გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-116-67-კს-03 17 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს “.. ..-ის” წერილობითი შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 26 თებერვალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1999წ. 24 ნოემბერს უდავო წარმოების წესით მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი და სს “.. ..” ცნობილ იქნა სახელმწიფოს კუთვნილი სილიკომანგანუმის მეორადი ნარჩენების მესაკუთრედ, სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი განთავსებული.
განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო იყო და უნდა გაუქმებულიყო, რადგანაც იგი ეწინააღმდეგებოდა “წიაღის შესახებ” კანონს, რომლის 1.1 მუხლით დადგენილია, რომ “წიაღის შესახებ” კანონი არეგულირებს ნებისმიერი სახის სასარგებლო წიაღისეულის, მომპოვებელ და გადამამუშავებელ წარმოებათა ნარჩენების გამოყენების, შენახვისა და დაცვის პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს. იმავე კანონის 2.1 მუხლით სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენები, სადაც არ უნდა იყოს იგი განთავსებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რის გამოც ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე, თანაც უდავო წარმოების წესით დაედგინა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი და სს “.. ..” ეცნო სილიკომანგანუმის წიდების მესაკუთრედ.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ “წიაღის შესახებ” კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ბათილია ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ კანონს. აქედან გამომდინარე, ბათილი უნდა ყოფილიყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაც, რომელიც თავისი შინაარსით ხელყოფდა წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას.
განცხადებაში მითითებული იყო, რომ სს “.. ..-ს” სილიკომანგანუმის ნარჩენების საკუთრებასთან დაკავშირებით არავითარი მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, რადგან სილიკომანგანუმით დაფარული ტერიტორიები მას სარგებლობის არანაირი ფორმით არ ჰქონდა გამოყოფილი.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სს “.. ..-ს” სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ არ მიუმართავს შესაბამისი ლიცენზიის ასაღებად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და ფარულად ეწეოდა სილიკომანგანუმის წიდების უკანონო მოპოვებას.
განმცხადებლის განმარტებით, სსკ-ს თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლო ვალდებული იყო, არა უდავო, არამედ საერთო სასარჩელო წესით განეხილა ზემოთ აღნიშნული საქმე და სახელმწიფო, კონკრეტულ შემთხვევაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, როგორც სილიკომანგანუმის ნარჩენების მესაკუთრე, ჩაერთო საქმეში მხარედ, რაც არ გაუკეთებია. ამით კი დაირღვა მესაკუთრის უფლებები.
განმცხადებელმა განცხადებით ითხოვა, სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
ამავე სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის განჩინებით სს “.. ..-ის” განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე დარჩა განუხილველად და მხარეებს განემარტათ, რომ მათ ჰქონდათ სარჩელის საერთო საფუძველზე სასამართლოში წარდგენის უფლება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის განჩინებაზე სს “.. ..-მ” შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2003წ. 21 აპრილს სს “.. ..-მ” უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და ითხოვა: 1. მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სს “.. ..-ს” ნება დართვოდა განეგრძო წიდასაყრელზე განთავსებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვება და მათით სარგებლობა; 2. სხვა პირებს და ორგანიზაციებს აკრძალვოდათ წიდასაყრელზე განთავსებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვება და მათით სარგებლობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის განჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიებების მიღების შესახებ სს “.. ..-ის” განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2003წ. 30 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა სს “.. ..-ის” სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის განჩინებაზე და დატოვა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 430-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არც სააპელაციო და არც კერძო საჩივრით არ საჩივრდება.
სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “.. ..-მ” და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ივნისის განჩინებით სს “.. ..-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოცემული კერძო საჩივრის განხილვისათვის მომზადების პერიოდში სს “.. ..-მ” საკასაციო სასამართლოს მიმართა წერილობითი შუამდგომლობით, რომლითაც უარი თქვა სააპელაციო და კერძო საჩივრებზე, რის გამოც ითხოვა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო სს “.. ..-ის” შუამდგომლობას კერძო საჩივარზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. თუ მოსარჩელემ სარჩელზე თქვა უარი ზემდგომი ინსტანციების სასამართლოში, შეწყდება საქმის წარმოება და შესაბამისად გაუქმდება მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
სააპელაციო ან საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი სასამართლო შეწყვეტს სააპელაციო ან საკასაციო წარმოებას, მაგრამ უცვლელად რჩება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.
სსკ-ს მე-7 მუხლით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის თანახმად, კერძო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყდება კერძო საჩივრის წარმოება და უცვლელად დარჩება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სს “.. ..-ის” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს მე-7, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს სს “.. ..-ის” შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმისა და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს კერძო საჩივრის წარმოება;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისისა და 19 ივნისის განჩინებები;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.