Facebook Twitter

საქმე №ას-1568-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს. ა-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. კ-ისა (შემდგომ – მესაკუთრე მოპასუხე) და ა. ო-ის (შემდგომ – შემძენი მოპასუხე) მიმართ 2015 წლის 29 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აღიარების კომისიის 2014 წლის გადაწყვეტილებით 240 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა მოპასუხის საკუთრების უფლება და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გასცა საკუთრების მოწმობა.

3. ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწა. მოპასუხის მიერ უკანონოდ აღიარებული მიწის ნაკვეთი სრულ იზოლაციაში აქცევს და უკარგავს მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენების შესაძლებლობას.

4. მოსარჩელის მიერ სასამართლო წესით გასაჩივრდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება.

5. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობის დადასტურების ნაწილში და კომისიას დაევალა გადაწყვეტილების მიღება გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.

6. მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა.

7. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოში არსებული დავის პარალელურად მოპასუხემ უძრავი ქონება მიჰყიდა მეგობარს – შემძენ მოპასუხეს, რათა ამ გზით შეენარჩუნებინა სახელმწიფოსაგან უკანონოდ ხელში ჩაგდებული ქონება. დღემდე უძრავი ქონებით სარგებლობს მოპასუხე.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხეებმა მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო გარიგება ცნობილ იქნა ბათილად, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამასთან, მოსარჩელე აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის დასასაბუთებლად მიუთითებს, რომ მას ეზღუდება საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებამოსილება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ქონება – ნასყიდობის საგანი, რომლის ბათილობასაც ითხოვს, მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წინ, ამ მიწის ნაკვეთზე გავლის გარეშე საკუთარი მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება (მისვლა) შეუძლებელია, ვინაიდან ქონება საკუთრებაში გადაეცა კერძო პირებს, ისინი არ დაუშვებენ მოსარჩელის მიერ ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობას.

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 180-ე მუხლით და განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის

13. აუცილებელია, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისაგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: № 1089-1009-2017, 05.12.2017წ; № ას-437-409-17 29.09.17, №-ას-916-857-17 12.09.17, №ას-302-285-17, 16.06.17, №ას-244-232-17 19.05,17 №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; №ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; № ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; №ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; № ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.6.2016წ; №ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია, შესაძლებელია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.

15. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე მიუთითებს, რომ უძრავი ნივთის გასხვისების შედეგად მას ეზღუდება საკუთარი მიწის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის უფლება და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევაში სახელწიფო აღარ გაასხვისებს სხვა პირზე აღნიშნულ უძრავ ქონებას, მაგრამ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიციას.

16. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა წარადგინა მტკიცებულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, სარჩელის შეტანის შემდეგ, მოსარჩელემ კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისა. შესაბამისად, არამესაკუთრე პირის მიერ დავის საგანთან მიმართებით იურიდიულ ინტერესზე და მისთვის შედეგის მნიშვნელობაზე საუბარი სრულიად უსაფუძვლოა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურებულია, რომ ახალ მესაკუთრეს წარმოადგენს სხვა პირი – ალი ბოზდუევი, შესაბამისად, მოსარჩელეს კონკრეტულ დავაში მის მიერვე მითითებული უფლებების აღდგენის ფარგლებში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ აქვს.

17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ კი ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი, უძრავი ქონება დაუბრუნდება სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს კვლავ გაასხვისოს იგი. ასეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე ნამდვილი იურიდიული ინტერესის ფარგლებში მიუთითებს საკუთარი მიწის ნაკვეთით ჯეროვან სარგებლობაში ხელშეშლაზე, ის გარემოება, თუ ვის საკუთრებაში იქნება მიწის ნაკვეთი, ვერ მოახდენს გავლენას მოსარჩელის მიერ მითითებული უფლებების დაცვაზე, რადგან როგორც სახელმწიფოს, ასევე, ნებისმიერ ფიზიკურ პირს მოსარჩელემ (თუკი მის მიერ მითითებული გარემოებები დადასტურდება) შეუძლია, წარუდგინოს მოთხოვნები, სამეზობლო სამართლიდან გამომდინარე, უფლებათა რეალიზაციის შესახებ. ამდენად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებისა და დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება.

18. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რამეთუ სასარჩელო მოთხოვნა ამ ეტაპზე არ აკმაყოფილებს აღიარებითი სარჩელისთვის დადგენილ პროცესუალურ-სამართლებრივ მოთხოვნებსა და წინაპირობებს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს სარჩელით მიმართა არა იმ საკითხის გასარკვევად, მესაკუთრე მოპასუხემ მისი მიწის ნაკვეთის წინ საკუთრებაში აღიარების გზით რა საფუძვლით მიიღო მიწის ნაკვეთი, არამედ იმისთვის, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტებით მოსარჩელე საკუთრებაში აღიარებას ითხოვდა სულ სხვა კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის მქონე მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის თავად მოსარჩელის საკუთრებაში. საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შემდეგ, როცა მესაკუთრე მოპასუხე მივიდა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დასარეგისტრირებლად, წარდგენილი ნახაზის თანახმად, მან უძრავი ქონება ვერ დაირეგისტრირა, ვინაიდან ქონება იყო მოსარჩელის საკუთრებაში. მესაკუთრე მოპასუხემ თვითნებურად შეცვალა აზომვითი ნახაზი და, ამ ნახაზის თანახმად, საკუთრებაში დაირეგისტრირა მოსარჩელის საკუთრებასა და ავტოტრასას შორის არსებული სივრცე (ტროტუარი), რომელიც მას საკუთრებაში არ გადასცემია. სწორედ გაყალბებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მესაკუთრე მოპასუხის საკუთრებაში აღმოჩნდა მიწის ნაკვეთის ის მონაკვეთი, რომელიც საკუთრების აღიარების კომისიას მისთვის საკუთრებაში არ გადაუცია, ხოლო აღნიშნული კონფიგურაციით მიწის ნაკვეთის საუთრებაში მოქცევის შედეგად, მესაკუთრემ მოსარჩელეს მთლიანად ჩაუხერგა მის საკუთრებასა და ავტო-ტრასას შორის მდებარე თავისუფალი სივრცე (ტროტუარი), რომელიც არცერთ შემთხვევაში საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარებოდა. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დასავლეთის მხარეს გადის ცენტრალური სარწყავი არხი, ჩრდილოეთით ესაზღვრება ძველი სასაფლაო და უფრო პატარა სარწყავი არხი. სამხრეთით დგას შენობა. მიწის ნაკვეთი თავისუფალი იყო მხოლოდ აღმოსავლეთი გზის პირას, რომელიც მესაკუთრემ უკანონოდ მოიქცია საკუთრებაში და მოჩვენებითად გაასხვისა. შემძენმა აღნიშნული მიწის ნაკვეთზე ააშენა ნაგებობა, რის შემდეგ მოსარჩელეს საერთოდ მოუსპო კუთვნილ ქონებაში გადაადგილების საშუალება. ამჟამად უძრავი ქონება იზოლირებულია სრულად და მას არ აქვს საშუალება, ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.

21. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანზე მოსარჩელის იურიდიული ინტერესი არის სწორედ ის, რომ მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკვეთის გზისპირა მხარეს (ტროტუარზე) სხვისი უფლება რეგისტრირებული არ იყო და მიწის ნაკვეთი ესაზღვრებოდა პირდაპირ ავტოტრასის ტროტუარს, რომელიც აღიარებას არ ექვემდებარება. ამ ადგილას სხვა მიწის ნაკვეთი რომ ყოფილიყო, მოსარჩელე ნაკლიან, იზოლაციაში მოქცეულ და ჯეროვანი სარგებლობისათვის გამოუსადეგარ მიწის ნაკვეთს არ შეიძენდა. სწორედ დავის საგნის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი შეძენამდე იყო უნაკლო და მისი ინტერესია საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წინა გზისპირა მხარე გამოთავისუფლდეს და მოვიდეს შეძენის დროს მყოფ უნაკლო მდგომარეობაში.

22. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულებები სრულყოფილად არ შეუსწავლია. იმ შემთხვევაში თუ კი გაუქმდება მოჩვენებითი ხელშეკრულება, აღდგება ის პირვანდელი მდგომარეობა და ავტოტრასისპირა სივრცე, რომელიც ესაზღვრებოდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთს, დარჩება თავისუფალი, როგორც ეს არის გვერდზე მდებარე სხვა ობიექტებისა და უძრავი ქონებების შემთხვევაში. სადავო კონფიგურაცით ქონებას სახელმწიფო არასდროს არ განკაგავს სხვა პირების საკუთრებაში იმ მიზეზით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის ავტოტრასის გვერდით მდებარე საზოგადოებრივი სარგებლობის ტროტუარი და როგორც წესი, ამ მიწის კერძო საკუთრებაში გასხვისება დაუშვებელია.

23. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით მესაკუთრე მოპასუხე უკანონოდ ქონების რეგისტრაციისთვის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. გარდა ამისა, სააპელაციო პალატისთვის საქმის განხილვის დროს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2017 წლის 8 ივნისს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელის სადავო ქონება 2017 წლის 6 ივლისს წელს გაახსვისა სხვა პირზე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული პირი საქმეში, როგორც სათანადო სამართლებრივი ურთიერთობის უფლებამონაცვლედ არ დაუშვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უფლებამონაცვლე პირის მონაწილეობის გარეშე განიხილა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ახალ შემძენს სამართლიანი სასამართლოს უფლება შეუზღუდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შესაბამისი იურიდიული ინტერესის არარსებობის მოტივით აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.

27. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

28. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014).

29. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ნორმის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015).

30. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის სასარჩელო პრეტენზია შეეხებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

31. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა წარადგინა მტკიცებულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, სარჩელის შეტანის შემდეგ, მოსარჩელემ კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისა.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელზე იურიდიული ინტერესის შემოწმების შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სააპელაციო პალატის მიერ მითითებული სუსგ 17.03.2016წ. №ას-121-117-2016, 10.11.2015წ. №ას-937-887-2015, ასევე, 9.02.2018წ. №ას-1404-1324-2017), რომელიც ითვალისწინებს აღიარებითი ხასიათის სარჩელის განუხილველად დატოვებას, თუ დგინდება, რომ მოსარჩელეს მისი დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

33. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება და მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დარღვევად ვერ შეფასდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მისი კუთვნილი უძრავი ნივთის შემძენი საქმეში უფლებამონაცვლეობის გზით არ ჩაბმულა, რის გამოც შეილახა ამ უკანასკნელის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ყოველ პირს თავად შეუძლია, იდავოს საკუთარი დარღვეული უფლებების დასაცავად. შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია ახალი შემძენის უფლებების დაცვის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

34. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია დავის საგნის მიმართ იურიდიული ინტერესი, შესაბამსიად, დავის განხილვის შედეგით მისი დაინტერესება დაუსაბუთებელია.

35. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც სადავო უძრავი ქონება დაუბრუნდება სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს კვლავ გაასხვისოს იგი, თუმცა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა გავლენას ვერ მოახდეს ჯეროვან სარგებლობაში ხელშეშლის შესახებ ნამდვილი იურიდიული ინტერესის მქონე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტანილი აღიარებითი სარჩელი შეიძლება მიმართული იყოს ნებისმიერი პირის საწინააღმდეგოდ და მოსარჩელე შეძლებს, სამეზობლო სამართლიდან გამომდინარე, უფლებათა სრული მოცულობით რეალიზებას.

36. ამდენად, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც ვერ იქნება მიღწეული ის სამართლებრივი შედეგი, რომელსაც აღიარებითი სარჩელის აღძვრისას მხარე მიზნად ისახავდა.

37. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე