საქმე №ას-1026-946-2017 29 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „E. C. ....“
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ბ-ძე, მ. ქ-ი, ბ. ჯ-ია, ნ. პ-ი, ნ. კ-ძე
განმცხადებლის მოთხოვნა – შპს „E. C. ....-ის“ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიების – ყადაღის გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ბ-აძემ, მ. ქ-მა, ბ. ჯ-იამ, ნ. პ-მა და ნ. კ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შპს „E. C. ....-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ფ. ბ-ძემ, მ. ქ-მა, ბ. ჯ-იამ, ნ. პ-ის, ნ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „E. C. ....-ის“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრა 350 000 ლარის გადახდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად, რაც შპს „E. C. ....-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით შპს „E. C. ....-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „E. C. ....-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:
კასატორი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს ქ.თბილისში, ა. პ. ქ. №.... კორპუსში შემდეგი სახის სამუშაოები:
1. უზრუნველყოს ორი ერთეული სატვირთო ლიფტის ექსპლუატაციაში ჩაშვება;
2. ლიფტების სამანქანო ოთახებში დაამონტაჟოს ფანჯრები და სახურავზე გასასვლელი კარებები საკეტებით;
3. დაამონტაჟოს წყალშემკრებები და ჟოლობები;
4. მოაწყოს სახურავის აღმოსავლეთ ნახევარზე ბინების სავენტილაციო დგარები ეგრეთწოდებული „ბუხრები“.
5. შენობის გარე ფასადზე და მისადგომებზე შეასრულოს შემდეგი სახის სამუშაოები:
ა) შენობის მინუს პირველ და ბოლო სართულებზე დაასრულოს ლესვისა და სამღებრო სამუშაოები (ლესვა და ღებვა შენობის დანარჩენი ფასადის ტექსტურისა და ფერის შესაბამისად);
ბ) სადარბაზოებში შესასვლელი ცენტრალური კარები შეღებოს;
გ) სადარბაზოებში, პარკინგში ჩასასვლელი და კომერციულ ფართებში შესასვლელი კიბეები მოაპირკეთოს და დაამონტაჟოს მოაჯირები. პარკინგში ჩასავლელ კიბეებზე დასამონტაჟებელია დამცავი მოაჯირები (რომ არავინ ჩავარდეს) და მოახდინოს მისი გადახურვა;
6. სადარბაზოებში (ყველა სართულზე და ფოიეში) შეასრულოს შემდეგი სახის სამუშაოები:
ა) კედლების და ჭერის დაზიანებული ადგილების შევსება და შეღებვა (მხოლოდ დაზიანებული ადგილების);
ბ) იატაკზე დააგოს კერამოგრანიტის ფილები (მხოლოდ პირველი სართულის ფოიეში);
გ) კიბეების მოაჯირები დამაამუშაოს და შეღებოს;
დ) მეორე და მერვე სართულების ტამბურები მოაწყოს იმგვარად, რომ არ ხდებოდეს ნალექის დაგროვება.
ე) პირველი სადარბაზოს მეორე სართულის ტამბურზე მოაწყოს მოაჯირი, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.
7. მინუს ერთ სართულზე განთავსებული ავტოფარეხი მოაწყოს იმგვარად, რომ არ მოხდეს წყლის ჩადინება ავტომობილის ჩასასვლელიდან, შენობის გვერდებში განთავსებული კიბეებიდან, ავტოფარეხის სავენტილაციო ფანჯრებიდან თუ სხვა გზიდან. ამასთან მოახდინოს არსებული წყლის ამოტუმბვა.
8. მხარეები თანხმდებიან, რომ შესასრულებელი სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია პროექტით უნდა შესრულდეს პროექტის შესაბამისად, სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებულია საკანონმდებლო სპეციალური რეგულაციით და არა პროექტით, უნდა შესრულდეს საკანონმდებლო სპეციალური რეგულაციის შესაბამისად. ხოლო, სამუშაოები რომლებიც გათვალსიწიენბულია ამ მორიგების აქტით და არა პროექტით უნდა შესრუელდეს ასევე საკანონმდებლო სპეციალური რეგულაციის შესაბამისად.
9. სამუშაოების შესრულება დადასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. ექსპერტიზის განხორცილებეის პროცესის ჩატარებაში დაკვირვების განხორციელების და ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ როგორც კასატორ, ასევე მოწინააღმდეგე მხარეებს. ექსპერტიზის ხარჯს სრულად დაფარავს კასატორი.
10. სამუშაოების შესრულების ვადა არის 2018 წლის 10 ივლისი.
11. კასატორი იღებს ვალდებულებას არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა მიმართოს განცხადებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვოს შესრულებული სამუშაოების აღწერა, აგრეთვე, დარჩენილი სამუშოაების ღირებულების შეფასება (ასეთის არსებობის შემთვევაში).
12. იმ შემთხვევაში თუ კასატორი არ მიმართავს ექსპერტიზის ბიუროს წინამდებარე მორიგების მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მოწინააღმდეგე მხარეები უფლებამოსილნი არიან თვითონ მიმართონ ექსპერტიზის ბიუროს ანალოგიური განცხადებით. აღნიშნული უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად კასატორი იღებს ვალდებულებას 2018 წლის 10 იანვრამდე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5000 (ხუთი ათასი) ლარი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობა მოცემული მორიგების აქტის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება.
13. კასატორი იღებს ვალდებულებას, წინამდებარე 2018 წლის 10 იანვრამდე აუნაზღაუროს მოწინააღმდეგე მხარეებს პირველი ინსტანციის სასაართლოს ხარჯები სრულად, რაც შეადგენს 3 000 (სამი ათასი) ლარს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი:TBCBGE22, მიმღების ანგარიში: GE11 TB 7485 8450 6160 0001, მიმღების სახელი: ფ. ბ-ძე.
14. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზის აქტით დადგინდება, რომ სამუშაოები შესრულებულია არასრულად ან/და არაჯეროვნად, მოწინააღმდეგე მხარეების მოთხოვნის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხის ორმაგ ოდენობაზე ამოიწერება სააღსრულებლო ფურცელი, რაც წარმოადგენს იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველს შეუსრულებელი ან/და დამატებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ორმაგი ოდენობით კასატორისათვის დაკისრების თაობაზე (რაც იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, ერთმევა უფლება, მოითხოვოს დარჩენილი სამუშაოს შესრულება უშუალოდ კასატორისაგან).
15. მხარეებისათვის ცნობილია, რომ მორიგების შედეგად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით და გაუქმდება მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
16. კასატორის ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა გაუქმდეს მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებისთანავე, რაც დადგინდება ექსპერტიზის დასკვნით.
17. წინამდებარე მორიგება შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 7 (შვიდ) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა კასატორს, ხუთი გადაეცემა მოპასუხე მხარეებს, ერთი საქმის განმხილველ სასამართლოს.
მოცემული საქმის წარმოება შეწყდა და გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება; განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით; ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ კასატორის ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა გაუქმდება მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებისთანავე, რაც დადგინდება ექსპერტიზის დასკვნით.
2018 წლის 26 ნოემბერს შპს „E. C. ....-ის“ წარმომადგენელმა გ. ტ-ძემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 სექტემბრის №5006217518 და ამავე წლის 19 ოქტომბრის №5006689418 ექსპერტიზის დასკვნები და მოითხოვა შპს „E. C. ....-ის“ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის გაუქმება, აგრეთვე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე გარანტიის სახით განთავსებული 5000 ლარის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები შესრულებულია სრულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „E. C. ....-ის“ წარმომადგენელ გ. ტ-ძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 სექტემბრის №5006217518 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ არის შესრულებული საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების მხოლოდ მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული სამუშაოები, კერძოდ, სამუშაო, რომელიც მოიცავს პარკინგში ჩასასვლელ კიბეებზე გადახურვის მოწყობას და მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, სამუშაო, რომელიც მოიცავს მეორე და მერვე სართულების ტამბურების მოწყობას იმგვარად, რომ არ ხდებოდეს ნალექის დაგროვება, ხოლო დანარჩენ პუნქტებში მითითებული სამუშაოები დღეის მდგომარეობით შესრულებულია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №5006689418 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „P. L.-ის“ მიერ ქ.თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონის, ჯ. ქ. №...-ში ასაშენებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტით არ არის გათვალისწინებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტში მითითებული მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული სამუშაოები.
ამდენად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 სექტემბრის №5006217518 და ამავე წლის 19 ოქტომბრის №5006689418 ექსპერტიზის დასკვნებიდან ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები სრულად არ არის შესულებული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან შპს „P. L.-ის“ მიერ ქ.თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონის, ჯ. ქ. №...-ში ასაშენებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტით არ არის გათვალისწინებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტში მითითებული მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული სამუშაოები, შპს „E. C. ....“ არ არის ვალდებული შეასრულოს აღნიშნული სამუშაოები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების აქტის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ შესასრულებელი სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია პროექტით უნდა შესრულდეს პროექტის შესაბამისად, სამუშაოები, რომლებიც გათვალისწინებულია საკანონმდებლო სპეციალური რეგულაციით და არა პროექტით, უნდა შესრულდეს საკანონმდებლო სპეციალური რეგულაციის შესაბამისად. ხოლო, სამუშაოები რომლებიც გათვალისწინებულია ამ მორიგების აქტით და არა პროექტით, უნდა შესრულდეს ასევე საკანონმდებლო სპეციალური რეგულაციის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ შპს „E. C. ....-ის“ მიერ სრულად არის შესრულებული საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების აქტის პირობები, რაც მორიგების აქტის მე-16 პუნქტიდან გამომდინარე, იქნებოდა შპს „E. C. ....-ის“ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „E. C. ....-ის“ წარმომადგენელ გ. ტ-ძის მოთხოვნა, წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, ნაწილობრივ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „E. C. ....-ის“ წარმომადგენელ გიორგი ტიკაძის განცხადება შპს „E. C. ....-ის“ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების აქტის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირობების სრულად შესრულებამდე.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ე. გასიტაშვილი