Facebook Twitter

საქმე №ას-1531-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ც-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ი–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ც-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2107 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 700 ლარი, საკომისიო – 143 ლარი, სესხის ნარჩენი ძირით სარგებლობის საკომისიო – 632 ლარი, პირგასამტეხლო კი, – 632 ლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 15 აპრილს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება. სესხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 300 ლარს, რომელიც კომპანიის მიერ გაიზარდა 700 ლარამდე. მოპასუხე დაეთანხმა გაზრდილი ლიმიტით სესხის აღებას შემდეგი პირობებით: სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა 700 ლარი, სესხის დაბრუნების ვადად – 2015 წლის 1 ივლისი, საკომისიო – 143 ლარი, ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის ყოველდღიური პირგასამტეხლო დღეში – 4 ლარი, ასევე, სესხის ნარჩენი ძირით სარგებლობის საკომისიო – დღეში 4 ლარი.

3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 2107 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განჩინებით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საჩივარი შეიტანა 2016 წლის 7 დეკემბერს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განჩინება მოპასუხეს მის მიერ საჩივარში (ს.ფ 72) მითითებულ მისამართზე ვერც ფოსტისა და ვერც პოლიციის ორგანოს მეშვეობით ვერ ჩაბარდა (ს.ფ 108-122).

9. ამდენად, სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით დადგინდა, რომ მოპასუხეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საჯარო შეტყობინებით უნდა ჩაბარებოდა (ს.ფ 123-125).

10. სასამართლომ განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განჩინება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს და ამ დღიდან გასაჩივრების 14-დღიანი ვადა მითითებული მომენტიდან აითვლებოდა. განჩინება სასამართლოს შენობის თვალსაჩინო ადგილას და ვებ-გვერდზე 2017 წლის 19 აპრილს განთავსდა (ს.ფ 126). შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 27 აპრილს და ამოიწურა 2017 წლის 10 მაისს. მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2018 წლის 2 ივლისს წარადგინა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მისთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულება არაგონივრულად დიდია. სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა ბევრად აღემატება მოპასუხის მიერ მიღებულ სესხის ძირითად ოდენობას და უნდა შემცირდეს.

13. მოპასუხეს ვერ ჩაბარდა სასამართლო გზავნილი, რადგან, ოჯახში შექმნილი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ბანკის სესხის დასაფარად გაიყიდა მოპასუხის ბინა. აღნიშნულის შემდეგ მხარე ცხოვრობს ქირით სხვადასხვა მისამართებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

16. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას აწესებს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს საწინააღმდეგოდ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განჩინება მოპასუხეს მის მიერ საჩივარში (ს.ფ 72) მითითებულ მისამართზე არაერთხელ გაეგზავნა, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატის არყოფნის გამო. სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა ვერ მოხერხდა ვერც პოლიციის მეშვეობით, რომლის აქტით დასტურდება, რომ მოპასუხე დასახელებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს (ს.ფ 108-122). აღნიშნული გარემოება დაადასტურა თავად კერძო საჩივრის ავტორმაც, რომელმაც მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელშიც იგი რეგისტრირებული იყო, გაიყიდა ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად და ამჟამად მხარე ცხოვრობს ქირით. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი მისამართი მოპასუხემ სასამართლოს მხოლოდ კერძო საჩივრის წარდგენის ეტაპზე აცნობა.

18. ამდენად, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გაავრცელა საჯარო შეტყობინება (ს.ფ 123-125). სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინება განთავსდა სასამართლოს შენობის თვალსაჩინო ადგილას და ვებ-გვერდზე 2017 წლის 19 აპრილს (ს.ფ 126).

19. მითითებული განჩინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 მარტის განჩინება მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს და ამ დღიდან გასაჩივრების 14-დღიანი ვადა აითვლებოდა მითითებული მომენტიდან.

20. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2017 წლის 27 აპრილს და ამოიწურა 2017 წლის 10 მაისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2018 წლის 2 ივლისს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

22. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 76-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

23. კანონის მითითებული დანაწესი ავალდებულებს მხარეებს, აცნობონ თავისი რეალური ადგილსამყოფლის მისამართი სასამართლოს, რათა დროულად განხორციელდეს მათთვის სათანადო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარება და საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების ეფექტურად და საპროცესო ეკონომიის პრინსიპის დაცვით განხორციელებას.

24. როგორც უკვე აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორმა თავად დაადასტურა, რომ სასამართლოსათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია, შესაბამისად, მან სსსკ-ის 76-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია. აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს იმ ფაქტს, რომ მხარეს სასამართლო გზავნილი კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა.

25. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საქმის არსებით გარემოებებზე (მოპასუხისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობაზე და ა.შ), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო.

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე