საქმე №ას-1432-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. და მ. მ-ეები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „.. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „.. ბ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. (შემდგომში – მოპასუხე) და მ. მ-ეების (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ძირითადი თანხის – 16 280,98 ლარის, სარგებლის – 2519,98 ლარისა და ჯარიმის – 1962,16 ლარის, სულ – 20 762,81 ლარის ანაზღაურება, დავალიანების ამოღების მიზნით იპოთეკის საგნის გამოყოფილი ნაწილის 131,19 კვ.მ ფართის რეალიზაცია. იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა უძრავ და მოძრავ ქონებაზე, გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 22 დეკემბერს მსესხებელ მოპასუხესთან დადო №- გენერალური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი 16 500 ლარის ოდენობით 2024 წლის 26 დეკემბრამდე.
3. საკრედიტო ხელშეკრულების 4.3.1. და 4.3.2. პუნქტების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხეს 2015 წლის 17 სექტემბრის შემდეგ არც მთლიანად და არც ნაწილობრივ აღარ შეუსრულებია. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტის ძირითადი თანხის მოცულობა შემცირდა 16 280,98 ლარამდე. მოპასუხემ არაერთხელ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. ამჟამად მოსარჩელის დავალიანების ოდენობაა 20 762,81 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის – 16 280 ლარის ანაზღაურების ნაწილში და უარი განაცხადა სესხზე მოთხოვნილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
8. 2012 წლის 22 დეკემბერს, მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო №-- გენერალური ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 26 დეკემბერს იგივე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა კრედიტის მოცულობა – 16 500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა – 2024 წლის 26 დეკემბრამდე, წლიური სარგებელი –14.71%, საკომისიო – 330 ლარი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 16.79%, ყოველთვიური შესატანი – 266 ლარი, დაზღვევის ღირებულება – 0 ლარი, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული ხარჯი – 330 ლარი, ანგარიშიდან თანხის განაღდების საკომისიო – 32.34 ლარი. მსესხებლის მიერ მიღებულ კრედიტზე სარგებლის დარიცხვა მიმდინარეობდა ყოველდღიურად, თვეში 30 დღე.
9. 2014 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება საერთო ფართით 313.19 კვ.მ.
10. მხარეთა შეთანხმებით, ქონება შეფასდა 31 850 აშშ დოლარად.
11. 2016 წლის 20 მაისის მდგომარეობით მსესხებელ მოპასუხეს ერიცხება დავალიანება შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხა – 16 280,98 ლარი, პროცენტი – 2519,67 ლარი და ჯარიმა – 1962,16 ლარი, სულ -20 762,81 ლარი.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა გასაჩივრებულ ნაწილში დავის საგანთან დაკავშირებული არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლები.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან.
14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხეებს გააჩნიათ თუ არა სესხზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ასევე, მოცემული დავის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობით დაარღვია თუ არა საპროცესო სამართლის ნორმა, რაც შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
15. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც მიუთითებენ. ამავე კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის, გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
16. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის წარადგინა მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 26 დეკემბრის წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხემ ამ გარემოების უარსაყოფად წარმოადგინა თავისი ახსნა-განმარტება.
17. სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი საკრედიტო (სესხის) ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირებულია შეთანხმება სესხზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვისა და, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოადგენს სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებას.
18. რაც შეეხება მოპასუხის ახსნა-განმარტებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წერილობითი მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტის გასაქარწყლებლად სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
19. ამდენად, არ არსებობს ამ ფაქტთან დაკავშირებით აპელანტის მსჯელობის გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ დავაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით 2018 წლის 2 მარტს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა (ს.ფ 59-60). სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები, მათ შორის მოპასუხე და მისი წარმომადგენელი (ს.ფ 52, 69-73).
21. მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2018 წლის 12 მარტს, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით.
22. 2012 წლის 12 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა, სადაც დააფიქსირა, რომ, ავადმყოფობის გამო, მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში – სტაციონარში და მის გამოჯანმრთელებამდე სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა.
23. 2012 წლის 12 მარტის სამედიცინო ცნობაში – №100ა ფორმის თანახმად, მოპასუხე სტაციონარში მოათავსეს 2018 წლის 11 მარტს და ავადმყოფს უგრძელდება სატაციონარული მკურნალობა მკაცრი წოლითი რეჟიმით (ს.ფ 85-86).
24. 2012 წლის 12 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხის ადვოკატი, რომელმაც მხარი დაუჭირა შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე.
25. საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაგრძელდა მოსამზადებელ სხდომაზე საქმის განხილვა, რაც მხარეთა თანხმობით გადაიზარდა მთავარ სხდომაში.
26. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
27. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დაყოვნებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა.
28. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში.
29. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე მხარე სარგებლობდა ადვოკატის მომსახურეობით და ისეთ ვითარებაში, როდესაც სამედიცინო ცნობა არ იძლეოდა შესაძლებლობას, სასამართლოს განესაზღვრა ვადა, თავად მხარე როდის შეძლებდა პროცესში მონაწილეობას, სწორად დაადგინა, რომ საქმის განხილვის გადადება ხელყოფდა საპროცესო ეკონომიის პრინციპს და გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მისაღებად ჩათვალა საქმის განხილვა მოპასუხის არყოფნის პირობებში.
32. კასატორების განმარტებით, მათ სადავო თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ და ძირი თანხასაც მხოლოდ ნაწილ-ნაწილ შეძლებენ. აღნიშნულის საფუძველზე მათ სურდათ მორიგება მოსარჩელესთან და მითითებულ საკითხებზე მსჯელობაში მოპასუხემ ვერ მიიღო მონაწილეობა სამედიცინო ცნობით დადასტურებული ავადმყოფობის გამო.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 22 დეკემბერს, მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო №-- გენერალური ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 26 დეკემბერს იგივე მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა კრედიტის მოცულობა – 16 500 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა – 2024 წლის 26 დეკემბრამდე, წლიური სარგებელი –14.71%, საკომისიო – 330 ლარი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 16.79%, ყოველთვიური შესატანი – 266 ლარი, დაზღვევის ღირებულება – 0 ლარი, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული ხარჯი – 330 ლარი, ანგარიშიდან თანხის განაღდების საკომისიო – 32.34 ლარი. მსესხებლის მიერ მიღებულ კრედიტზე სარგებლის დარიცხვა მიმდინარეობდა ყოველდღიურად, თვეში 30 დღე.
36. 2014 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება საერთო ფართით 313.19 კვ.მ.
37. მხარეთა შეთანხმებით, ქონება შეფასდა 31 850 აშშ დოლარად.
38. 2016 წლის 20 მაისის მდგომარეობით მსესხებელ მოპასუხეს ერიცხება დავალიანება შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხა – 16 280,98 ლარი, პროცენტი – 2519,67 ლარი და ჯარიმა – 1962,16 ლარი, სულ -20 762,81 ლარი.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
42. მოცემულ საქმეზე მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში.
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
44. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
45. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
46. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).
47. ზემოაღნიშნული სადავო ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარადგინა მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხემ კი წერილობით მტკიცებულებას დაუპირისპირა მხოლოდ საკუთარი ზეპირი ახსნა-განმარტება, რაც მისთვის ხელსაყრელი სამართლებრივ შედეგის მომტან რელევანტურ საშუალებად ვერ შეფასდება.
48. დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია კასატორს სააპელაციო პალატის მსჯელობაზე არც მოპასუხის ავადმყოფობის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის გადადებაზე უარის თქმის ნაწილში.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
50. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით.
51. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება მოპასუხის გამოუცხადებლობის პირობებში საქმის განხილვის გადადებაზე უარის შესახებ, ვინაიდან მოპასუხე სადავო სხდომაზე წარმოდგენილი იყო ადვოკატის მეშვეობით, შესაბამისად, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება მის მიმართ არ დარღვეულა.
52. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მხარეებს უარი ეთქვათ მორიგების მიღწევაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის აღსრულების დროსაც შეუძლიათ, მორიგების მიღწევა.
53. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
56. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
58. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. მ-ის მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს №--- ტერმინალის ნომერზე №- ოპერაციის კოდით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. და მ. მ-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. მ-ეს (პირადი №-) და მ. მ-ეს (პირადი №-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბ---ის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. მ-ის მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს №--- ტერმინალის ნომერზე №-- ოპერაციის კოდით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური