Facebook Twitter

№ ას-175-175-2018 19 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – შპს „ე-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. გ-ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ე-ის“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დავალიანების ძირითადი თანხის - 27 616,37 აშშ დოლარის, სარგებლის - 8 608,29 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 2 300 აშშ დოლარის დაკისრება;

1.2. დავალიანების დაფარვა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე, მათ შორის, დავალიანების დაფარვის მიზნით პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა №8---------, ს/კ 0----------------------, სარეალიზაციოდ მიქცევა.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2007 წლის 14 თებერვალს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №5--. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში 2009 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა №5-7- იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველ მოპასუხეზე გაიცა სესხი 65 660 აშშ დოლარი 120 თვის ვადით, წლიური 16,3% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით;

2.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, თ. ქუჩა №8-., ს/კ 0-, რომლის მესაკუთრე არის პირველი მოპასუხე;

2.3. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მეორე მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა პირველი მოპასუხის ვალდებულებაზე მოსარჩელის მიმართ;

2.4. მოპასუხე მხარემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

3. პირველმა მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ფარგლებში, ხოლო პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ და მოითხოვა მისი შემცირება.

4. მეორე მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 38 524,66 აშშ დოლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხის ოდენობაა 27 616,37 აშშ დოლარი, სარგებელი - 8 608,29 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 300 აშშ დოლარი. დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, თ. ქუჩა (კორპუსი) №8-, ს/კ 0-, სარეალიზაციოდ მიქცევა. დადგინდა, რომ თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, თ. ქუჩა (კორპუსი) №8-, ს/კ 0--, რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავდა დავალიანებას მოსარჩელის მიმართ, აღსრულება მიქცეულიყო მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

6. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2017 წლის 2 მარტის განჩინება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. 2016 წლის 28 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რომელიც სასამართლო მოსამზადებელი სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;

10.2. 2016 წლის 28 ნოემბრის სხდომის შესახებ პირველ მოპასუხეს უწყება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს (დას) – მ. ბ-ეს, 2016 წლის 2 ნოემბერს. თუმცა პირველი მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც დროულად უცნობებია სასამართლოსათვის მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

11. სააპელაციო პალატამ მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილ საჩივარში პირველი მოპასუხის განმარტებაზე, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ის თავის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ა-ში, საიდანაც სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით მეგობრისა და ნათესავის კ. მ–ის ავტომანქანით (სახ. ნომერი C-) გამოემგზავრა 2016 წლის 28 ნოემბერს, იმ ვარაუდით, რომ სასამართლოში ყოფილიყო 13:00 საათისათვის. თუმცა ავტომანქანა მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან და დასჭირდა შეკეთება. აღნიშნული მიზეზით პირველი მოპასუხე სასამართლოში ნაცვლად 13:00 საათისა, გამოცხადდა 14:00 საათზე.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 და 102-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა კ. მ–მა განაცხადა, რომ პირველ მოპასუხესთან ერთად თბილისში დაბრუნდა დაახლოებით საღამოს 5:00-6:00 საათზე, რაც ეწინააღმდეგებოდა საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივარში მითითებული გარემოება ცალსახად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, რაც სატელეფონო კომუნიკაციის ფართო შესაძლებლობის პირობებში შეუძლებელს ხდიდა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს დროულად ინფორმირებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველ მოპასუხეს შეეძლო სასამართლოსათვის სხდომამდე დროულად ეცნობებინა შესაძლო დაგვიანების მიზეზის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგ მხარე სადავოდ ხდიდა საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტს, მხოლოდ მოწმის ჩვენებით იმის დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, არ იყო საკმარისი. მითუმეტეს, როდესაც იმთავითვე არასარწმუნო იყო მოწმის ჩვენება, პირველ მოპასუხესთან მისი ნათესაური და მეგობრული კავშირის გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მხარეს უნდა წარედინა მეტად სარწმუნო ობიექტური მტკიცებულება, მაგალითად, საპატრულო ეკიპაჟის ან გზებზე ტექნიკური დახმარების სამსახურის გამოძახების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც უფრო დამაჯერებელს გახდიდა მხარისა და მოწმის განმარტებას შექმნილ დაბრკოლებასთან დაკავშირებით.

14. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პრეტენზია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის პირობებში, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საფუძვლიანი იყო მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო მისი ოდენობა, რომელსაც სადავოდ ხდიდა პირველი მოპასუხე, შეიძლება შემცირებულიყო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს ინიციატივით და შეხედულებით, თუმცა იგი არ შეიძლება გამხდარიყო სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის მტკიცების საგანი.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

16. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

16.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია საპატიოდ სასამართლოს სხდომაზე პირველი მოპასუხის გამოუცხადებლობა;

16.2. უმეტეს შემთხვევაში არათუ ჯავახეთ-ახალციხიდან, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოდანაც კი შეუძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;

16.3. არარეალურია სააპელაციო სასამართლოს მითითება საპატრულო ეკიპაჟის ან გზებზე ტექნიკური დახმარების სამსახურის გამოძახების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე. აღნიშნული რეალური იქნებოდა თბილისისა და მისი შემოგარენისათვის;

16.4. გაუგებარია სასამართლოს პოზიცია მოწმის ჩვენების იმთავითვე არასარწმუნოობის შესახებ.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. კასატორის პრეტენზია ძირითადად იმ გარემოებას ემყარება, რომ სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

24. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

26. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

27. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

28. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 28 ნოემბერს დანიშნული სხდომის შესახებ პირველი მოპასუხისათვის ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ პირველი მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და სხდომამდე არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. ასევე დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სადავოა, პირველი მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

30. იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

31. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

32. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი.

34. პირველი მოპასუხე სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებს, რომ მგზავრობისას მას შეექმნა პრობლემები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი), რამაც ხელი შეუშალა დროულად გამოცხადებულიყო სასამართლოში. თუმცა აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება, გარდა მოწმის ჩვენებისა, მას არ წარუდგენია.

35. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგ მხარე სადავოდ ხდის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტს, მხოლოდ მოწმის ჩვენებით (რომელიც ამავდროულად პირველი მოპასუხის ნათესავი და მეგობარია) იმის დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, არ არის საკმარისი. მითუმეტეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული პირის ჩვენებასა და პირველი მოპასუხის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას შორის არის წინააღმდეგობა: საჩივარში პირველი მოპასუხე უთითებს, რომ სასამართლოში გამოცხადდა 14:00 საათზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი), მოწმემ კი განაცხადა, რომ პირველ მოპასუხესთან ერთად თბილისში დაბრუნდა დაახლოებით საღამოს 5:00-6:00 საათზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმის ჩვენების შინაარსი არ ქმნის მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის ურყევ რწმენას.

36. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას მხარის მიერ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მეტად სარწმუნო, ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროების შესახებ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის იმ შედავებას, რომ საპატრულო ეკიპაჟის ან გზებზე ტექნიკური დახმარების სამსახურის გამოძახების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა რეალურია მხოლოდ თბილისისა და მისი შემოგარენისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპატრულო ეკიპაჟების მოქმედების არეალი მხოლოდ კასატორის მიერ დასახელებული ტერიტორიით არ არის შემოფარგლული.

37. საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ პირველ მოპასუხეს შეეძლო სასამართლოსათვის სხდომამდე დროულად ეცნობებინა შესაძლო დაგვიანების მიზეზის შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების შეუძლებლობის თაობაზე და მიუთითებს, რომ მხარეებისათვის მოსამართლის აპარატთან დაკავშირების შესაძლებლობა არათუ ჯავახეთ-ახალციხიდან, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც კი არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კასატორის დასახელებული პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მისთვის შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინებას.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს სასამართლოს სხდომაზე პირველი მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთება ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

39. შესაბამისად, კასატორი ვერ უთითებს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.

41. ამასთან, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-104-97-2015, 15 აპრილი, 2015 წელი; №ას-847-847-2018, 25 სექტემბერი, 2018 წელი).

42. გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. გ-ს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 (ასი) ლარისა და 2018 წლის 5 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 (ორასი) ლარის, ჯამში 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შ. გ-ს (პ/ნ: 0-) დაუბრუნდეს ა. გ-ს (პ/ნ: 0-) მიერ 2018 წლის 19 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 (ასი) ლარისა და 2018 წლის 5 მარტს №0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის - 200 (ორასი) ლარის, ჯამში 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე