფუძველზეც იძულებით აღსასრულებლად მიექცევა იპოთეკის საგანი, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად არ დაკმაყოფილდება შპს „ჯ.ფ.კ. ჯ–ის“ მოთხოვნა სრულად, მაშინ აღსრულება გაგრძელდება ო.ნ–ძის ნებისმიერ ქონებაზე.

1.6 გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.2016წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ს.მ–ძის მიერ 15.09.2015წ. გაცემული N151018991 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება და აუქციონზე ქონების რეალიზაცია.

1.7. ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე სახის მოთხოვნა ან/და პრეტენზია აღარ ექნებათ.

2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1532-2018.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. ო.ნ–ძეს (პ/ნ: ....) და ნ.ნ–ძეს (პ/ნ: .......), უკან დაუბრუნდეთ გ.ფ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი: 17.12.2018წ.) და 5000 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი: 21.01.2019წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე