Facebook Twitter

საქმე №ას-1052-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ბ–ვილი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ-ა“ (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ს. ბ–ვილი (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დ -ას“ (შემდეგში: მოპასუხე სსიპ-ი ან აპელანტი) დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N2353-კ ბრძანების საფუძველზე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის შემოწმების სამმართველოს უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე.

2. მხარეთა შორის, 2014 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თუ მხარეები გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე უარს არ განაცხადებდნენ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე, ხელშეკრულება იმავე პირობებით, ავტომატურად გაგრძელდებოდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

3. სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა იმავე წლის 31 დეკემბრამდე.

4. სსიპ-ს გენერალური დირექტორის 2014 წლის 31 დეკემბრის N3686-კ ბრძანების საფუძველზე, ს. ბ–ვილთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 01 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სსიპ-ს მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) მოპასუხე სსიპ-ს 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანების (შემდეგში: სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე მუხლი]; ბ) მოპასუხე სსიპ-ს შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის შემოწმების სამმართველოს უფროსი კონტროლიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა [საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი].

6. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელემ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უსაფუძვლობა დაასახელა, სახელდობრ, აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მოტივაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სხვადასხვაგვარი იყო. ერთი მხრივ, დასაქმებულის მოთხოვნით დამსაქმებლის მიერ გაცემულ წერილობით დასაბუთებაში მოსარჩელის გათავისუფლების მიზეზად მიეთითა ხელშეკრულების ვადის გასვლა [სშკ-ის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი], ხოლო ზეპირსიტყვიერად, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორმა პირმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენდა საწარმოში არსებული დარღვევების შესახებ მოსარჩელის მიერ ინფორმაციის შესაბამისი პირისათვის მიუწოდებლობა.

7. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შედავებაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დაასახელა ხელშეკრულების ვადის გასვლა, სახელდობრ, განმარტა, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2014 წლის 31 დეკემბერს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ-ის 2014 წლის 31 დეკემბრის N36863 ბრძანება მოსარჩელესთან შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ-ს შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის შემოწმების სამმართველოს უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე.

9. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების არამართლზომიერება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებაში იმით დაასაბუთა, რომ მოსარჩელე დაკავებულ თანამდებობაზე გამოსაცდელი 3 თვიანი ვადით დაინიშნა 2014 წლის 15 სექტემბრიდან, რომელიც იწურებოდა 2014 წლის 15 დეკემბერს. ვინაიდან გამოსაცდელი ვადის ამოწურვის დროისათვის - 2014 წლის 15 დეკემბერი, შრომითი ხელშეკრულება არ შეწყდა, არამედ გაგრძელდა, ივარაუდება, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით [სშკ-ის მე-6 მუხლი]. იმავდროულად, საქალაქო სასამართლომ უგულვებელყო დამსაქმებლის მოტივაცია ვადიანი შრომითი ურთიერთობის არსებობასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ სშკ-ის ახლებური რედაქციით ხანმოკლე შრომით ურთიერთობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; შესასრულებელია სეზონური სამუშაო; სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას) დაიშვებოდა [სშკ-ის მე-6 მუხლის 12 მუხლი].

10. მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების შედეგად მოცემულ საქმეზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და 2016 წლის 30 მარტის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად უკან დაუბრუნა საქალაქო სასამართლოს იმ მოტივაციით, რომ საქმის განხილვის დროს საქალაქო სასამართლო გასცდა სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს და მიუხედავად იმისა, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვდა მისი მხრიდან შრომითი მოვალეობების დარღვევის არარსებობაზე მითითებით, იმსჯელა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობასა და ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიჩნევის პროცესუალურ საკითხზე [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) მე-3, მე-4 და 393.3 მუხლები].

11. თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მიერ მოგვიანებით, წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელზე, რომელიც სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 07 სექტემბერს, რომელშიც მოსარჩელემ ამ განჩინების პ - 5-ში მითითებული თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნებთან ერთად აგრეთვე მოითხოვა მოპასუხე სსიპ-თვის განაცდურის დაკისრება 2015 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 1248 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) [სშკ-ის 44-ე და სსკ-ის 412-ე მუხლი]. გარდა ამისა, ფაქტობრივ საფუძვლებთან ერთად (იხ., ამ განჩინების პ-6) დაზუსტებულ სარჩელში მიეთითა სახელშეკრულებო ურთიერთობის უვადოდ არსებობის თაობაზე, რაც ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვეტის მართლზომიერებას გამორიცხავდა (იხ., დაზუსტებული სარჩელი - ტ.2. ს.ფ. 90).

12. მოპასუხემ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება წარმოადგინა, რომელშიც სახელშეკრულებო ურთიერთობის უვადოდ არსებობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მითითება სამართლის და არა ფაქტის საკითხად მიიჩნია. გარდა ამისა, მოპასუხე არ დაეთანხმა დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნის გაზრდას და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოში საქმე იხილებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაბრუნებული მითითებების შესაბამისად. მოპასუხემ კი ივარაუდა, რომ საქმის ხელახლა განხილვის ეტაპზე შეეძლო მოთხოვნის გაზრდა, თუმცა, მოპასუხეს მიაჩნდა, რომ მოსამზადებელი სხდომის მიზანი არა მოთხოვნის გაზრდა, არამედ, მოთხოვნების ფაქტობრივი გარემოების დასაბუთებას [სსსკ-ის 83.2 მუხლი] (იხ., დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი - ტ.2. ს.ფ. 119, 122).

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ იმსჯელა დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნებზე (იხ., ამ განჩინების პპ; 5, 11) და 2017 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ-ს შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად 1248 ლარის ოდენობით 2015 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

14. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 16 დღით შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრის ნაწილში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სსკ-ის 6.12 ნაწილს და სსკ-ის 54-ე მუხლს, რაც ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

15. სსიპ-ს შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, როგორც ფუნქციური მოვალეობების, ისე, ხელფასის ოდენობის მიხედვით, არის შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს წარმოდგენილი არ ჰქონდა.

16. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით და სარჩელი უარყოფილი იქნა.

17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1-4-ში მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

18. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის საპროცესოსამართლებრივ დასაშვებობაზე (იხ., ამ განჩინების პ - 11) და მიიჩნია, რომ 2017 წლის 7 სექტემბერს წარდგენილ „დაზუსტებულ სარჩელში“ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოება (მე-6 ფაქტობრივი გარემოება) ვერ განიხილება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებად ან დაკონკრეტებად, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულით შეიცვალა სარჩელის საფუძველი, ვინაიდან, თუ თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე ითხოვდა ბრძანების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ არ დაურღვევია შრომითი ხელშეკრულების პირობები, დაზუსტებული სარჩელით მან მოითხოვა ბრძანების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რაც არსებითად განსხვავებული საფუძველია და სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოპასუხის თანხმობას საჭიროებდა. ვინაიდან სარჩელის შეცვლილი საფუძვლის მიმართ (დაზუსტებული სარჩელის მე-6 ფაქტობრივი გარემოება) მოპასუხის თანხმობა არ არსებობდა, სააპელაციო პალატა შემოიფარგლა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის თავდაპირველი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებით.

19. თავდაპირველი სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა სარჩელით სადავო არ იყო, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა დამსაქმებელს უქმნიდა კანონიერ საფუძველს გაეთავისუფლებინა დასაქმებული (მოსარჩელე) დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

21. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოა როგორც მატერიალურსამართლებრივი ასევე პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო რიგ შემთხვევებში, არასწორად განმარტა კანონი.

22. კასატორი აღნიშნავს, რომ 2015 წელს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და სარჩელში დავის საგანი იყო სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა. დავის არსის მიმოხილვაში მოსარჩელეს მითითებული ჰქონდა, რომ სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა ვადის გასვლის საფუძვლით. იქვე ეწერა, რომ რეალური საფუძველი იყო უფროსის სურვილები (რასაც უმრავლეს შემთხვევაში, აქვს ადგილი ამ კატეგორიის დავებზე).

23. სარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული იყო, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ბრძანებით და დართულია ბრძანება, რომლითაც შეწყდა ვადის გასვლის საფუძვლით. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნა.

24. ამდენად, სადავოდაა ქცეული სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, რომელიც გამოცემულია ვადის გასვლის საფუძვლით, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სადავოდაა გამხდარი ბრძანების გამოცემის საფუძველი, როგორც სამართლებრივი საფუძველი და არა რეალური საფუძველი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისა.

25. სარჩელზე შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხემ, რომლითაც სარჩელი არ ცნო. პირველ ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მართლაც ვადის გასვლის საფუძვლით მოხდა დასაქმებულის გათავისულება. იმავდროულად, მოპასუხემ უარყო გათავისუფლების საფუძვლად მოსარჩელის მიერ დასახელებული პირადული საუბრები მაშინ, როდესაც გათავისუფლების საფუძველი მითითებულია (ვადის გასვლა). საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისად, ვადის გასვლის საფუძვლით მისი მოშლა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას.

26. კასატორი იმასაც უთითებს, რომ საქმის ხელახლა საქალაქო სასამართლოში დაბრუნებისას დაინიშნა რა მოსამზადებელი სხდომა, მოსარჩელემ ისარგებლა შემთხვევით და დაზუსტებული სარჩელით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა აგრეთვე, განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ დაზუსტებული სარჩელი მიიღო წარმოებაში დაუბრკოლებლად. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, როცა წარმოებაში მიიღო ამ რედაქციის სარჩელი, რადგან ამით არ დარღვეულა საპროცესო კანონმდებლობის მიზნები და მოთხოვნები, პირიქით, ხელი შეეწყო სასამართლოს ეკონომიურობასა და ეფექტურობას. კასატორს მიაჩნია, რომ დაზუსტებული სარჩელი ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ მხარე აზუსტებს ფაქტებს ან მოთხოვნებს. დაზუსტებული სარჩელით შესაძლოა მოთხოვნის გაზრდა ან შემცირებაც, ფაქტების შეცვლის გარეშე.

27. კასატორი უთითებს, რომ სარჩელის დაზუსტებით მოსარჩელემ გაზრდა სასარჩელო მოთხოვნა - მოითხოვა განაცდური და ასევე, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად დააკონკრეტა/დააზუსტა ის გარემოება, თუ რატომ ხდიდა სადავოდ ბრძანებას. ამით ერთგვარად აიხსნა ისიც, თუ რას გულისხმობდა მოსარჩელე ბრძანების ფაქტობრივი საფუძვლის (ვადის გასვლა) მიღმა არსებულ სხვა საფუძვლებში (უფროსის პირადი სურვლები), რომელსაც რეალურად არანაირი სამართლებრივი კავშირი ამ დავასთან არ აქვს და ვერც ექნება. დაზუსტებულ სარჩელში ახალ ფაქტებზე მითითების საჭიროება არც იყო.

28. მოპასუხემ დაზუსტებული სარჩელის შესაგებელში სადავოდ გახადა მე-6 ფაქტობრივ გარემოებაზე მოსარჩელის მითითება და აღნიშნა, რომ ეს არ არის ფაქტობრივი გარემობა, ეს არის მხარის სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, მოპასუხემ დაზუსტებული სარჩელის მე-6 ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება სადაოდ არ გახადა, უბრალოდ აღნიშნა, რომ ეს არ იყო ფაქტობრივი გარემობა.

29. მოპასუხემ შესაგებლით სადავოდ გახადა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა და არა რაიმე სახით მოთხოვნის დაზუსტება და ა.შ. სააპელაციო საჩივარშიც (ფაქტობრივ გარემოებებში) აპელანტმა სადავოდ გახადა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც გაიზარდა მოთხოვნა და მოითხოვა განაცდურის ანაზღაურება. სააპელაციო საჩივარში ერთი სიტყვითაც კი არ არის დაფიქსირებული შედავება მოსარჩელის მიერ ფაქტების დაზუსტებასა თუ სარჩელის საფუძვლის შეცვლასთან დაკავშირებით. მხოლოდ შედავებულია მე-3 სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც განაცდურია მოთხოვნილი.

30. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების შემდეგ პირველ ინსტანციაში ჩატარდა ორი სხდომა და ორივე სხდომაზე მხარეთა შედავება შეეხებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საკითხს.

სამოტივაციო ნაწილი:

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

32. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი მოტივაციით:

33. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

34. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

35. მოსარჩელე მოპასუხე სსიპ-ის დირექტორის 2014 წლის 15 სექტემბრის N2353-კ ბრძანების საფუძველზე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის შემოწმების სამმართველოს უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე.

36. მხარეთა შორის, 2014 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თუ მხარეები გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე უარს არ განაცხადებდნენ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე, ხელშეკრულება იმავე პირობებით, ავტომატურად გაგრძელდებოდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

37. სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა იმავე წლის 31 დეკემბრამდე.

38. სსიპ-ს გენერალური დირექტორის 2014 წლის 31 დეკემბრის N3686-კ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 01 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

39. მოსარჩელემ სადავო გახადა სამსახურიდან მისი გათავისუფლება.

40. მოსარჩელემ დაიწყო სამართლებრივი დავა შრომითი უფლების დასაცავად და პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი თავდაპირველი სარჩელით მოითხოვა: ა) სადავო ბრძანების ბათილად ცნობა [სსკ-ის 54-ე მუხლი]; ბ) მოპასუხე სსიპ-ს შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის შემოწმების სამმართველოს უფროსი კონტროლიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა [სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი] (ამ გადაწყვეტილების პ-5).

41. თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სსიპ-ის 2014 წლის 31 დეკემბრის N36863 ბრძანება მოსარჩელესთან შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ-ს შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის შემოწმების სამმართველოს უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რასაც სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაედო იმგვარი მოტივაცია, რომ საქმის განხილვის დროს საქალაქო სასამართლო გასცდა სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს და მიუხედავად იმისა, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვდა მისი მხრიდან შრომითი მოვალეობების დარღვევის არარსებობაზე მითითებით, იმსჯელა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობასა და ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიჩნევის პროცესუალურ საკითხზე [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) მე-3, მე-4 და 393.3 მუხლები] (ამ გადაწყვეტილების პ-10). საგულისხმოა, რომ 2017 წლის 01 ნოემბერს, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნამსჯელი იქნა რა დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნებზე (იხ., ამ განჩინების პპ; 5, 11) სარჩელი დააკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების შედეგად კვლავ გახდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი (იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ).

42. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრი დასაბუთებულია იმ ნაწილში, რომლითაც სადავოა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება ვადის გასვლის სამართლებრივი საფუძვლით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ სასამართლოში აღძრულ მოთხოვნაზე, რომელსაც როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოადგენდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაო ადგილზე დაბრუნება (იხ., ამ გადაწყვეტილების პ-5). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო სამართილს ნორმა, როდესაც იმსჯელა სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისთვის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის სამართლებრივ საკითხზე და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების არამართლზომიერება იმით დაასაბუთა, რომ მოსარჩელე დაკავებულ თანამდებობაზე გამოსაცდელი 3 თვიანი ვადით დაინიშნა 2014 წლის 15 სექტემბრიდან, რომელიც იწურებოდა 2014 წლის 15 დეკემბერს. ვინაიდან გამოსაცდელი ვადის ამოწურვის დროისათვის - 2014 წლის 15 დეკემბერი, შრომითი ხელშეკრულება არ შეწყდა, არამედ გაგრძელდა და წარმოიშვა პრეზუმცია, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით [სშკ-ის მე-6 მუხლი]. საქალაქო სასამართლომ უგულვებელყო დამსაქმებლის მოტივაცია ვადიანი შრომითი ურთიერთობის არსებობასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ სშკ-ის ახლებური რედაქციით ხანმოკლე შრომით ურთიერთობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; შესასრულებელია სეზონური სამუშაო; სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას) დაიშვებოდა [სშკ-ის მე-6 მუხლის 12 მუხლი].

43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ი პრინციპების სახით უზრუნველყოფს ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვას, რაც იწყება უშუალოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად [სსსკ-ის მე-2 მუხლი]. ფუძემდებლური პრინციპებითაა უზრუნველყოფილი პირის უფლება და ვალდებულება განსაზღვროს სასამართლო დავის საგანი [სსსკ-ის მე-3 მუხლი]. ამ პრინციპების კონკრეტულ გამოხატულებას ვხვდებით სსსკ-ის 178-ე მუხლის დისპოზიციურ დანაწესში, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები და სხვა [სსსკ-ის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“, „ე“]. თავის მხრივ, სასამართლო შებოჭილია სარჩელის მოთხოვნის ფარგლებით და უფლებაშეზღუდულია მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა [სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები]. სხვა საკითხია მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით. შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

44. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

45. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

46. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ყველა ინსტანციაში მხარს უჭერდა მოთხოვნას სადავო ბრძანების ბათილად ცნობის [სსკ-ის 54-ე მუხლი] და მოპასუხე სსიპ-ს შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის შემოწმების სამმართველოს უფროსი კონტროლიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ [სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი] (ამ გადაწყვეტილების პ-5) ნაწილში. საგულისხმოა, რომ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელემ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უსაფუძვლობა დაასახელა, სახელდობრ, აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მოტივაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სხვადასხვაგვარი იყო. ერთი მხრივ, დასაქმებულის მოთხოვნით დამსაქმებლის მიერ გაცემულ წერილობით დასაბუთებაში მოსარჩელის გათავისუფლების მიზეზად მიეთითა ხელშეკრულების ვადის გასვლა [სშკ-ის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი], ხოლო ზეპირსიტყვიერად, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორმა პირმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენდა საწარმოში არსებული დარღვევების შესახებ მოსარჩელის მიერ ინფორმაციის შესაბამისი პირისათვის მიუწოდებლობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, თავისი საპროცესო ვალდებულების ფარგლებში და სწორად შეასრულა საპროცესო მოქმედება, რაც გამოიხატა სარჩელის მოთხოვნისა დავის ფაქტობრივი გარემოებების {სსსკ-ის მე-2, მე-3, მე-4, 178-ე, 102-ე მუხლები; აგრეთვე იხ., ამ გადაწყვეტილების პ-43-ში მოცემული საკასაციო პალატის მითითება} მითითებაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სადავო გახადა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მიიჩნია რა იგი უსაფუძვლოდ და იმავდროულად დაასახელა, რომ არ ეთანხმებოდა ბრძანების საფუძველს, რასაც განსახილველ შემთხვევაში, წარმოადგენდა ხელშეკრულების ვადის გასვლა [სშკ-ის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი].

47. მაშასადამე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი თითქოს მოსარჩელემ სადავოდ არ გახადა ხელშეკრულების ვადის გასვლის ფაქტობრივი საფუძველი, მოკლებულია დასაბუთებას. საგულისხმოა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სამართლებრივი შეფასების საკითხს, რაშიც სასამართლო, როგორც ამ გადაწყვეტილების პ- 44-შია აღნიშნული, შეუზღუდავია მხარეთა მითითებებისაგან.

48. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თუ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელესთან შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის ნაწილში.

50. გარდა ამისა, კასატორის პრეტენზია იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასაც შეეხება. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მიერ მოგვიანებით, წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელზე, რომელიც სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 07 სექტემბერს, რომელშიც მოსარჩელემ ამ განჩინების პ - 5-ში მითითებული თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნებთან ერთად აგრეთვე მოითხოვა მოპასუხე სსიპ-თვის განაცდურის დაკისრება 2015 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 1248 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) [სშკ-ის 44-ე და სსკ-ის 412-ე მუხლი] (იხ., დაზუსტებული სარჩელი - ტ.2. ს.ფ. 90). მოპასუხემ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი შედავებით სადავოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის პროცესუალური უფლება და მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო უკან დააბრუნებს საქმეს პირველ ისტანციაში ხელახლა განსახილველად მოსამზადებელი სხდომის მიზანი არა მოთხოვნის გაზრდა, არამედ, მოთხოვნების ფაქტობრივი გარემოების დასაბუთებაა [სსსკ-ის 83.2 მუხლი] (იხ., დაზუსტებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი - ტ.2. ს.ფ. 119, 122).

51. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ იმსჯელა დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნებზე (იხ., ამ განჩინების პპ; 5, 11) და 2017 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 1248 ლარის ოდენობით 2015 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაკმაყოფილდა.

52. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 1248 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საპირწონედ, კასატორმა დასაბუთებული საკასაციო შედავება ვერ წარმოადგინა.

53. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სსსკ-ის 83 -ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.

55. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მას შემდეგ წარუდგინა, რაც საქმე სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების შედეგად განსახილველად უკან დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან და სსსკ-ის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე შეზღუდული იყო საპროცესო უფლებით გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ სარჩელში მითითებულ მოთხოვნებთან ერთად დაზუსტებული სარჩელით აგრეთვე მოეთხოვა იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრება (იხ., ტ.2. ს.ფ. 88-99). ამ ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებაზე, რომლის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). სსსკ-ის საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

56. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

57. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის მიერ 2017 წლის 07 სექტემბერს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1248 ლარის დაკისრების ნაწილში 2015 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, უნდა დარჩეს განუხილველად.

58. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილებულია ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში, კასატორის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი (100+300 - ტ.1. ს.ფ. 15, 16; ტ.2.) სახელმწიფო ბაჟი 400 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. ს. ბ–ვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. ბ–ვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ-ას“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 31 დეკემბრის N36863 ბრძანება ს. ბ–ვილისათვის შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ს. ბ–ვილი აღდგენილ იქნეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ-ას“ შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე;

5. დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ-ასათვის“ ს. ბ–ვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 1248 ლარის ოდენობით 2015 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დარჩეს განუხილველად.

6. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ-ას“ ს. ბ–ვილის სასარგებლოდ დაეკისროს 400 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე