Facebook Twitter

საქმე №ას- 860-860-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,ი -ი" (მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ -ია" (პირველი მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ–ს" (მეორე მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,ბ-იამ (შემდეგში: მყიდველი ან პირველი მოსარჩელე) და შპს ,,ჯ–მა" (შემდეგში: მესაკუთრე ან მეორე მოსარჩელე) სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს ,,ი-ის" (შემდეგში: მიმწოდებელი ან იპოთეკარი ან მოპასუხე ან პირველი აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვეს:

2. 2016 წლის 26 თებერვალს ნოტარიუსის მიერ მოპასუხის მოთხოვნით გაცემული №160180077 სააღსრულებო ფურცლის (შემდეგში: სადავო სააღსრულებო ფურცელი) ბათილად ცნობა და 2013 წლის 17 ნოემბრის №1711/13 - I ხელშეკრულების და 2013 წლის 11 დეკემბრის №131290772 იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება.

3. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია შემდეგი:

4. 2013 წლის 17 ნოემბერს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საქონლისა და მოწყობილობების მიწოდების შესახებ №1711/13-I ხელშეკრულება (შემდეგში: ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულება). ხელშეკრულებით მიმწოდებელმა იკისრა 500 000 ლარის ღირებულების საქონლისა და მოწყობილობების მიწოდების ვალდებულება. მხარეები შეთანხმდნენ პროდუქციის ღირებულებაზე. მხარეთა შეთანხმების თანახმად ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე მიწოდებული საქონლის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 220 000 ლარზე მეტი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 477-ე მუხლი].

5. 2013 წლის 11 დეკემბერს მოპასუხესა და მეორე მოსარჩელეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება [სსკ-ის 286-ე და 153.1 მუხლები]. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ქალაქ ფოთში მდებარე მეორე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფილი იქნა გადახდის განვადებით იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 220 000 ლარი. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2014 წლის 25 იანვრამდე. იგივე პირობა მითითებულია ხელშეკრულების მე-19 მუხლში.

6. 2016 წლის 26 თებერვალს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 25 785.89 ლარია. ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე.

7. სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გარდა იმისა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება შეწყვეტილია ვადის გასვლით, მყიდველმა შეასრულა ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიწოდებული პროდუქციის და მოწყობილობების ღირებულების 641 000 ლარის გადახდის თაობაზე. ამდენად, არათუ დაფარულია იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული თანხა, არამედ გადახდილია ხელშეკრულებით შეთანხმებულზე მეტი თანხა. ნოტარიუსმა კი, მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება შეწყვეტილია, გასცა სააღსრულებო ფურცელი ,,აღსასრულებელი ვალდებულების“ 25 785.89 ლარის, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით აღსასარულებლად. ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულების შესრულების ვადა იყო 2014 წლის 25 იანვრამდე.

8. მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში მოპასუხემ უარყო მოვალისაგან შესრულების მიღება და მაშასადამე, ვალდებულების შესრულებით შეწყვეტილად აღიარება.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 26 თებერვალს ნოტარიუსის მიერ მოპასუხის მოთხოვნით გაცემული N160180077 სააღსრულებო ფურცელი, გაუქმდა ნაწილობრივ იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სადავო სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად. შეწყვეტილად იქნა აღიარებული მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოსარჩელემ და მოპასუხემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები უარყოფილი იქნა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ., ამ გადაწყვეტილების პ- 8).

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელში დავალიანება განსაზღვრა მყიდველისათვის 666 785,89 ლარის ღირებულების საქონელის მიწოდების საფუძველზე, საიდანაც მყიდველმა დაფარა მხოლოდ 641 000 ლარი. ამ ღირებულების საქონლის გადაცემის დასადასტურებლად მიმწოდებელმა წარმოადგინა სასაქონლო უწყისი, საგადასახადო ანგარიშფაქტურის რეესტრი, აგრეთვე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების (25 785 ლარი) დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასახელებულ მტკიცებულებებს ვერ დაუპირისპირა ვარგისი მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ პირველი მოსარჩელის დავალიანება მოპასუხის მიმართ შეადგენს 25 785 ლარს.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 11.12.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში 24.01.2014 წლამდე წარმოშობილი ვალდებულება. ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულებით კი, მოპასუხემ იკისრა ურთიერთშეთანხმებული დასახელების და რაოდენობის საქონლის, სპეციფიკაციების შესაბამისად, შეთანხმებულ ფასებში პირველი მოსარჩელისთვის მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების 3.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე მიწოდებული საქონლის მაქსიმალური ღირებულება (ლიმიტი) დღგ-ს ჩათვლით 220 000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის მიხედვით მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდა განხორციელდებოდა არაუგვიანეს 2014 წლის 25 იანვრამდე. მიმწოდებელს და მესაკუთრეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება 220 000 ლარის უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის ოცდახუთ იანვრამდე.

13. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა 2014 წლის ოცდახუთ იანვრამდე წარმოშობილი ვალდებულება.

14. ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულების 3.4 პუნქტის ჩანაწერში მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდის ვადად სწორედ იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტში დასახელებული ხელშეკრულების ვადა - 2014 წლის ოცდახუთი იანვარი იქნა დასახელებული. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქტის სრული ღირებულების ანაზღაურებას მიმწოდებელი/იპოთეკარი სწორედ 2014 წლის ოცდახუთ იანვარს უკავშირებდა და უზრუნველყოფაც სწორედ ამ პერიოდამდე შესასრულებელი ვალდებულებისთვის იყო გათვალისწინებული.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით და მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის ოცდახუთ იანვრამდე. შესაბამისად, უზრუნველყოფდა სწორედ ამ პერიოდამდე წარმოშობილ ვალდებულებასაც.

16. სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულება - 25 785 ლარი წარმოადგენს 2014 წლის ოცდახუთ იანვრამდე მიწოდებული საქონლის ღირებულებას. მოპასუხე კი, თავის არგუმენტს იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულება წარმოშობილია 2014 წლის ოცდახუთ იანვრამდე პერიოდში.

17. სააპელაციო პალატამ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღსასრულებელი ვალდებულება 25 785 ლარის ოდენობით წარმოადგენს 24.01.2014 წლამდე წარმოშობილ დავალიანებას მოპასუხეს დააკისრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოება მოპასუხემ ვერ დაადასტურა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 25 785 ლარის ოდენობით მოთხოვნა არაუზრუნველყოფილი იყო, რაც იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში, სადავო სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველს წარმოშობდა.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ/მიმწოდებელმა/იპოთეკარმა. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოსარჩელეების შეგებებული საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად

19. კასატორის განმარტებით, საქმის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა იპოთეკის ხელშეკრულების შემადგენლი ნოტარიუსის წერილობითი განმარტება. სასამართლოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია მცდარ ვარაუდზე და შეუსაბამოა კომერციულ საქმიანობაში დამკვიდრებულ პრაქტიკასათან, სახელდობრ, კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია, რომ აღსასრულებელი ვალდებულება 25785 ლარის ოდენობით წარმოადგენს 2014 წლის 24 იანვრის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს განჩინება ურთიერთწინააღმდეგობრივია, კერძოდ, ერთი მხრივ, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2014 წლის 25 იანვრამდე მიწოდებული საქონლისათვის პირველ მოსარჩელეს გადასახდელი დარჩა 102377,57 ლარი, ხოლო მეორე მხრივ, დადასტურებულადაა მიჩნეული, რომ აღსასრულებელი ვალდებულება 25785 ლარის ოდენობით წარმოადგენს 24.01.2014 წლამდე მიწოდებული საქონლის ღირებულებას.

20. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ უზრუნველყოფა მხოლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდის ვადამდე მოქმედებდა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, თუ რა ვადით გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა 2013 წლის 11 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება მეორე მოსარჩელესთან, რომელშიც აღნიშნულია, რომ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია გადახდის განვადებით საქონლის მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 000 ლარი და შესაძლო ზიანი. ასევეა მითითებული თუ როდემდე უნდა მომხდარიყო მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად გადახდა (2014 წლის 25 იანვარი). ნოტარიუსის მიერ შეცდომით შეტანილი ფორმულირებიდან, რომ ეს ხელშეკრულება დადებულია 2014 წლის 25 იანვრამდე, არცერთ შემთხვევაში არ გამომდინარეობს, რომ ამ დღიდან ხელშეკრულება ძალაში აღარ იყო ან გასული იყო მისი მოქმედების ვადა.

21. კასატორი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფა მხოლოდ 2014 წლის 25 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანების დასაფარავად რომც ყოფილიყო გამოყენებულიყო, იპოთეკის საგნის რეალიზაციის უფლება კასატორს მაინც გააჩნდა, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2014 წლის 25 იანვრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 102 377,57 ლარს.

22. ამასთან, კასატორისთვის გაუგებრია, თუ რატომ დააკისრა სასამართლომ მათ მტკიცების ტვირთი იმისა, რომ დაედასტურებინათ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულება სწორედ 24.01.2014წ-მდე რომ იყო წარმოშობილი, ხოლო ამის საფუძველზე კი, მიიჩნია, რომ აღსასრულებლი ვალდებულება 25785 ლარის ოდენობით წარმოადგენდა 2014 წლის 25 იანვრის შემდგომ მიწოდებული საქონლის ღირებულებას.

23. კასატორი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 იანვრამდე მიწოდებული საქონლისთვის პირველი მოსარჩელის დავალიანების არსებობა (102377.57 ლარი) აღიარებული აქვთ და ხელშეკრულების მოქმედების ვადაშივე აქვთ მოთხოვნილი დარჩენილი (25785 ლარი) თანხის ქონების რეალიზაციის გზით მიღება. პირიქით, პირველ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ 2014 წლის 25 იანვრამდე სრულად ჰქონდა გადახდილი მიწოდებული საქონლის ღირებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლებით.

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

27. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

28. 2013 წლის 17 ნოემბერს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საქონლისა და მოწყობილობების მიწოდების შესახებ №1711/13-I ხელშეკრულება (შემდეგში: ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულება). ხელშეკრულებით მიმწოდებელმა იკისრა 500 000 ლარის ღირებულების საქონლისა და მოწყობილობების მიწოდების ვალდებულება. მხარეები შეთანხმდნენ პროდუქციის ღირებულებაზე. მხარეთა შეთანხმების თანახმად ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე მიწოდებული საქონლის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 220 000 ლარზე მეტი [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 477-ე მუხლი].

29. 2013 წლის 11 დეკემბერს მოპასუხესა და მეორე მოსარჩელეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება [სსკ-ის 286-ე და 153.1 მუხლები]. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ქალაქ ფოთში მდებარე მეორე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფილი იქნა გადახდის განვადებით იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 220 000 ლარი. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2014 წლის 25 იანვრამდე. იგივე პირობა მითითებულია ხელშეკრულების მე-19 მუხლში.

30. 2016 წლის 26 თებერვალს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 25 785.89 ლარია. ასევე, დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე.

31. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით სადავო სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში. შეწყვეტილად იქნა აღიარებული მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 11 დეკემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება.

32. საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილია ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 11 დეკემბერს გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში. კასატორი აღნიშნავს, რომ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია გადახდის განვადებით საქონლის მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 000 ლარი და შესაძლო ზიანი. იქვე მითითებულია მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვადა (2014 წლის 25 იანვარი). იმგვარი განმარტება, რომ ეს ხელშეკრულება დადებულია 2014 წლის 25 იანვრამდე, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ: 22,23).

33. იმავდროულად, საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების ნაწილში.

34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ (სსსკ-ის 407.2 მუხლი), აგრეთვე მტკიცების ტვირთის განაწილების თვალსაზრისითაც [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

35. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალის მქონე ფაქტობრივ გარემოებას (ამ გადაწყვეტილების პ-4), რომლის მიხედვით, 2013 წლის 17 ნოემბერს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საქონლისა და მოწყობილობების მიწოდების შესახებ №1711/13-I ხელშეკრულება (შემდეგში: ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულებად წოდებული), რომლის ძალითაც მიმწოდებელმა იკისრა 500 000 ლარის ღირებულების საქონლისა და მოწყობილობების მიწოდების ვალდებულება. მხარეები შეთანხმდნენ პროდუქციის ღირებულებაზე. მხარეთა შეთანხმების თანახმად ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე მიწოდებული საქონლის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 220 000 ლარზე მეტი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის მე-19, 327-ე, 477-ე მუხლების თანახმად მხარეთა შორის (გამყიდველი/მიმწოდებელი და მყიდველი) წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ითვალისწინებდა საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებას. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ნასყიდობის ფასი და ნასყიდობის საფასურის დროული გადახდის თაობაზე მყიდველის მოვალეობა.

36. სსკ-ის 477-ე მუხლისა და 361-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მყიდველის ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად და დათქმულ ვადაში. ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, რომელიც იპოთეკით დაიტვირთა გამყიდველის/მიმწოდებლის სასარგებლოდ ზღვრული თანხის ფარგლებში (ამ გადაწყვეტილების პპ- 5, 29) [სსკ-ის 286-ე და 153.1 მუხლები].

37. მყიდველის პრეტენზია ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულების და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ნაწილში იმ მოსაზრებას ეფუძნება, რომ მყიდველმა გადაიხადა (აანაზღაურა) მიწოდებული პროდუქციის და მოწყობილობების ღირებულება - 641 000 ლარი (იხ., სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები - ტ.1. ს.ფ. 2).

38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის მიერ მიღებული საქონლის (პროდუქციის) ღირებულების გამყიდველისათვის/მიმწოდებლისათვის გადახდა განეკუთვნება ფაქტის საკითხს, რომლის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელია გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება ვალდებულებითი ურთიერთობის კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება) შეწყვეტის შესახებ [სსკ-ის 427-ე მუხლი]. ამ დრომდე კი, კრედიტორის ფულადი მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ (დატვირთულ) უძრავ ნივთზე უნდა შენარჩუნდეს წარმოშობილი ვალდებულება (იპოთეკა) [სსკ-ის 286-ე და 153.1 მუხლები; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ და მე-11 მუხლის „ე“ პუნქტები].

39. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობისა და პროცესის მონაწილე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში, განისაზღვრება უშუალოდ დავის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის განმსაზღვრელი ნორმებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, საპროცესო სამართლებრივი ნორმით [მე-4 და სსსკ-ის 102-ე მუხლები]. მატერიალურ სამართალში მოწესრიგებული მტკიცების ტვირთის განაწილების წესი წარმოადგენს მტკიცების სპეციალურ სტანდარტს და ამდენად, უნდა შემოწმდეს რომელი გარემოებაა სადავო და განსაზღვრულია თუ არა შედავებული გარემოების მტკიცების სპეციალური სტანდარტი.

40. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ფაქტობრივი გარემოება ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის მიერ მიღებული საქონლის (პროდუქციის) ღირებულების გამყიდველისათვის/მიმწოდებლისათვის გადახდის შესახებ (იხ., ამ გადაწყვეტილების პ-38). ამ გარემოების მტკიცების ტვირთის პროცესის მონაწილე მხარეთა შორის არასწორი განაწილებაა კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიაც (იხ., საკასაციო საჩივარი - ამ გადაწყვეტილების პ- 22). აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების პროცესუალური დარღვევების საფუძველზე გამოტანის და შესაბამისად, მატერიალურსამართლებრივი კუთხით შედეგობრივი თვალსაზრისით მისი შეფასება წარმოადგენს საკასაციო პალატის შემოწმების საგანს [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციური შინაარსში, რომლის მიხედვით, „კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“. მითითებული დანაწესის ნორმატიული ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის – დასტურის გაცემა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა – მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და მათი შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირდება (იხ., სუსგ №ას-425-408-2016, 06 ივლისი, 2016 წელი პ-53. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საკითხების შესახებ დამატებით იხ., სუსგ 18.11.2013წ. საქმე №ას-391-370-2013, 01.07.2013წ. საქმე №ას-377-358-2013).

42. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოება მიღებული საქონლის (პროდუქციის) ღირებულების გამყიდველისათვის/მიმწოდებლისათვის გადახდის შესახებ მყიდველის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომლის სადავოობის შემთხვევაში, მხოლოდ მყიდველის ახსნა-განმარტება ვერ შეფასდება საკმარის მტკიცებულებად, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა შედავებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევას და მაშასადამე სარჩელის დაკმაყოფილებას.

43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

44. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

46. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

47. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

48. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

49. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

51. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

52. საგულისხმოა ისიც, სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით).

53. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება და ამავე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული სანივთო საშუალების გაუქმება წარმოადგენს [სსკ-ის 477-ე, 429.1, 361.3, 286. 153.3 მუხლები].

54. მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში მოპასუხემ უარყო მოვალისაგან შესრულების მიღება და მაშასადამე, ვალდებულების შესრულებით შეწყვეტილად აღიარება.

55. ამ გადაწყვეტილების პპ: 41-43 -ში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, აგრეთვე, სსსკ-ის 102-ე მუხლისა და სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ იმ პირს ევალება ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რომელსაც ვალდებულების შესრულებაში ედავებიან. მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველის (მოსარჩელის) წინაშე ვალდებულების შესრულების (ნასყიდობის თანხის გადახდის) მტკიცების ტვირთი მყიდველს (მოპასუხეს, მოვალეს) ეკისრებოდა, რაც მან ვერ შეასრულა და ვერ შეძლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის კრედიტორისათვის გადახდის დადასტურება (შდრ: № ას-76-72-2017, 31 ივლისი, 2017 წელი, პ-28).

56. მოვალეზე დაკისრებული მტკიცების ვალდებულების შეუსრულებლობა კი, განაპირობებს მის მიერ წარდგენილი სარჩელის უარყოფას (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ: 1, 2). კრედიტორის ფულადი მოთხოვნის შესრულებამდე კი, უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ (დატვირთულ) უძრავ ნივთზე უნდა შენარჩუნდეს წარმოშობილი ვალდებულება (იპოთეკა) [სსკ-ის 286-ე და 153.1 მუხლები; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ და მე-11 მუხლის „ე“ პუნქტები].

57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თუ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

58. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან დაუდასტურებელია ნასყიდობა-მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ნაწილის - 25785 ლარის გამყიდველისათვის გადახდის ფაქტი.

59. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია სააპელაციო საჩივარსა (150 ლარი + 885.52 ლარი - ტ.2. ს.ფ. 115, ტ.3. ს.ფ. 13) და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (1,289.25 ლარი - ტ.3. ს.ფ. 123) სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროთ პირველ და მეორე მოსარჩელეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,ი -ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება;

3. შპს ,,ბ -იას" და შპს ,,ჯ–სის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს ,,ბ -იასა" და შპს ,,ჯ–ს" დაეკისროთ შპს ,,ი -ის" სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 2324.77 ლარის გადახდა.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი