Facebook Twitter

საქმე №ას-955-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ფ. ფ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ც–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ვალდებულების მოცულობის 3050 ლარით განსაზღვრა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი:

1. ნ. ც–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) სარჩელი აღძრა შპს „ფ. ფ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი ან კრედიტორი) მიმართ ფულადი ვალდებულების 798 ლარით განსაზღვრის მოთხოვნით, საიდანაც 700 ლარი ძირითადი თანხაა, ხოლო 98 ლარი საკომისიოა.

2. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება და მისი დავალიანება შეადგენდა 4386 ლარს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და მოსარჩელის ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიმართ განისაზღვრა 798 ლარით.

4. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალისათვის რიცხული დავალიანებიდან 5906 ლარიდან სესხის ძირითადი თანხა 600 ლარს შეადგენდა, სარგებელი - 98 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 5206.

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის ფულადი ვალდებულების 3050 ლარით განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 20 თებერვალს მხარეებს შორის 30 დღის ვადით დაიდო სესხის №797081 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 700 ლარის ოდენობით კრედიტი, 30 დღეში 98 ლარი სარგებლით.

8. უდავოდ იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელის დავალიანება შეადგენდა 5906 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი ნაწილია 600 ლარი, სარგებელი 98 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო შეადგენს - 5208 ლარს.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. სსკ-ის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოზე მოითხოვს წერილობით ფორმას.

10. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება პირგასამტეხლოზე არ არსებობდა.

11. აპელანტის ვებგვერდზე განთავსებული „სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების“ 8.4. პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის ვადის ვადაგადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს სსსკ-ს 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის პირგასამტეხლოს ოდენობა შეთანხმებულია იმ ნებისმიერ ოდენობაზე, რომელიც სცილდება სსკ-ის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ ზღვარს.

12. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვებგვერდზე განთავსებული „სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები“ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით შეიცავს ბუნდოვან დებულებას, კერძოდ, განსაზღვრული არ არის პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება, რაც გამორიცხავს ვადის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიმართ შემცირდა და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა განისაზღვრა მხოლოდ 100 ლარით. პირგასამტეხლოს გონივრულ ნიშნულამდე დაყვანის შედეგად მოსარჩელის ფულადი ვალდებულება 2016 წლის 20 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სულ განისაზღვრა 798 ლარით.

15. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, არამედ გადაწყვეტილება სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას აპელანტის საუარესოდ შეებრუნებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16. სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, რომლის თანახმადაც, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

17. აპელანტის ვებგვერდზე განთავსებული „სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების“ 4.6. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო, შემდეგ დარიცხული პროცენტი (საკომისიო), ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა.

18. მოსარჩელეს აპელანტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ მას უფიქსირდება სესხის ვადაგადაცილება, რის გამოც, დაერიცხა ჯარიმა და 08.06.2017 წლის მდგომარეობით გადასახდელი თანხა შეადგენს 4298 ლარს. შეტყობინებით აპელანტმა მოსარჩელეს მოსთხოვა ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვა (ტ. І, ს.ფ. 19).

19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მან დაფაროს სესხის დავალიანება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში და არ მოხდეს მის მიერ გადახდილი თანხით პირველ რიგში, პირგასამტეხლოს დაფარვა იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ არსებობს.

20. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, ამ კუთხით, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა დასაბუთებულ შედავებას.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელის ვალდებულების 3050 ლარით განსაზღვრა.

22. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებაში სასამართლო უთითებს, რომ მოპასუხის ვებგვერდზე განთავსებული სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით შეიცავს ბუნდოვან დებულებას, კერძოდ განსაზღვრული არ არის პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობა, რაც კასატორის მოსაზრებით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

23. კასატორი განმარტავს რომ სესხის ხელშეკრულების 8.4 პუნქტში, საბანკო დაწესებულებებისა და ფინანსური ინსტიტუტების მსგავსად, ნათლად არის მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა პროცენტებში, აღნიშნული პუნქტი ფორმულირებულია შემდეგნაირად: მსესხებლის მიერ სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლოს მიერ მითითებული პირგასამტეხლოს დეფინიცია მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებაში შეიცვალა და ვებ.გვერდზე აიტვირთა შეცვლილი სახით ანუ, ახალი სესხის პირობებით სესხის ხელშეკრულება მხოლოდ 2017 წლიდან, რაც განაპირობა საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის №239 კანონმა, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 13 იანვარს. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შეცვლილი დეფინიცია ფიზიკურად ვერ იქნებოდა.

24. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას იმათან დაკავშირებით, რომ მსესხებელსა და გამსესხებელს შორის არ არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოზე. ის, რომ მხარეთა შორის დაიდო გარიგება, თავად მოსარჩელეც ადასტურებს სარჩელში, სადაც აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 თებერვალს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, 30 დღის ვადით, რომლის თანახმადაც გაიცა სესხი - 700 ლარი და სესხის ხელშეკრულების საკომისიო განისაზღვრა 98 ლარის ოდენობით.

25. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სსკ-ის 319-ე მუხლი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად განმარტებას: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოპასუხე არის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ონლაინ სესხების გაცემა. კომპანიის ვებ გვერდზე სსკ-ის 329-ე მუხლის მიხედვით გაკეთებულია მოწვევა ოფერტზე, კერძოდ კი წინადადება სესხის გაცემის თაობაზე, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. ვებ გვერდზე განთავსებული სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ვრცელდება ყველა მსესხებელზე და წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და სესხის სპეციალურ პირობებთან ერთად წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას.

26. ვებ. გვერდზე განთავსებული სესხის ხელშეკრულების სტანდარული პირობების ტერმინთა განმარტებაში მითითებულია, რომ სესხის ხელშეკრულება არის: გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტულ პირობებს, ასევე გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, სესხის ხელშეკრულების პირობებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით (სმს-ის საშუალებით), (რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით). აქვე არის აღნიშვნა შემდეგზე:

27. განმცხადებლის რეგისტრაცია - გამსესხებლის ვებგვერდზე, ვებგვერდის, ტელეფონის ან/და სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით პოტენციური მსესხებლის მიერ გამსესხებლის მხრიდან შემუშავებული ანკეტის შევსება, რომელიც მიზნად ისახავს სესხის აღებას.

28. სესხის განაცხადი - გამსესხებლის მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება (გაგზავნა) შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ, ვებგვერდის, სწრაფი გადახდის აპარატების, ტელეფონის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) საშუალებით და მისი შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების დადებაზე.

29. ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი.

30. როგორც ვებ.გვერდზე, ასევე ხელშეკრულების მე-3 მუხლში აღწერილია სესხის განაცხადისა და სესხის გაცემის პროცედურები, რომლის თანახმადაც, სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდზე გადის რეგისტრაციას (რეგისტრაციის გავლისას მსესხებლის მიერ სახელშეკრულებო პირობების მიღება და მათზე დათანხმება ხდება ვებგვერდზე ველის „გავეცანი და ვეთანხმები სესხის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს“ მონიშვნით) და ვებგვერდის რეგისტრაციის შემდგომ ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველი „ვადასტურებ, რომ გავეცანი სესხის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა (სესხის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებსა) და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სესხის ხელშეკრულების პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს). სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ ხდება იდენტიფიკაცია (მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი ახდენს გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვას ან ხდება გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება). იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი. გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებლის პერსონალურ კაბინეტში შეტყობინების ზონაში შეტყობინების სახით აგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.

31. იმავდროულად, კასატორს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის არცერთი წინაპირობა რაც უნდა უძღვოდეს აღიარებითი სარჩელს.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით კი, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ მხარეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შეუძლია. ზოგადად, სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს მისი დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა...(შდრ. სუსგ №ას-838-802-2014, 19.03.2015წ., №ას-932-872-2017, 17.10.2017წ.).

33. მოცემულ შემთხვევაში, მთავარი კრიტერიუმი არ არსებობს - მოსარჩელეს არ ედავებიან უფლებაში ანუ მოსარჩელე მხარის უფლების დარღვევის მოცემულობა არ გვაქვს სახეზე. მოსარჩელემ თავისი პოზიცია პირგასამტეხლოს შესაბამისობასთან დაკავშირებით უნდა დააყენოს მას შემდეგ, რაც მოპასუხე (კასატორი) წარადგენს სასარჩელო მოთხოვნას მის მიმართ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობის დაკისრების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი უფლების დარღვევა და უფლებაში შედავება არ არსებობს. სარჩელის დაყენების და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაც ცხადია არ ქმნის მისი უფლების დარღვევის წინაპირობას, რადგან პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრული არის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, თუმცა რადგან მოსარჩელე მხარემ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია ეს პოზიცია მან უნდა წარადგინოს სასამართლოს წინაშე მხოლოდ მას შედეგ, რაც კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს პირველი და სავალდებულო კრიტერიუმი, რომელიც დაადგინა და განსაზღვრა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ეს არის - მოსარჩელის უფლებაში შედავება. არანაირ უფლებაში მას არ ედავებიან; პირიქით, მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ასევე არ არსებობს აღიარებითი სარჩელის აღძვრისათვის აუცილებელი მეორე კრიტერიუმი - დავის არსებობა, რაც უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; არანაირი დავა არ არსებობს, კასატორის მიერ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, სარჩელის აღძვრის შემდგომ მოპასუხეს მიეცემა შესაძლებლობა მიუთითოს პოზიცია პირგასამტეხლოს შესაბამისობასთან დაკავშირებით. ასევე, არ არის სახეზე აღიარებითი სარჩელის მესამე კრიტერიუმი - აღიარებითი სარჩელით დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებად მიჩნევის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 07 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლით.

35. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

36. საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით [სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები]. განასხვავებენ სარჩელების კლასიფიკაციას, როგორც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ისე, მატერიალური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე (შდრ: სუსგ №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).

37. სარჩელის კლასიფიკაცია შესაძლებელია მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით. დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, მატერიალურ სამართალში სარჩელის ძირითად სახეებად გვევლინება სანივთოსამართლებრივი სარჩელები, როგორებიცაა სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელები. სავინდიკაციო სარჩელი არის არამფლობელი მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის სარჩელი უკანონო მფლობელის წინააღმდეგ ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული და ნატურით არსებული ნივთის დაბრუნების თაობაზე. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთით სარგებლობისა .და განკარგვისთვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას; ვალდებულებითი-სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო (დელიქტური, კონდიქციური) სარჩელები. თითოეული მათგანი მიმართულია უფლებამოსული პირისთვის ქონების დაბრუნებისკენ და უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისკენ. მაგალითად, დელიქტური სარჩელი მიმართულია არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებისკენ. ასეთია ის ზიანი, რომელიც მიყენებულია ისეთი დარღვევის შედეგად, როდესაც მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ვინდიკაციისგან განსხვავებით, რომლის საგანია მხოლოდ ნატურით არსებული ნივთი, დელიქტური სარჩელით შესაძლოა, ზიანის ანაზღაურება როგორც ნატურით, ისე ფულადი სახით, როცა ნატურით რესტიტუცია შეუძლებელია. კონდიქციური სარჩელები, რომლითაც ხდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვისი ქონებრივი სიკეთის ხარჯზე, პირის არამართლზომიერი თუ მართლზომიერი მოქმედების ან დაუძლეველი ძალის შედეგად მიღებულის (შეძენილი ან დაზოგილი) უკან დაბრუნება, რითაც მიიღწევა ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენით (იხ., ცვაიგერტი კ., კოტცი ჰ., შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტ.II, გამოცემის მეცნიერული რედაქცია და ბოლოთქმა თ.ნინიძის, თარგმანი ე. სუმბათაშვილის, თბ., 2001, 228). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე კი, სარჩელის კლასიფიცირება შესაძლებელია მიკუთვნებითი ანუ აღსრულებითი სარჩელების, გარდაქმნითი და აღიარებითი ანუ დადგენითი სარჩელების სახით (იხ., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარები, ლილუაშვილი თ, ხრუსტალი ვ, თბ., 2007, 310).

38. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოვალის ფულადი ვალდებულება კრედიტორის მიმართ განსაზღვრულიყო 798 ლარი, საიდანაც 700 ლარი იყო ძირითადი თანხა, ხოლო 98 ლარი საკომისიო (იხ., სასარჩელო მოთხოვნა - ტ.1. ს.ფ. 5). მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს სსკ-ის 418-ე მუხლს და მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობა პირგასამტეხლოს შესახებ არ უნდა ჩაითვალოს წერილობითი ფორმით დადებულად და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ფორმადაუცველობის გამო (მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები - იხ., ტ.1. ს.ფ. 6). საკასაციო პალატა ზემოთმითითებული მსჯელობიდან და მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მოსარჩელეს არ აქვს ასეთი სარჩელის აღძვრის ინტერესი. ამიტომ, სსსკ-ის 178-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს მიუთითოს მის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში ასეთ იურიდიულ ინტერესზე. თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული ინტერესი არის არა სარჩელის შინაარსის საკითხი, არამედ, ამ სარჩელის აღძვრის, მისი განსახილველად მიღების წინაპირობა.

40. აღიარებითი სარჩელები ყოველთვის გულისხმობენ მოდავე მხარეებს. ამიტომ, ასეთ სარჩელებში ყოველთვის გვყავს ორი მოდავე მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე, რითაც იგი განსხვავდება უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტის დადგენისაგან (მაგ, მამობის დადგენა, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენა - 312-ე მუხლის „გ“ პუნქტი).

41. გარდა იმისა, რომ აღიარებითი სარჩელის მიღებისათვის საჭიროა ყველა ის დადებითი თუ უარყოფითი წინაპირობები, რომლებიც მითითებულია 178-ე მუხლში, აღიარებით სარჩელს წაეყენება კიდევ ერთი დამატებითი წინაპირობა - იურიდიული ინტერესი. აქედან გამომდინარე, თუ არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა, რომლებიც გათვალისწინებულია 178-ე მუხლით, მაგრამ არ არსებობს იურიდიული ინტერესი, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღიარებითი სარჩელის მიღებაზე და განხილვაზე. განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისა, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაცა ედავება მას ამ უფლებაში.

42. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, საჭიროა, რომ: ა) მოსარჩელეს ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა; დ) აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # 1089-1009-2017, 05.12.2017წ; # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ; საქმე №ას-595-554-2017, 15 დეკემბერი, 2017 წელი).

43. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში აღძრულია აღიარებითი მოთხოვნა, რომელიც მხარეთა შორის ფულადი ვალდებულების - კრედიტორული დავალიანების შემცირებისკენაა მიმართული, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს/მოვალეს სურს რომ მიიღოს, უნდა არსებობდეს დავა ვალდებულების შესრულებაზე - თანხის, სახელდობრ, პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, რომლის სამართლებრივი საფუძველი შესაძლებელია ყოფილიყო სსკ-ის 50-ე, 327-ე, 623-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე მუხლები.

44. სახელშეკრულებო სარჩელის აღძვრის შემთხვევაში კი, მოვალე/მოპასუხე (განსახილველი სარჩელით მოსარჩელე) ისარგებლებდა წარედგინა ყველა ის მატერიალურსამართლებრივი შესაგებელი (სსსკ-ის 201-ე მუხლი), რომლებიც დაკავშირებულია პირგასამატეხლოს მოთხოვნის წარმოუშობლობასთან (სსკ-ის 50-ე, 59, 69.2-ე, 418-ე და ა.შ), ნაწილობრივ გამორიცხვასთან (სსკ-ის 420-ე მუხლი) და ა.შ. მანამდე კი, მიიჩნევა, რომ არ არსებობს დავა უფლებაზე. სწორედ ამიტომ, ვიდრე საკასაციო პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, პირველ რიგში, შესამოწმებელია აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა (იხ., №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

45. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შესძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი]. აღსანიშნავია, რომ თუკი მოსარჩელის მიზანს, სარჩელის აღძვრის ინტერესს თეორიულად წარმოადგენს მოსარჩელის გათავისუფლება დარიცხული პირგასამტეხლოს თანხის გადახდის ვალდებულებისაგან, რადგან მას ხელი ეშლება ვალდებულება შეწყვიტოს კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით (სსკ-ის 427-ე მუხლი), ვინაიდან შიშობს, რომ მის მიერ განხორციელებული ფულადი შენატანით ხელშეკრულების სტანდარტული პირობის შესაბამისად, პირველ რიგში, დაიფარება პირგასამტეხლო (იხ., ხელშეკრლებიდან გადახდის პირობები პ- 4.6), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ აკმაყოფილებს მართლზომიერი იურიდიული ინტერესის ნორმატიულ პირობას, რადგან მოვალის მოლოდინი, რომ შესრულება ჩაითვალება პირგასამტეხლოს ანგარიშში (იხ., ხელშეკრულებიდან გადახდის პირობები პ- 4.6), რაც ხელს შეუშლის მისი უფლების სამომავლოდ რეალიზაციას [სსკ-ის 361-ე მუხლის დისპოზიცია: ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას], შესაძლოა გამოირიცხოს ძირითადი თანხის ნაწილში გადახდითა და იმაზე მითითებით, რომ მოვალე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს დარიცხვას.

46. იმავდროულად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017). ნიშანდობლივია, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობა. გადაწყვეტილებაში „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება, განიმარტა, რომ გადაწყვეტილებია აღსრულების უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე შპს „იზა და მაკრახიძე” საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდს, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40) (ციტ: სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი, პ-15.4.3).

47. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები საკასაციო პრეტენზია (შედავება) (პპ: 31, 32) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

48. იმავდროულად, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

49. დამატებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კრედიტორის (მოპასუხის) მიერ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მსესხებელს (მოსარჩელეს) შეუძლია ისარგებლოს წინამდებარე განჩინების პ-44 განვითარებული მსჯელობით, ხოლო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დავალიანების მოვალისათვის დაკისრების შემთხვევაში, მოვალეს (მოსარჩელეს) შეუძლია უფლების სასარჩელო წესით დაცვა პირგასამტეხლოს ნაწილში, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

50. კასატორს უკან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ფ. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ნ. ც–ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. კასატორს შპს „ფ. ფ-ის“ უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 25 ივნისს საგადასახადო დავალება N757 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე