Facebook Twitter

საქმე №ას-1648-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ. ჩ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ არასრულწლოვანი შვილის – მ. ს–ს სასარგებლოდ ალიმენტის – ყოველთვიურად 150 ლარისა და წარსული დროის გადაუხდელი სარჩოს – ალიმენტის სახით სამი წლის ფარგლებში ყოველთვიურად გადასახდელი 150 ლარის გაანგარიშებით 5400 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. თანაცხოვრების პერიოდში, 2011 წლის 9 თებერვალს შეეძინათ შვილი.

3. მოსარჩელის მითითებით, მეორე ქორწინებიდან ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, არის სოციალურად დაუცველი, არ აქვს სამსახური და შემოსავალი. მამა მატერიალურ დახმარებას არ უწევს შვილს, არ მონაწილეობს მის აღზრდა- განათლების ხარჯებში. მოპასუხე დასაქმებულია დროებით სამუშაოებზე, აქვს ხელფასი, მეურნეობა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა, შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 35 ლარი. რაც შეეხება წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას, აღნიშნულ ნაწილში იგი სარჩელს არ დაეთანხმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 4 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე. მოსარჩელეს უარი ეთქვა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით, მხოლოდ 50 ლარის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს დაკისრებული ალიმენტის – 100 ლარის 50 ლარით შემცირება და ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის 50 ლარით განსაზღვრა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან აპელანტის მოთხოვნაა გადაწყვეტილების გაუქმება და დაკისრებული ალიმენტის 50 ლარით შემცირება სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს 600 ლარით (50 ლარიX12 თვეზე=600 ლარს).

9. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემული სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სსსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ, მართალია, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება, თუმცა მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და გადაწყვეტილება აღნიშნულ დავაზე აღსრულებადი არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

14. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

15. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)

16. ამდენად, ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).

17. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.

18. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).

19. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგნის ღირებულება დგინდება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლის პრეტენზია გააჩნია მხარეს [სსსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 წინადადება]. საკასაციო პალატის მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ 4.09.2018წ. საქმე №ას-978-2018, სუსგ 20.09.2018 საქმე №ას-718-718-20118, სუსგ Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).

20. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

21. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 4 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე. მოსარჩელეს უარი ეთქვა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით, მხოლოდ 50 ლარის დაკისრება.

22. ამდენად, აპელანტის მოთხოვნაა გადაწყვეტილების გაუქმება და დაკისრებული ალიმენტის 50 ლარით შემცირება, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა განისაზღვროს 600 ლარით (50 ლარიX12 თვეზე=600 ლარს). აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დავის საგნის ღირებულება 2000 ლარზე ნაკლებია და სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ი. ს–ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე