საქმე №ას-867-834-2016 22 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – ა. კ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მეორე კასატორები – ვ. წ-ე, პ. ჭ–ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; 2015 წლის 26 ნოემბრის და 2016 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმება; მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება
მეორე კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გაწეული ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პ. ჭ–ის (შემდეგში: მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან პირველი მოპასუხე) საკუთრებაშია ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში მდებარე მიწის ნაკვეთი 600კვ.მ. ფართის ოდენობით. აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, ასევე, ფუნქციონირებდა ბენზინგასამართი სადგური.
2. ა. კ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხის და ვ. წ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობასა და ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯის - 30670 ლარის ანაზღაურების დაკისრება. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებისაგან მოითხოვა 40290.80 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებმა სარჩელი უარყვეს, ხოლო პირველმა მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ და მოთხოვა მოსარჩელისათვის ბენზინგასამართი სადგურის დანგრევისა და იქ არსებული დანადგარების მიტაცების შედეგად მიყენებული ზიანის 9000 ლარის ანაზღაურება.
4. ზ-ონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით უარყოფილი იქნა, როგორც სარჩელი, აგრეთვე, შეგებებული სარჩელი.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 992-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მართლსაწინააღმდეგო განზრახი ქმედებით მისთვის მიყენებული ზიანის (შენობის ნგრევა და შენობაში არსებული დანადგარების მითვისება) ფაქტი, ვერ დაადასტურა. უარყოფილი იქნა შეგებებული სარჩელიც.
6. ზ-ონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
7. შეგებებული სარჩელის უარყოფის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გასაჩივრებულა.
8. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო პალატამ 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თავისი ინიციატივით [სსსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი] დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა იმ საკითხის გამოსაკვლევად, თუ რა ღირებულებისაა ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში, პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებული ბენზინგასამართი სადგური (მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე).
9. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო პალატამ 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით თავისი ინიციატივით დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა [სსსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი], ვინაიდან მიიჩნია, რომ პირველად ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი ექსპერტის განმარტების შესაბამისად საჭიროებდა დაზუსტებას. შესაბამისად, მეორედ დანიშნული ექსპერტიზის წინაშე დაისვა საკითხი, თუ რა ღირებულებისაა ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში, მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებული ბენზინგასამართი სადგურის შენობა მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან ერთად და რა ღირებულებისაა ეს შენობა მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა ზ-ონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 5379 ლარის გადახდა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული ამ გადაწყვეტილების პ-1-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.
12. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად, მოსარჩელეს უნდა გაეღო 5 000 აშშ დოლარი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისათვის, რის სანაცვლოდაც, იგი ერთობლივ საქმიანობაში გახდებოდა 25%-იანი წილის მესაკუთრე, მის მიერ გაღებული ხარჯი კი, ბენზინგასამართი სადგურის ამოქმედების შემდგომ, მას უკან დაუბრუნდებოდა. მოგვიანებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელეს დაუბრუნდებოდა არა მარტო 5 000 დოლარი, არამედ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისას და მისი ფუნქციონირებისათვის გაღებული ხარჯებიც.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისათვის საჭირო ხარჯები გასწია მოსარჩელემ.
14. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბენზინგასამართი სადგურის გაქირავების შედეგად გაღებულ თანხას იღებდა რა მოსარჩელე (რაზედაც მხარეები არ დავობენ) მხარები შეთანხმებული იყვნენ იმაზეც, რომ მოსარჩელეს სრულად უნდა მიეღო მის მიერ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე გახარჯული თანხა, ხოლო, ობიექტის ამოქმედების შემდეგ - 25% წილი მოგებისა.
15. გაწეული ხარჯების ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, წარადგინა 2014 წლის 04 ნოემბერს შედგენილი შპს „ა - აუდიტის დასკვნა“, რომლის თანახმად შესრულებული სამუშაოს ღირებულება ქ. ზ-ონში, სოფელ ა-აში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე შეადგენს 30 670,80 ლარს.
16. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეები, მოსარჩელეს დაახლოებით 2000 წელს დაუკავშირდნენ. ამ დროს, შედგა ზეპირი მხარეთა შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის შესახებაც.
17. დადგენილია, რომ ბენზინგასამართი სადგურის ამოქმედების შემდეგ მხარეებმა ვერ შეძლეს ერთობლივი საქმიანობა და მხარეთა შეთანხმებით, ნივთი იჯარით გადაეცა მე-3 პირს (შემდეგში: მოიჯარე).
18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიინია, რომ მოიჯარე იჯარის თანხას მხოლოდ მოსარჩელეს უხდიდა და აქედან, მოსარჩელემ მიიღო 9 000 ლარი (აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საპაექრო სიტყვაში დაადასტურეს მოპასუხეებმა, ხოლო, სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე - მოსარჩელემაც (იხ. სხდომის ოქმი). მოსარჩელის განმარტება, რომ მართალია, მან მიიღო 9 000 ლარი, მაგრამ ეს თანხა უკვე დაუბრუნა მოპასუხეებს, რადგან გასასტუმრებელი იყო საწვავის დავალიანება, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო იქნა უარყოფილი აგრეთვე მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება, მასზე, რომ მან ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გაიღო 9 620 ლარი. ამ ნაწილში, მოთხოვნის საფუძვლიანობა დადასტურებულად იქნა მიჩნეული მხოლოდ 479 ლარის ნაწილში (იხ. ს.ფ. 579-ზე განთავსებული 2000 წლის 22 თებერვალს შედგენილი დოკუმენტი, სადაც საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულებაა გაანგარიშებული. მითითებული დოკუმენტაციის თანახმად, ობიექტის საორიენტაციო ფასია 7 000 ლარი ობიექტისა და არა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების), ხოლო საპროექტო ღირებულებად დაფიქსირებულია - 479 ლარი.
19. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 მარტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში მდებარე უძრავი ქონების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 27 100 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება მიწის საბაზრო ღირებულების თეორიული გამოკლებით საორიენტაციოდ შეადგენს 12 100 ლარს.
20. წარმოდგენილი ,,ლუსა აუდიტის“ დასკვნის თანახმად, ჭის მოწყობის ღირებულება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედაა, 1 800 ლარადაა შეფასებული (ეს ჭა მოსარჩელემ გააკეთა, რაც ასევე არ გამხდარა სადავოდ). აღნიშნული შეფასება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჭის გასაკეთებლად გაღებული ხარჯები არ არის გათვალისწინებული სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოაღნიშნულ დასკვნაში. თუმცა, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისათვის და ჭის ფუნქციონირებისათვის გაწეული ხარჯები გადაიხადა მოსარჩელემ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს თანხა იმ ფარგლებში, რა ღირებულებისაცაა მოსარჩელის მიერ აშენებული ბენზინგასამართი სადგური და ჭა, მის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდათ მოპასუხეებს.
21. დავის სამართლებრივი შეფასების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა შორის თავიდან არსებობდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ გარიგება, რომლის საფუძველზეც, თავისი წილის შეტანის სახით მეორე მოპასუხემ შეიტანა მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით ააშენა ბენზინგასამართი სადგურის შენობა (მისი შენატანი ამხანაგობაში). თუმცა, პალატამ ასევე უდავოდ ჩათვალა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში სსკ-ის 183-ე და 932-ე მუხლების შესაბამისად ამხანაგობის სახელზე არ აღრიცხულა.
22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბენზინგასამართი სადგურის აშენების შემდგომ მხარეები ვეღარ შეთანხმდნენ და მათ შორის შეწყდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რის გამოც, მოსარჩელეს წარმოეშვა აღნიშნული საქმიანობის მიზნით შეძენილი ქონებიდან მისი წილის მიღების უფლება.
23. პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თანხა გაიღო ბენზინგასამართი სადგურის აშენებისათვის, რომელიც ამხანაგობის ნაცვლად პირველი მოპასუხის სახელზე იქნა რეგისტრირებული.
24. თავის მხრივ, სადავო შენობა-ნაგებობა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (გარიგება შეწყდა), 979-ე მუხლის პირველ ნაწილსა (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე) და 979-ე მუხლის მეორე ნაწილს. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ საკუთარი სახსრებით აშენებული შენობის უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო სადავო საგნის მდგომარეობის გამო (სსკ-ის 979-ე და 150-ე მუხლები), მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ მოსარჩელისათვის აენაზღაურებინათ შეძენილის, მიღებული სარგებლის საერთო ღირებულება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგენდა 12 100 ლარს (მიწის ღირებულების გამოკლებით). იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა აქვს 9 000 ლარი, სასამართლომ მიიჩნია, რომ 12 100 ლარს უნდა გამოაკლდეს აღნიშნული თანხა, რაც შეადგენს 3 100 ლარს. ამ თანხას უნდა დაემატოს ჭის მოწყობის ღირებულება 1 800 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 4 900 ლარს. ამას უნდა დაემატოს საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი 479 ლარი, რაც ჯამში 5 379 ლარია.
25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის და ორივე მოპასუხის მიერ.
26. პირველი კასაციის საფუძვლები:
27. პირველი კასატორის (მოსარჩელის) განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.2-4.7 პუნქტებით უდავოდაა დადგენილი, რომ ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში მდებარე ბენზინგასამართი სადგური ბალავერიდან დაწყებული ბოლომდე პირველი კასატორის ხარჯით იყო აშენებული და მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების თანახმად ხარჯი, რომელთა აღრიცხვასაც ახორციელებდა მოწინააღმდეგე მხარეებთან შეთანხმებით, მათ უნდა აენაზღაურებინათ აღნიშნული სადგურის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ. გარდა ჩანაწერების რვეულისა, ასევე შპს „-ა“ აუდიტის 2014 წლის 04 ნოემბრის დასკვნით შეფასებულია კასატორის მიერ გაწეული სამუშაოების ღირებულება, რაც 30 670,80 ლარს შეადგენდა და აღნიშნული არცერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდიათ მოწინააღმდეგე მხარეებს.
28. პირველი კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, აუდიტის 2014 წლის 04 ნოემბრის დასკვნის, პოლიციის მოკვლეული მასალების, გაწეული ხარჯების აღრიცხვის რვეულისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა პირველი კასატორის მოთხოვნა როგორც ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე, ასევე, მიწის კატეგორიის შეცვლასა და საპროექტო დოკუმენტების შედგენის თაობაზე.
29. პირველი კასატორი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.9-4.10 პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ თითქოს მოწინააღმდეგე მხარეებმა გაქირავების შედეგად იჯარით მიღებული თანხა 9 000 ლარი კასატორს გადასცეს მის მიერ გაწეული ხარჯების გაქვითვის მიზნით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პირველი კასატორი მიუთითებს, რომ დასახელებული თანხა წარმოადგენდა „ნისიად“ წამოღებული საწვავის გადასახდელ ვალს და არ შეიძლებოდა მისი გაქვითვა კასატორის მიერ გაწეულ ხარჯში. მითუმეტეს, თუ სასამართლომ პოლიციის მიერ გამოკვლეული მასალები და სასამართლოებში საქმის განხილვისას მხარეთა ახსნა-განმარტებები საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დასახელებულ მტკიცებულებებში და მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებში, არასდროს ყოფილა მითითებული, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს რაიმე თანხა გადახდილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი კასატორისათვის გადასახდელი ჰქონდათ.
30. პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.11 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად კასატორმა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 9 620 ლარის ნაცვლად გადაიხადა 479 ლარი. ამის საწინააღმდეგოს ადასტურებს მოკვლეული მასალები, ჩანაწერების რვეული, ასევე მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი გაწეული ხარჯების თუნდაც არასრულყოფილ ჩამონათვალში მითითებული თანხა, რომელიც ათჯერ აღემატება სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული თანხის ოდენობას.
31. კასატორის განმარტებით, საპროექტო დოკუმენტაციების დედნებისა და მშენებლობისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის მასთან არსებობის ფაქტი, რაზეც პრეტენზია არ განუცხადებიათ მოწინააღმდეგე მხარეებს, უტყუარად ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
32. კასატორი მიუთითებს, რომ ბენზინგასამართი სადგურის ღირებულების განსაზღვრისათვის საჭირო თუ იყო ექსპერტიზის ჩატარება, ამის შესახებ სასამართლოს არ მიუთითებია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. მითუმეტეს, წარმოდგენილი იყო აუდიტის 2014 წლის 04 ნოემბრის დასკვნა, რომლითაც დადგენილი იყო ბენზინგასამართ სადგურზე არსებული სამშენებლო მასალებისა და გაწეული სამუშაოების ხარჯები 30 670,80 ლარის ოდენობით. ამასთან, კასატორმაც და მოწინააღმდეგე მხარეებმაც უარი განაცხადეს ექსპერტიზის დანიშვნაზე, ხოლო ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს განჩინებით ორჯერ ექსპერტიზის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. ამასთან, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნა ფაქტობრივი გარემოებისა და კანონმდებლობის დარღვევით იყო შედგენილი, რომლითაც არასწორად შეფასდა ბენზინგასამართი სადგურის ღირებულება მიწასთან ერთად და მის გარეშე. ამასთან, კასატორს არასწორად მიაჩნია დღევანდელი საბაზრო ეკონომიკისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ან მსგავსი ბენზინგასამართი სადგურის და მიწის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული სადგურის ღირებულების 12 100 ლარით განსაზღვრა.
33. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ექსპერტის ახსნა-განმარტების მოსმენისას გაირკვა, რომ მან სრულყოფილად არ შეაფასა ბენზინგასამართი სადგურის მთლიანი კომპლექსი, რადგან თვითონ ექსპერტიზის დასკვნაში მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 3 900 ლარით, ისე, რომ არ იყო შეფასებული ჭა, საპირფარეშო, მიწის ქვეშ და მიწაზე არსებული ცისტერნები, მოხრეშვა, მოსწორება, ბენზინის სვეტები, რომელიც მხარეს თავის შეგებებულ სარჩელში 4 000 ლარის ოდენობით ჰქონდა განსაზღვრული, ხოლო ექსპერტმა მთლიანი შეფასება 2 100 ლარის ღირებულებით განსაზღვრა.
34. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა შპს „-ა“ აუდიტის 2014 წლის 04 ნოემბრის დასკვნით ჭის დადგენილი ღირებულება, თუმცა, ამ ჭის თაობაზე მითითება არ ყოფილა ექსპერტიზის დასკვნაში. შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დასახელებული აუდიტის დასკვნა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის სამუშაოებისა და მასალების, ასევე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ რეზერვუარების ნაწილშიც.
35. მეორე კასაციის საფუძვლები:
36. მეორე საკასაციო საჩივარში აღწერილია, თუ რა სამუშაოები ჩატარდა პირველი მოპასუხის მიწის ნაკვეთზე. კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ აღარ ეყოთ თანხა და ამიტომ, დაუკავშირდნენ მოსარჩელეს ერთობლივი საქმიანობის შეთავაზებით, საიდანაც მისი წილი 25% იქნებოდა, მას კი, 5000 აშშ დოლარი უნდა შემოეტანა, რომელიც ნაწილ-ნაწილ შემოიტანა.
37. ბენზინგასამართი სადგური ფუნქციონირებდა 2005 წლის ჩათვლით, შემდეგ შეწყვიტა ფუნქციონირება და იჯარით გადაეცა მე-3 პირს - მოიჯარეს. ამ დროს გადაწყდა, რომ შემოსულ თანხას მოსარჩელე აიღებდა და ამით თავის წილს გაიტანდა. მოსარჩელემ მე-3 პირისგან მიიღო 9000 ლარი. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით ქონება შეფასდა 30670 ლარად. აღნიშნული თანხის 4-ზე გაყოფით 7667 ლარი საქმიანობის შეწყვეტის შედეგად შეძლოთ მოეთხოვათ მოწილეებს.
38. იმავდროულად, მეორე კასატორები აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით ქონება შეფასებული 12000 ლარად. აქედან კი, იკვეთება, რომ მოსარჩელეს 70% აქვს გატანილი და მაშასადამე, მის მოთხოვნას საფუძველი არ გააჩნია.
სამოტივაციო ნაწილი :
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებებით საკასაციო საჩივარები მიღებული იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
41. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც მითითებულია ამ გადაწყვეტილების პპ: 1,13-15-ში და რომელთა მიმართ კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
42. პირველი კასატორის (მოსარჩელე) მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისათვის იმ თანხის სოლიდარულად, სრულად დაკისრება, რაც მოსარჩელემ გასწია ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობასა და ფუნქციონირებაზე და რაც არ ყოფილა ანაზღაურებული მოპასუხეთა მიერ, არც კომპენსირებული ყოფილა საიჯარო ქირის მე-3 პირისაგან მიღებით.
43. აღსანიშნავია, რომ პირველი კასატორის (მოსარჩელე) შედავება სხვადასხვა კუთხითაა წარმოდგენილი. პირველ რიგში, იგი სადავოდ ხდის მის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობას და მიაჩნია, რომ ხარჯის განსაზღვრის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმა. ჯერ ერთი, იმიტომ რომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა და მეორეც, არამართლზომიერად დანიშნა თავისი ინიციატივით საქმეზე ექსპერტიზა. ამასთან, პირველი კასატორი უარყოფს 9000 ლარის მოიჯარისაგან მიღებას გაწეული ხარჯის ანგარიშში და აღნიშნავს, რომ მიღებული თანხა წარმოადგენდა „ნისიად“ წამოღებული საწვავის გადასახდელ ვალს და არ შეიძლებოდა მისი გაქვითვა კასატორის მიერ გაწეულ ხარჯში (იხ., პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები).
44. პირველ რიგში, საკასაციო პალატა იმსჯელებს პირველი კასატორის პრეტენზიაზე, რომელიც წარმოდგენილია მის მიერ გაწეული ხარჯის არასწორად განსაზღვრის ნაწილში.
45. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
46. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
48. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
49. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
50. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
51. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა - სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
54. განსახილველ შემთხვევაში, პირველი კასატორი გაწეული ხარჯის განსაზღვრის მიზნით მიუთითებს საქმეში მის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაზე (იხ., ს.ფ. 30. ტ.1), რომელშიც მითითებულია სამუშაოს კონკრეტული დასახელება (აღწერილობა), კერძოდ: ფუნდამენტის ამოღება, ფუნდამენტში ბეტონის მოწყობა, ბეტონის მოწყობა, ბლოკის მოწყობა, წყლის ჭის მოწყობა, ნავესის აწყობა, ტერიტორიის მოხრეშვა, შენობის შელესვა, შენობის იატაკის მოწყობა ბეტონით; სამუშაოს ღირებულება; ცალკეული სამშენებლო მასალა, კერძოდ მილი, ბალკა, კუთხოვანა, ცემენტის ხსნარი, ალუმინის შიფერი, ემალირებული ცისტერნა. დასახელებული სამუშაოები მოცემულია ცხრილის მიხედვით, სადაც დაფიქსირებულია აგრეთვე, ერთეულის ფასი, ფაქტიური რაიოდენობა და მთლიანი ღირებულება. აღნიშნული კვლევის თანახმად, მითითებული თანხის ჯამი შეადგენს 30670.8 ლარს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უარყოფილი იყო იმ მოსაზრებით, რომ გაურკვეველი იყო თუ, რის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული სამუშაოები ნამდვილად იყო განხორციელებული, რის მიხედვით იყო განსაზღვრული ღირებულება, სამუშაოს შესრულების დროისათვის, თუ დღეის მდგომარეობით, ნამდვილად იყო თუ არა გამოყენებული მითითებული სამშენებლო მასალა (მილი, ბალკა, ცემენტის ხსნარი და ა.შ.), რის საფუძველზე დადგინდა რა სამშენებლო მასალა იქნა გამოყენებული.
55. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში, მთავარ სხდომაზე პალატამ მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას. მართალია, საქმეში წარმოდგენილი იყო აუდიტის დასკვნა, მაგრამ იგი არ მოიცავდა სრულად იმ კითხვაზე პასუხს, რაც აუცილებელი იყო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით [სსსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი] საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა იმ საკითხის გამოსაკვლევად თუ რა ღირებულებისაა ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში, მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებული ბენზოგასამართი სადგური (მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე).
56. 2015 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ რეგიონული ექსპერიზის დეპარტამენტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა, სადაც საექსპერტო განყოფილება აღნიშნავდა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო ექსპერტისათვის დამატებით მიწოდებული ყოფილიყო ინფორმაცია შესაფასებელი ობიექტების (ჩამომსხმელი სვეტების, ავზების და მოძრავი ქონების რაოდენობები) ჩამონათვალისა და ტექნიკური მახასიათებლების (ჩამომსხმელი სვეტების მწარმოებელი ფირმა, მოდელი, გამოშვების თარიღი, ავზების მოცულობები) შესახებ წერილობითი დანართის სახით. ექსპერტის შუამდგომლობის განხილვის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა სხდომა. ამასთან, მოდავე მხარეებს ეთხოვათ, შესაძლებლობის ფარგლებში, ექსპერტის მიმართვაში არსებული დოკუმენტაციის სასამართლოსათვის წარმოდგენა. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ასევე მოწვეული იქნა თავად შუამდგომლობის ავტორი, ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დასმული კითხვა ბუნდოვანი იყო, მისთვის გაუგებარი იყო თუ რა საკითხზე ითხოვდა განჩინება პასუხის გაცემას და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 მარტის განჩინებით სასამართლომ განმარტა ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტი საკითხი და მოახდინა კითხვის შემდეგი ფორმულირება: ა) რა ღირებულებისაა ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 32.03.49.210 საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებული ბენზინგასამართი სადგურის შენობა მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან ერთად და მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე.
57. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 მარტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში მდებარე უძრავი ქონების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 27 100 ლარს, ხოლო, შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება მიწის საბაზრო ღირებულების თეორიული გამოკლებით საორიენტაციოდ შეადგენს 12 100 ლარს.
58. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა ზემოთ მითითებული მტკიცებულებები მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის განსაზღვრის ნაწილში, სარწმუნო იყო სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 მარტის დასკვნა, რომლის მიხედვით შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება მიწის საბაზრო ღირებულების თეორიული გამოკლებით საორიენტაციოდ შეადგენს 12 100 ლარს.
59. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის განსაზღვრის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი პირველი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნაც, სსსკ-ის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება, რომელიც წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგს.
60. განსახილველ შემთხვევაში, პირველი კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის განსაზღვრის ნაწილში, სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 მარტის დასკვნის მტკიცებულებით ძალას, თუმცა, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, პირველმა კასატორმა საკასაციო პალატაში ვერ წარმოადგინა დასაშვები საკასაციო პრეტენზია აღნიშნული მტკიცებულების გასაქარწყლებლად, მისი იურიდიული ძალის უარსაყოფად.
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
62. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ გარემოებაზე, რომ ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში მდებარე მიწის ნაკვეთი 600კვ.მ. ფართის ოდენობით ირიცხება პირველი მოპასუხის საკუთრების უფლებით. უდავოა, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა და ფუნქციონირებდა ბენზინგასამართი სადგური. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა რა ის გარემოება თუ რა ხარჯი გასწია მოსარჩელემ (პირველმა კასატორმა) ბენზინგასამართი სადგურის მშენებოლობასა და ფუნქციონირებაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, 2015 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო ექსპერტს დამატებით მიწოდებოდა ინფორმაცია შესაფასებელი ობიექტების (ჩამომსხმელი სვეტების, ავზების და მოძრავი ქონების რაოდენობები) ჩამონათვალისა და ტექნიკური მახასიათებლების (ჩამომსხმელი სვეტების მწარმოებელი ფირმა, მოდელი, გამოშვების თარიღი, ავზების მოცულობები) შესახებ წერილობითი დანართის სახით. ამავე სხდომაზე ექსპერტმა განმარტა, რომ ბენზინგასამართი სადგურის ღირებულება შენობასთან ერთად მოიცავს ავზებს, ჩამომსხმელ სვეტებს და ა.შ. (იხ., ტ.3. ს.ფ. 23). დადგენილია, რომ ექსპერტმა წარმოადგინა 2016 წლის 17 მარტის დასკვნა, რომლის მიხედვით შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულება მიწის საბაზრო ღირებულების თეორიული გამოკლებით საორიენტაციოდ შეადგენს 12 100 ლარს. თუმცა, საქმის მასალებით დადგენილია საყურადღებო გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე (მიწაში) აგრეთვე განლაგებული ემალირებული ცისტერნა (იხ., ტ.1. ს.ფ. 31), რომლის ღირებულება აუდიტის დასკვნის მიხედვით 1800 ლარს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ეს გარემოება მოპასუხეებს სადავოდ შესაგებელში არ გაუხდიათ (იხ., შესაგებელი). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ემალირებული ცისტერნის აუდიტის დასკვნაში მითითითებული ღირებულება - 1800 ლარს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯს, რომელიც უნდა დაემატოს 12000 ლარს და საბოლოოდ, გაწული ხარჯის უნდა განისაზღვროს 13 800 ლარით.
63. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველმა კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თუ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ხარჯი უნდა განისაზღვროს 7079 ლარით, ყველა იმ დანახარჯის და გამოქვითვის გათვალისწინებით, რაც მითითებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების პ - 4.25-ში, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა აქვს 9 000 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს 13 800 ლარს. ამ თანხას უნდა დაემატოს ჭის მოწყობის ღირებულება 1 800 ლარი და საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი 479 ლარი.
65. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე შესრულების უკან დასაბრუნებლად მოცემული უნდა იყოს შემდეგი სამი პირობა: შესრულება – შეგნებულად და მიზანმიმართულად განხორციელებული მოქმედება, ვითომ-კრედიტორის გამდიდრება და შესრულების საფუძვლის არარსებობა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის მოსარჩელის მიერ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობასა და ფუნქციონირებაზე ხარჯის გაწევა. მხარეები სადავოდ ხდიიან გაწეული ხარჯის ოდენობას. დადგენილია ასევე აღნიშნული შესრულებით ვითომ-კრედიტორების – პირველი და მეორე მოპასუხეების გამდიდრება. მესამე პირობა, როგორც აღინიშნა, მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებულება (გარიგება) მხარეთა შორის შეწყდა შემდგომში. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს ქმნის დაბრუნების კონდიქცია გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
66. განსახილველ შემთხვევაში, არ უნდა დაკმაყოფილდეს პირველი კასატორის მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის და 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებების გაუქმების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
67. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თავისი ინიციატივით დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა, რაც მოტივირებული იყო იმ საფუძვლით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას. მართალია, საქმეში წარმოდგენილი იყო აუდიტის დასკვნა, მაგრამ იგი არ მოიცავდა პასუხს კითხვაზე, რაც აუცილებელი იყო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 162-ე და 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში, მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებული ბენზოგასამართი სადგურის (მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე) ღირებულების დასადგენად, თუმცა, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი 2015 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ რეგიონული ექსპერიზის დეპარტამენტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა, სადაც საექსპერტო განყოფილება აღნიშნავდა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იყო ექსპერტისათვის დამატებით მიწოდებული ყოფილიყო ინფორმაცია შესაფასებელი ობიექტების (ჩამომსხმელი სვეტების, ავზების და მოძრავი ქონების რაოდენობები) ჩამონათვალისა და ტექნიკური მახასიათებლების (ჩამომსხმელი სვეტების მწარმოებელი ფირმა, მოდელი, გამოშვების თარიღი, ავზების მოცულობები) შესახებ წერილობითი დანართის სახით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით განიმარტა და დაზუსტდა 2016 წლის 17 მარტის განჩინებით, ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტი საკითხი და მოახდინა კითხვის შემდეგი ფორმულირება: ა) რა ღირებულებისაა ზ-ონის რაიონის სოფელ ა-აში, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: 32.03.49.210 საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებული ბენზინგასამართი სადგურის შენობა მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან ერთად და მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე. სხვა სამოქალაქო საქმეზეც საკასაციო პალატამ მიიჩნია რომ „სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა ისეთ საკითხზე, რომლის განმარტებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისთვის და ამ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია“ (შდრ: სუსგ №ას-60-60-2018, 24 ივლისი, 2018 წელი, პ-20). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯერ ერთი, სააპელაციო სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა სადავო საკითხის გადასაწყვეტად დაენიშნა ექსპერტიზა თავისი ინიციატივით სსსკ-ის 162-ე და 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რაც განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის იყო აუცილებელი, ხოლო რაც შეეხება ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განჩინების კანონიერებას, აღნიშნული განპირობებული იყო 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინების საფუძველზე დანიშნული ექსპერტის განმარტების და დასმული კითხვის დაზუსტებისა და უკეთ ფორმულირების მიზნით. შესაბამისად, ამ ნაწილში, პირველმა კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
68. რაც შეეხება პირველი კასატორის შედავებას იმ ნაწილში, რომლითაც იგი უარყოფს 9000 ლარის გაწეული ხარჯის ანგარიშში მიღებას და აღნიშნავს, რომ მიღებული თანხა წარმოადგენდა „ნისიად“ წამოღებული საწვავის გადასახდელ ვალს და არ შეიძლებოდა მისი გაქვითვა კასატორის მიერ გაწეულ ხარჯში (იხ., პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები), აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოიჯარე იჯარის თანხას მხოლოდ მოსარჩელეს უხდიდა და აქედან, მოსარჩელემ მიიღო 9 000 ლარი (აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საპაექრო სიტყვაში დაადასტურეს მოპასუხეებმა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე - მოსარჩელემაც (იხ. ამ გადაწყვეტილების პ- 19). პირველი კასატორის განმარტება, რომ მართალია, მან მიიღო 9 000 ლარი, მაგრამ ეს თანხა უკვე დაუბრუნა მოპასუხეებს, რადგან გასასტუმრებელი იყო საწვავის დავალიანება, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო იქნა უარყოფილი მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ მან ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გაიღო 9 620 ლარი. ამ ნაწილში, მოთხოვნის საფუძვლიანობა დადასტურებულად იქნა მიჩნეული მხოლოდ 479 ლარის ნაწილში (იხ. ს.ფ. 579-ზე განთავსებული 2000 წლის 22 თებერვალს შედგენილი დოკუმენტი, სადაც საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულებაა გაანგარიშებული. მითითებული დოკუმენტაციის თანახმად, ობიექტის საორიენტაციო ფასია 7 000 ლარი ობიექტისა და არა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების), ხოლო საპროექტო ღირებულებად დაფიქსირებულია - 479 ლარი.
69. ამდენად, 9000 ლარის მოიჯარისაგან მიღების და სადგურის მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 9 620 ლარის გაღების ნაწილში, პირველი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
70. პირველი კასატორი ასაჩივრებს მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებასაც, რასაც საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საოქმო განჩინებების გაუქმების მოთხოვნა იმგვარად, რომ მხარე არ მიუთითებს არც კონკრეტულ განჩინებაზე და არც მისი გაუქმების ფაქტობრივ საფუძვლებზე, სასამართლოს არ აძლევს უფლებას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს მათი უსწორობის საკითხი, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებიდან, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
71. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მეორე საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, ძირითადად ეფუძნება პირველი მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სამუშაოების ჩატარების, მოსარჩელესთან მოლაპარაკების საკითხების აღწერას, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, გავლენას ვერ იქონიებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის სამართლებრივი შედეგის დადგომაზე, რადგან მეორე კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
72. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, პირველი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მეორე საკასაციო საჩივარს არ გააჩნია დაკმაყოფილების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი.
73. სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მეორე კასატორებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პირველი კასატორის სასარგებლოდ სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და პირველ საკასაციო საჩივარზე გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად 713.81 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408–ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411–ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ვ. წ-ისა და პ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. ვ. წ-ესა და პ. ჭ–ს ა. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7179 ლარის გადახდა.
6. დანარჩენ ნაწილში, ა. კ-ის სარჩელი ვ. წ-ისა და პ. ჭ–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდეს;
7. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინება და 2016 წლის 11 თებერვლის განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
8. ა. კ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის თაობაზე საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
9. ვ. წ-ესა და პ. ჭ–ს ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროთ გადახდილი ბაჟის ნაწილის 713.81 ლარის გადახდა;
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ნ. ბაქაქური