Facebook Twitter

საქმე №ას-1324-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაუბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ. ჩ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ–ის (შემდგომ – აპელანტი მოპასუხე), ი. გ–ის (შემდგომ – მოპასუხე) და ინდივიდუალური საწარმო „პ–ის“ (შემდგომ – საწარმო) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის 2004 წლის 23 იანვარს სანოტარო წესით უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 18 მარტს მოსარჩელემ შპს-საგან შეიძინა 1000 კვ.მ უძრავი ქონება. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 3 000 ლარს. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2014 წელს მოსარჩელემ შეიტყო, რომ აპელანტი მოპასუხე პრეტენზიას აცხადებდა მის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

3. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1999 წლის 3 დეკემბერს მოპასუხე და საწარმო გახდნენ შპს-ს საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების მესაკუთრენი, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ივნისის №-- წერილის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ მათ საკუთრებად საჯარო რეესტრმა უძრავი ნივთი უკანონოდ აღრიცხა. წარდგენილი არ ყოფილა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. 2004 წლის 23 იანვარს მოპასუხემ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა თავის დას – აპელანტ მოპასუხეს. რეალურად მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, იგი წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და რეალური იურიდული შედეგის მიღწევას მიზნად არ ისახავდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრციო სამსახურის 1999 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ დარჩა ძალაში.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად, რაც მოპასუხეება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1836 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

9. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა მოპასუხემ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 48-ე მუხლით და დაადგინა, რომ აპელანტს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტს არ მოუთხოვია ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, რასაც სააპელაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ განახორციელებდა, ამდენად, ამავე ნორმის მეხუთე ნაწილის საფუძველზე არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წანამძღვრები.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაუბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იშუამდგომლა როგორც საკუთარი, ისე მეორე მოპასუხის სახელით. სააპელაციო პალატამ კი იმსჯელა მხოლოდ მის მოთხოვნაზე. მხარემ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივითაც შეეძლო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება და ამისათვის სპეციალური შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ იყო.

14. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მის პირველად მოთხოვნას წარმოადგენდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის თავდაპირველადვე განუხილველად დატოვება უსაფუძვლო იყო და აღნიშნულით შეილახა მოპასუხის სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1836 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა შეიტანა განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმ მოტივით, რომ ორივე მოპასუხე ხანდაზმული პენსიონერი პირები არიან და მითითებული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდას ვერ შეძლებენ, თუმცა ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელება აპელანტებს არ მოუთხოვიათ (ტომი 2, ს.ფ 310).

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია. მართალია, განცხადების ტექსტში აპელანტი საუბროს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა დასაწყისშივე განცხადება დასათაურებულია საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ კორესპონდენციად.

22. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მითითება გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოითხოვდა მისთვის დამატებითი ვადის მიცემას ხარვეზის გამოსწორებისათვის.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის სრულად გადავადებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

24. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

26. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

27. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

28. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

29. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები.

32. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ მისი ოჯახი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მის მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი.

33. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმაზე მითითებით, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება სასამართლოსათვის არ მოუთხოვია მაშინ, როდესაც აპელანტი განცხადებაში უთითებდა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე