Facebook Twitter

№ ას-49-49-2018 31 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ. და გ. ჟ–ები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჟ–ის და გ. ჟ–ის (შემდგომში - „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ და მოითხოვა თითოეული მოპასუხისათვის მათი არასრულწლოვანი ძმის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 ლარის დაკისრება.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელე და ჰ. ჟ–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ 2005 წლის 26 სექტემბერს შეეძინათ შვილი - შ. ჟ–ი;

2.2. ჰ. ჟ–ს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი - ლ. ჟ–ი და გ. ჟ–ი, რომლებიც სრულწლოვანები არიან;

2.3. ჰ. ჟ–ი გარდაიცვალა 2009 წლის 29 მაისს. მას გარდაცვალების მომენტისთვის საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, მე-18 კორპუსი, ბინა N5;

2.4. ნოტარიუს ზ. ბათუაშვილის მიერ 2014 წლის 23 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, შ. ჟ–ი მოპასუხეებთან ერთად ცნობილ იქნა მემკვიდრედ მამის დანაშთ ქონებაზე, მათ შორის გარდაცვლილი ჰ. ჟ–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის 1/4 წილზე;

2.5. მოსარჩელე არ მუშაობს და არ გააჩნია შემოსავალი. იგი ცხოვრობს სოფლად, ვერ ახერხებს დასაქმებას და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის სათანადო რჩენა-აღზრდას;

2.6. არასრულწლოვან შ. ჟ–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროება სამედიცინო კვლევების ჩატარება. ვინაიდან მოსარჩელე იმყოფება მძიმე ეკონომიკურ პირობებში, მას არ გააჩნია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო გამოკვლევისათვის საჭირო ფინანსური რესურსი;

2.7. ორივე მოპასუხე დასაქმებულია და აქთ მაღალი შემოსავალი. ამასთან, გ. ჟ–მა 2010წ-დან 2015წ-ის ჩათვლით პერიოდში შეიძინა არაერთი მიწის ნაკვეთი. ხოლო ლ. ჟ–მა 2013 წელს სოფელ მ-ში შეიძინა სახლი და მიწის ნაკვეთი 13 000 (ცამეტი ათას) ლარად. ვინაიდან მოპასუხეებს აქვთ საკმაო სახსრები, ისინი მოვალენი არიან, არჩინონ არასრულწლოვანი ძმა, რომელსაც ესაჭიროება დახმარება.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ:

3.1. არასრულწლოვან დას ან ძმას შრომისუნარიანი და-ძმისგან საალიმენტო ვალდებულების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის მოთხოვნა არ შეუძლია მშობლისგან, კერძოდ, როდესაც არასრულწლოვანს ჰყავს შრომისუუნარო მშობელი. განსახილველ შემთხვევაში კი არასრულწლოვან შ. ჟ–ს ჰყავს დედა - ლ. მ–ი, რომელიც შრომისუნარიანია და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისი ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიან პირად აღიარების ფაქტი. ამდენად, არასრულწლოვნის დედას ეკისრება ვალდებულება, არჩინოს თავისი შვილი;

3.2. მოპასუხეები ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ და ისინი თავიანთ შემოსავალს ერთობლივად ანაწილებენ ოჯახის სარჩენად. ლ. ჟ–ის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1000 (ათას) ლარს, ხოლო გ. ჟ–ს ხელზე ასაღებ თანხად უფიქსირდება 1108 (ათას ას რვა) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი;

3.3. გ. ჟ–ს ჰყავს ოჯახი - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა რჩენის ვალდებულებაც აკისრია. ამასთან, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ხერხემალთან დაკავშირებით და ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა;

3.4. მოპასუხეებს გააჩნიათ საკრედიტო ვალდებულებები, კერძოდ, გ. ჟ–ი სესხის დასაფარად ყოველთვიურად იხდის 370 ლარს, საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების დასაფარად კი 80 ლარს; ხოლო ლ. ჟ–ი ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად ყოველთვიურად იხდის დაახლოებით 600 (ექვსას) ლარს. აღნიშნული საკრედიტო ვალდებულებებისა და ყოველთვიური მიმდინარე ხარჯების, მათ შორის, კომუნალური გადასახადების გათვალისწინებით, ორივე მოპასუხის შემოსავალი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიჩნეულ იყვნენ საკმაო სახსრების მქონე პირებად. ამასთან, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეებს საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონებები, თავისთავად არ გულისხმობს, რომ მათ კარგი შემოსავალი აქვთ;

3.5. ალიმენტის მოთხოვნის უფლება გააჩნია ისეთ ახლო მონათესავე პირს, რომელიც არის ალიმენტვალდებული პირის და ან ძმა, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არიან დედით და მამით ერთნი და ითვლებიან ოჯახის წევრებად; განსახილველ შემთხვევაში კი არასრულწლოვანი შ. ჟ–ი მოპასუხეებისათვის მხოლოდ სისხლით მონათესავე ნახევარძმაა, იგი არ არის მათი ახლო ნათესავი და არ წარმოადგენს მოპასუხეთა ოჯახის წევრს;

3.6. ჰ. ჟ–ი გარდაცვალებამდე მძიმედ ავადმყოფობდა და მოსარჩელეს მის მოვლაში არც ფიზიკური და არც ფინანსური მონაწილეობა არ მიუღია. მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯებიც მხოლოდ მოპასუხეთა მხრიდან იქნა გაღებული;

3.7. სამკვიდრო ქონებაზე, რომელზეც რეგისტრირებული იყო ჰ. ჟ–ის მემკვიდრეების თანასაკუთრების უფლება, გაუქმდა საზიარო უფლება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა მემკვიდრეებს შორის წილების შესაბამისად. არასრულწლოვან შ. ჟ–ს მიეკუთვნა თავისი წილის პროპორციული თანხა, დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

3.8. ლ. მ–ს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი და სახლი. ვინაიდან მოსარჩელე შრომისუნარიანია, შეუძლია მიწის ნაკვეთის დამუშავების შედეგად მიიღოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო შემოსავალი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს დაეკისრათ არასრულწლოვანი ძმის - შ. ჟ–ის სასარგებლოდ თითოეულის შემთხვევაში ყოველთვიურად 75-75 ლარის, სულ ჯამში - 150 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანებამდე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ლ. მ–ს და ჰ. ჟ–ს 2005 წლის 26 სექტემბერს შეეძინათ საერთო შვილი - შ. ჟ–ი;

7.2. ჰ. ჟ–ს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი: გ. ჟ–ი და ლ. ჟ–ი;

7.3. ჰ. ჟ–ი გარდაიცვალა 2009 წლის 25 მაისს. 2014 წლის 23 სექტემბერს მამკვიდრებელ ჰ. ჟ–ის დანაშთ ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და პირველი რიგის მემკვიდრეებმა, გ. ჟ–მა, ლ. ჟ–მა, ლ-ნა ჟ–მა და შ. ჟ-მა, თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-4-; აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მემკვიდრეები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ თანამესაკუთრეებად თანაბარი წილის უფლებით;

7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით, შ. ჟ–ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა გ. ჟ–ის, ლ--ნა ჟ–ის, ლ. ჟ–ის და შ. ჟ–ის საზიარო ფლება ქონებაზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, მასივი დიღომი, კ., საკადასტრო კოდი №0-, საზიარო საგნის აუქიცონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეებს შორის წილების შესაბამისად, თითოეულ თანამესაკუთრეს გადაეცა ამონაგები თანხის ¼ ნაწილი;

7.5. მოპასუხე ლ. ჟ–მა 2013 წლის 05 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი, საკადასტრო კოდი №5-, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 15000 ლარით. მოპასუხე გ. ჟ–მა 2010 წლის 07 აპრილს შეიძინა ორი მიწის ნაკვეთი: გურჯაანის რაიონის სოფელ მ-ში „ნ-ში“, მიწის ფართი 2200.52 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №5-) და ამავე სოფელში მდებარე „ნ-ში“ შეიძინა მიწის ფართი 1099.55 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №5-). მოპასუხე გ. ჟ-მა 2012 წლიდან 2015 წლებში ასევე შეიძინა სხვადასხვა მიწის ნაკვეთები, მდებარე: 1. გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი - (საკადასტრო კოდი №5-); 2. გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი, სახნავი (საკადასტრო კოდი №5-); 3. გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი, სახნავი (საკადასტრო კოდი №5-); 4. გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) – (საკადასტრო კოდი 5--); 5. გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი, სასოფლო -სამეუნეო (სახნავი) – (საკადასტრო კოდი №5-); 6. გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი, სასოფლო -სამეუნეო (სახნავი) – (საკადასტრო კოდი №5-); 7. გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი (სახნავი) – (საკადასტრო კოდი 5-); 8. გურჯაანის რაიონი, სოფელი მ-ი; (სახნავი) – (საკადასტრო კოდი №5-);

7.6. ლ. მ–ი და არასრულწლოვანი შ. ჟ–ი ფაქტობრივად ცხოვრობენ გურჯაანის რაიონის სოფელ ვ-ში. ლ. მ–ს დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი მარჩენალის გარდაცვალების გამო ბავშვზე - შ. ჟ–ზე 26.05.2009 წლიდან 01.10.2023 წლამდე. მისი სოციალური პაკეტის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს;

7.7. არასრულწლოვანი შ. ჟ–ი სწავლობს სოფელი ვ-ის საჯარო სკოლაში; მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, მისი დიაგნოზია - ,,საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები“. იგი საჭიროებს 3D/4D ფორმატში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევას;

7.8. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მოსარჩელე ლ. მ–ის მიერ 01.01.2012 წლიდან 07.04.2017 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ლ. მ–ის სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, მისი განმარტებით, ლ. მ–ის ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას;

7.9. ლ. მ–ი და არასრულწლოვანი შ. ჟ–ი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 106010;

7.10. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობის თანახმად, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ-ის საკრებულოს 2001-2005 წ.წ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ჟ. (გ.) დ-ს ძე მ–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ჟ. (გ.) მ–ი - ოჯახის უფროსი, ზ. მ–ი - ცოლი, ლ. მ–ი - შვილი და შ. ჟ–ი - შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 1,00 ჰა მიწა;

7.11. მოპასუხეები ლ. ჟ–ი და გ. ჟ–ი ცხოვრობენ ერთად მისამართზე: თბილისი, დიღმის მასივი, 4-; გ. ჟ–ი 2014 წლის 30 სექტემბრიდან ქორწინებაშია თ. მ–თან; მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2015 წლის 22 თებერვალს დაბადებული ა. ჟ–ი და 2017 წლის 25 აპრილს დაბადებული ლ. ჟ–ი;

7.12. მოპასუხე გ. ჟ–ი მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 1108.60 ლარს; მოპასუხე ლ. ჟ–ი მუშაობს სს სადაზღვევო კომპანია „უ-ში“ და მისი ფიქსირებული ანაზღაურება (ხელზე ასაღები თანხა) შეადგენს 1000 (ათას) ლარს;

7.13. მოპასუხე გ. ჟ–ის ფინანსური ვალდებულება სს „ს-ის“ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 9290 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანება - 1246.36 ლარს. ასევე, გ. ჟ–ის სახელზე სს „ლ-თან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმდინარე დავალიანება შეადგენს 934.2 ლარს. მიმდინარე საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით, გ. ჟ–ი იხდის ყოველთვიურად თანხას 370 (სამას სამოცდაათი) ლარის ოდენობით;

7.14. მოპასუხე ლ. ჟ–ის ფინანსური ვალდებულება სს „ს-ის“ წინაშე 17.12.2016 წლის მდგომარეობით №4- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 5 140 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანება - 885.04 ლარს. ასევე, ლ. ჟ–ის სასესხო დავალიანება სს „ბაზისბანკის“ წინაშე 2016 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, მიმდინარე პროცენტის გათვალისწინებით შეადგენს 8002.46 ლარს; მიმდინარე საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხე ლ. ჟ–ი ყოველთვიურად იხდის 600 (ექვსას) ლარს;

7.15. საქმეში წარმოდგენილი შპს „სამედიცინო სამკურნალო ცენტრი „ე.“-ს მიერ 02.04.2016 წელს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, ლ. მ–ის დიაგნოზია - „გასტროეზოფაგური რეფლექსი, R29, გასტრიტი და დუოდენიტი, R58 გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი“. საქმეს არ ერთვის იმ სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე მხარეს რაიმე სახით შეზღუდული აქვს შრომისუნარიანობა. ლ. მ–ი შრომისუნარიანია, თუმცა სტაბილურად დასაქმებული არ არის და არ გააჩნია შემოსავალი;

7.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.04.2016 წლის გადაწყვეტილებაზე 2016 წლის 20 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საზიარო საგნის რეალიზაცია განხორციელდა აუქციონზე და ამონაგები თანხა განაწილდა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად. არასრულწლოვან შ. ჟ–ს მიეკუთვნა თავისი წილის პროპორციული თანხა, დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

7.17. მოპასუხეებს ლ. ჟ–ს და გ. ჟ–ს არ აქვთ ურთიერთობა არასრულწლოვან ძმასთან, შ. ჟ–თან, არ ნახულობენ მას და არ ფლობენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; მოპასუხეებს არასრულწლოვან შ. ჟ–თან არ გააჩნიათ მჭიდრო ოჯახური კავშირი;

7.18. ჰ. ჟ–ს თავის სიცოცხლეში ჰქონდა გარკვეული ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. მხარეთა ახსნა-განმარტებით, ლ. მ–ი არ ზრუნავდა ჰ. ჟ–ზე, რომელიც გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა და საჭიროებდა შესაბამის მოვლასა და მკურნალობას. მოსარჩელეს ასევე არ მიუღია მონაწილეობა ჰ. ჟ–ის დაკრძალვის ხარჯებში.

8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან არასრულწლოვან შ. ჟ–ს მიღებული აქვს მამის სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილი და, ამასთან, მოპასუხეებს არ აქვთ მჭიდრო ოჯახური კავშირი არასრულწლოვანთან, და-ძმას არ ეკისრება მისი რჩენის ვალდებულება. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა და-ძმებს აკისრებს ურთიერთრჩენის მოვალეობას, მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი შ. ჟ–ი საჭიროებს დახმარებას და არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან, ხოლო მის სრულწლოვან შრომისუნარიან და-ძმას აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. ის გარემოება, რომ მოპასუხეები არასრულწლოვან შ. ჟ–თან ერთად არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის არ არის ჩამოყალიბებული თბილი, ემოციური ურთიერთდამოკიდებულება, მოპასუხეებს მოცემულ შემთხვევაში არ ათავისუფლებთ არასრულწლოვანი ძმის საალიმენტო ვალდებულებისაგან.

10. სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დებს და ძმებს არასრულწლოვანი და-ძმების რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილის რჩენას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე შრომისუნარიანია, თუმცა სტაბილურად დასაქმებული არ არის და არ გააჩნია შემოსავალი. მიუხედავად ლ. მ–ის შრომისუნარიანობისა, მის არასრულწლოვან შვილს არ შეუძლია მიიღოს სარჩო მშობლისაგან სხვა გარემო-ფაქტორების გათვალისწინებით. კერძოდ, მოსარჩელე ცხოვრობს სოფელში, იგი მარტო, დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან შვილს, თავის თავზე იღებს შვილის მოვლა-აღზრდას და ამ ვალდებულების გამო, გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ მშობლის შრომისუნარიანობის ფაქტი არ შეიძლება წარმოადგენდეს განმსაზღვრელ გარემოებას არასრულწლოვანი პირის მიერ მშობლისაგან სარჩოს მიღების შეუძლებლობის დასადგენად.

11. სააპელაციო პალატამ აგრეთვე განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს გადაწყვეტილების მიღების დროს არსებულ მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამასთან, ალიმენტვალდებული პირის ფინანსური ვალდებულებები რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიმართ არ შეიძლება გახდეს ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის გონივრული ოდენობით ალიმენტის განსაზღვრაზე უარი თქმის საფუძველი. მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. რაც შეეხება შემოსავლის განკარგვას, მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების შემდეგ დარჩება. კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აპელანტებს კრედიტი აღებული აქვთ გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1223-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის, სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯები კი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა არასრულწლოვანი ძმის - შ. ჟ–ის სასარგებლოდ საალიმენტო ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლად.

12. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე და მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრული იყო და შეესაბამებოდა როგორც მოპასუხეების, ისე არასრულწლოვანი შ. ჟ–ის მატერიალურ მდგომარეობას.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. კასატორებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლის თანახმად, შრომისუნარიანი და-ძმისთვის ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ გააჩნიათ საკმარისი სახსრები. მითითებული ნორმა არ მოიაზრებს, რომ თუკი სრულწლოვან დებსა და ძმებს საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება, მათ უნდა მოახდინონ აღნიშნული ქონების რეალიზაცია არასრულწლოვანი დების ან ძმების სარჩენად. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს შემოსავალი უფიქსირდებათ მხოლოდ დარიცხული ხელფასის სახით, საიდანაც დიდი ნაწილი მიედინება ბანკის მიმართ არსებული საკრედიტო ვალდებულებების შესასრულებლად, ხოლო დარჩენილი ნაწილი ყოველთვიური მიმდინარე ხარჯების, მათ შორის კომუნალური გადასახადების დასაფარად. აღნიშნული საკრედიტო ვალდებულებებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ. ჟ–ს ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა რჩენის ვალდებულებაც აკისრია, აგრეთვე მას აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებს მკურნალობას, კასატორების შემოსავალი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნეს საკმაო სახსრებად;

14.2. არასრულწლოვან დას ან ძმას შრომისუნარიანი და-ძმისგან საალიმენტო ვალდებულების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის მოთხოვნა არ შეუძლია მშობლისგან, რაც გულისხმობს, რომ შვილის რჩენა მშობელმა ვერ უნდა შეძლოს მისი ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლის გამო. ეს უკანასკნელი უნდა წარმოადგენდეს შრომისუუნარო ან შეზღუდული უნარის მქონე პირს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე, დადგენილია, რომ ლ. მ–ი შრომისუნარიანია, თუმცა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს, მიუხედავად მისი შრომისუნარიანობისა, მხოლოდ პერიოდულად გააჩნდა სამუშაო და შემოსავალი, მიიჩნია საკმარის საფუძვლად კასატორების მიმართ ალიმენტის დაკისრებისათვის;

14.3. სააპელაციო სასაამრთლომ აგრეთვე არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არასრულწლოვანი შ. ჟ–ი კასატორებისთვის მხოლოდ სისხლით მონათესავე ნახევარ ძმაა, იგი არ არის მათი ახლო ნათესავი და არ წარმოადგენს კასატორთა ოჯახის წევრს, მათ ერთმანეთთან არ აკავშირებთ არც უბრალოდ ოჯახის წევრობა და არც მჭიდრო ოჯახური კავშირი. ალიმენტის მოთხოვნის უფლება კი აქვს მხოლოდ ახლო მონათესავე დას ან ძმას, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არიან მამით და დედით ერთნი და ერთმანეთისთვის ოჯახის წევრებად ითვლებიან.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მხოლოდ მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ან არასწორად განმარტა კანონი, არ აკმაყოფილებს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიის (შედავების) მიმართ არსებულ სტანდარტს.

21. კასატორების მთავარი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხეთა ფინანსური მდგომარეობა და არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის სხვა წევრებს შორის არსებული ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობები ძირითადად საალიმენტო ვალდებულებათა სახით იჩენს თავს პრაქტიკაში. ამგვარი ვალდებულების ერთერთი სახეა და-ძმას შორის არსებული საალიმენტო ვალდებულება. აღნიშნული სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლით, რომლის თანახმად, „დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავის მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.“ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, და-ძმებს შორის საალიმენტო ვალდებულების წარმოშობა არ არის დაკავშირებული იმასთან, ღებულობდა თუ არა მოპასუხე თავისი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი და-ძმის აღზრდაში მონაწილოებას. კანონმდებელი ასეთ შემთხვევაში გამოდის მათ შორის სისხლით ნათესაობის ფაქტიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლი არ ახდენს დიფერენცირებას, ალიმენტის დაკისრების მიზნებისთვის რა სახის სისხლის ნათესაობა უნდა არსებობდეს, კერძოდ არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის თაობაზე, რომ ალიმენტის მიმღები და ალიმენტვალდებული პირი სავალდებულოდ უნდა იყვნენ დედით და მამით ერთნი. აღნიშნული მუხლის შინაარსის ამგვარი შეზღუდული განმარტება ავიწროებს დაცულ სუბიექტთა წრეს და არ გამომდინარეობს ნორმის დისპოზიციიდან. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასაამრთლომ, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლი.

22. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ინტერესების უპირატესობას აღირებს გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაც და განმარტავს, რომ “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ”. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ამდენად, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა. ალიმენტის დაკსირება მიზნად ისახავს ბაშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების, სულიერი და ზნეობრივი აღზრდისა და სოციალური ადაპტაციისთვის აუცილებელი ყველა პირობის საუკეთესო უზრუნველყოფას.

23. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72;. შდრ. სუსგ Nას-967-916-2015, 2016 წლის 25 თებერვალი). ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, ალიმენტვალდებული პირების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. როგორც წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად დაადგინა ალიმენტის განსაზღვრული ოდენობა.

24. ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლი, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. კასატორებს, აგრეთვე, არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

25. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ძმის რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, თითოეული მოპასუხისათვის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. და გ. ჟ–ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს ლ. ჟ–სა (პ/ნ: 0-) და გ. ჟ–ს (პ/ნ: 1-) დაუბრუნდეთ ლ. ჟ–ის მიერ 2018 წლის 9 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზ---“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე