Facebook Twitter

საქმე №ას-1497-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. პ-ი, ფ. მ–ი, ს. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. პ-ა, რ. ყ–ი, თ. გ-ე, ე. ქ-ე, ბ. ქ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ. პ-ამ, რ. ყ–მა, თ. გ-ემ, ე. ქ-ემ და ბ. ქ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. პ-ის, ფ. მ–ისა და ს. გ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოპასუხეთათვის სოლიდარულად შემდეგი თანხის დაკისრების მოთხოვნით: ვ. პ-ას სასარგებლოდ – 10 500 აშშ დოლარის, რ. ყ–ის სასარგებლოდ – 5 300 აშშ დოლარის, თ. გ-ის სასარგებლოდ – 4 200 აშშ დოლარის, ე. ქ-ის სასარგებლოდ – 3 200 ლარის და ბ. ქ-ის სასარგებლოდ – 10 500 ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ი. პ-ის და ს. გ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეების განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებს გააჩნდათ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები მოსარჩელეების მიმართ. სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით.

3. მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი. 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდა და აღნიშნულის შესახებ განჩინება 2018 წლის 22 მაისს ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს პირადად (ს.ფ 317, 321, 322).

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტებს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა მათ ხარვეზი არ შეავსეს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონით დადგენილი წესით დასაბუთებული არ არის.

11. სააპელაციო სასამართლომ დაუდგინა აპელანტს ხარვეზი და დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა აპელანტების ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხის შეტანა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი აპელანტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად კი არ უნდა დაეტოვებინა, არამედ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა გადაევადებინა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 780 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 548 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა.

17. სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება იმ მოტივით, რომ ვერ უკავშირდება მარწმუნებლებთან, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია განთავსებული.

18. სააპელაციო პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტ მხარეს მიეცა დამატებით 5 დღე ხარვეზის შესავსებად.

19. მითითებული განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ს.ფ 206, 207, 237, 252) და 2018 წლის 22 მაისს ადრესატს პირადად ჩაბარდა.

20. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 23 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 28 მაისს (27 მაისი იყო არასამუშაო დღე).

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

23. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

24. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატას აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან აღნიშნული სახის მოთხოვნა აპელანტებს არ წარუდგენიათ.

26. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

27. ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

28. განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი არანაირი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.

29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. პ-ის, ფ. მ–ისა და ს. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე