Facebook Twitter

საქმე №ას-1262-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ა-ე, ქ. რ-ე, რ. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ს-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ის (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე), ქ. რ-ისა და რ. ა-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების შეწყვეტა, მოპასუხეთათვის სოლიდარულად დავალიანების – 22,266.67 აშშ დოლარის დაკისრება და გადაწყვეტილების აღსასრულებლად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეთა სხვა ქონებებზე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელ მოპასუხესთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება. სესხი უზრუნველყოფილ იქნა თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით.

3. მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს და, არაერთგზის ზეპირი თუ წერილობითი სახით გაფრთხილების მიუხედავად, რათა თანხა არ გადაიხადეს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები უნდა შეწყდეს. მათ განმარტეს, რომ №-- ხელშეკრულებით გამოტანილი სესხი – 18.500 აშშ დოლარი დაიხარჯა მიზნობრივად, კერძოდ, ჩამოყალიბდა სწრაფი კვების ობიექტი და გადაიფარა ამავე ობიექტთან დაკავშირებით ადრე მიღებული უფრო მაღალპროცენტიანი საკრედიტო ვალდებულებები. ქვეყანაში შექმნილმა საერთო ეკონომიკურმა მდგომარეობამ გათვლილი შემოსავალი საგრძნობლად შეამცირა, რის გამოც შეუძლებელი გახდა მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების – ყოველთვიურად 492 აშშ დოლარის გადახდის შესრულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის მიხედვით სესხის მოცულობა განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით ან ბანკში დადგენილი კომერციული კურსი ეკვივალენტ სხვა ვალუტაში, მოქმედების ვადა იყო 120 თვე, 0.5%-დან 48%-მდე საპროცენტო სარგებლით.

8. 2015 წლის 15 სექტემბერს მათ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სესხის სახით გაიცა 18 500 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში. ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი იყო წლიური 6-თვიან LIBOR განაკვეთს დამატებული 12% მინიმუმ 9%. კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო – 1%.

9. 2015 წლის 9 და 15 სექტემბერს მოპასუხეებთან გაფორმდა თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები.

10. 2015 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა №3041200 საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია დანარჩენ მოპასუხეებთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით. ამასთან, მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელსა და თავდებებს წარმოეშვათ ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი მიმდინარე საკრედიტო ვალდებულება (ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკიდან ჩამორჩენა) შეადგენდა სულ 549.37 აშშ დოლარს.

11. 2016 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებელი მოპასუხის დავალიანება შეადგენს 22.266.67 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 17286,28 აშშ დოლარი, პროცენტი – 1788.72 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 3191.67 აშშ დოლარი.

12. 2016 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია მსესხებელი მოპასუხის საკუთრება.

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ არის ეკონომიურად შეჭირვებულ მდგომარეობაში, პირგასამტეხლო მაღალია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს. ისინი აცხადებენ, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, გასაჩივრებულ ნაწილში სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები.

16. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ – სსკ) 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ 0.5 პროცენტიდან თავად შეამცირა მოთხოვნა და პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეთათვის 3191.67 აშშ დოლარის დაკისრება ითხოვა.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავალიანების ოდენობისა და, რაც მთავარია, ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხეთათვის 3191.67 აშშ დოლარის დაკისრება გონივრულია, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მოპასუხეებისათვის მისი დაკისრება, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, აპელანტის მითითება აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე დაუსაბუთებელია.

19. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებს თუ რატომ არ უნდა დაეკისროს პიგასამტეხლო, მაშინ როცა პირგასამტეხლო მოსარჩელესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით თავიდანვე გათვალისწინებული იყო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტიც სადავოდ არ გამხდარა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

21. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკა (საქმე №ას-1338-1376-2014) და არ შეაფასა, რამდენად კეთილსინდისიერად განახორციელა მოსარჩელემ საკუთარი უფლებები მოპასუხეთა მიმართ.

22. კასატორთა მოსაზრებით, მოსარჩელემ არასწორად მოსთხოვა მათ 22 266,67 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 3191,67 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ დააკისრა კასატორებს დამატებით პირგასამტეხლოს გადახდაც.

23. კასატორებმა განმარტეს, რომ ასევე არასწორია სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, რადგან აღნიშნული უძრავი ნივთი მოპასუხეთა ერთადერთ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. ამასთან, მისი ღირებულება არსებულ დავალიანებას საგრძნობლად აღემატება.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის მიხედვით სესხის მოცულობა განისაზღვრა 150.000.00 აშშ დოლარით ან ბანკში დადგენილი კომერციული კურსი ეკვივალენტ სხვა ვალუტაში, მოქმედების ვადა იყო 120 თვე, 0.5%-დან 48%-მდე საპროცენტო სარგებლით.

27. 2015 წლის 15 სექტემბერს მათ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სესხის სახით გაიცა 18 500 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში. ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი იყო წლიური 6-თვიან LIBOR განაკვეთს დამატებული 12% მინიმუმ 9%. კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო – 1%.

28. 2015 წლის 9 და 15 სექტემბერს მოპასუხეებთან გაფორმდა თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები.

29. 2015 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა №3041200 საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია დანარჩენ მოპასუხეებთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით. ამასთან, მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მსესხებელსა და თავდებებს წარმოეშვათ ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი მიმდინარე საკრედიტო ვალდებულება (ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკიდან ჩამორჩენა) შეადგენდა სულ 549.37 აშშ დოლარს.

30. 2016 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებელი მოპასუხის დავალიანება შეადგენს 22.266.67 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 17286,28 აშშ დოლარი, პროცენტი – 1788.72 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 3191.67 აშშ დოლარი.

31. 2016 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია მსესხებელი მოპასუხის საკუთრება.

32. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში იმ მოტივით, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

35. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

37. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

38. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

40. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

41. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

42. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

43. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

44. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

45. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება. მოპასუხეებმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვიეს და წარმოეშვათ პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრათ მათ სადავო თანხის ანაზღაურება.

46. აქვე აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა თავად მოსარჩელის მიერ იქნა შემცირებული გონივრულ ოდენობამდე.

47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ა–ი ა-ის მიერ (ბანკში შესვლის თარიღი – 08/10/2018, შესრულების თარიღი – 09/10/2018) №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 418 ლარის 70% – 292,6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის, ქ. რ-ისა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს ა. ა-ეს (პირადი №--), ქ. რ-ესა (პირადი №--) და რ. ა-ეს (პირადი №-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ა–ი ა-ის მიერ (ბანკში შესვლის თარიღი – 08/10/2018, შესრულების თარიღი – 09/10/2018) №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 418 ლარის 70% – 292,6 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური