Facebook Twitter

საქმე №ას-1653-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – რ. ა-ე, ლ. ჩ–ი, თ. ა-ე, ნ. ა-ე, მ. ჩ–ი, ლ. ჩ–ი, ა. ჩ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „მ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ა-ის, ლ. ჩ–ის, თ. ა-ის, ნ. ა-ის, მ. ჩ–ის, ლ. ჩ–ისა და ა. ჩ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ მის კუთვნილ სადავო უძრავ ნივთს და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებენ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან. ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ეთქვა უარი, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტების წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი, ტომი 1, ს.ფ 206), რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებებით (ტომი 1, ს.ფ 182-187).

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 369-ე, 2591, 59-ე, მე-60 და 61-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2018 წლის 19 იანვარს (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2018 წლის 2 თებერვალს. აპელანტის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ჩაიბარა მხოლოდ 21 ივნისს, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რა დროსაც მისი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა დასრულებული იყო.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა 2017 წლის 17 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცლის დედანი ჩაიბარა 2018 წლის 1 მარტს (ტომი 1, ს.ფ 220).

9. სააპელაციო საჩივარი აპელანტმა წარადგინა 2018 წლის 2 ივლისს.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევიათ. 2017 წლის 20 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ გამოუცხადებია, რაც იმას ნიშნავს, რომ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლისას სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 2591 მუხლით, 369-ე მუხლის ნაცვლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

16. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

17. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

18. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუსგ 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014).

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტების წარმომადგენელი (ტომი 1, ს.ფ 206), რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებებით (ტომი 1, ს.ფ 182-187).

20. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2018 წლის 19 იანვარს (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2018 წლის 2 თებერვალს. აპელანტის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ჩაიბარა მხოლოდ 21 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი აპელანტებმა წარადგინეს 2018 წლის 2 ივლისს.

21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც კანონიერად დარჩა განუხილველად.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ სსსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა გამოიყენება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების არა მხოლოდ სარეზოლუციო, არამედ სამოტივაციო ნაწილიც. როგორც ზემოთ უკვე მიეთითა, სსსკ-ის 2591 მუხლის ძალით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლას კანონმდებელი უკავშირებს სასამართლო სხდომაზე მისი მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა სწორად აითვალა.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ა-ის, ლ. ჩ–ის, თ. ა-ის, ნ. ა-ის, მ. ჩ–ის, ლ. ჩ–ისა და ა. ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე