Facebook Twitter

საქმე №ას-1430-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ი-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მხარეთა შორის 2014 წლის 18 აგვისტოს გარიგების ბათილად ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სანაცვლო ვალდებულების შესრულების შესახებ. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე თანხმობას განაცხადებდა, კუთვნილი მიწის ნაკვეთის მეზობლად მოსარჩელეს აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ღიობები ექნებოდა მოპასუხის მიწის ნაკვეთის მხარეს. სანაცვლოდ კი, მოსარჩელე მას აშენებული კორპუსიდან საკუთრებაში გადასცემდა 50-52 კვ.მ ბინას თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ღიობების მოწყობის სანაცვლოდ, მოპასუხეს ბინის საფასურის ანგარიშში გადახდილად ჩაეთვლებოდა 15 000 აშშ დოლარი. გადასახდელი დარჩებოდა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რასაც გადაიხდიდა მშენებლობის დასრულების შემდეგ. მშენებლობის ნებართვის მიღებისას მოსარჩელემ დაადგინა, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთის მხარეს ღიობების მოწყობას მისი თანხმობა არ სჭირდებოდა. ამასთან, მოპასუხის ნაკვეთის მხარეს ღიობები არ მოწყობილა, ამიტომ მოპასუხე გარიგების საფუძველზე უსაფუძვლოდ გამდიდრდება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხარეს ღიობის მოწყობისათვის მოპასუხის თანხმობა გამოსადეგი იყო თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მხარეებმა გამოავლინეს ნამდვილი ნება და შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, შესაბამისად, გარიგება ნამდვილია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის დადებული გარიგება ცნობილ იქნა ბათილად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 216-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილით გაფრთხილებულ იქნა მოპასუხის წარმომადგენელი (ს.ფ151). მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 28 მაისს (ს.ფ164-172).

7. სსსკ-ის 374-ე მუხლის, 369-ე მუხლის, 2591 მუხლის, მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის, დროისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, ის ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2018 წლის 11 აპრილიდან) არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, (2018 წლის 11 მაისის ჩათვლით) გამოცხადებულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2018 წლის 11 მაისს), რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამიტომ მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა დაიწყო 2018 წლის 11 მაისიდან და დასრულდა 2018 წლის 25 მაისს, 24:00 საათზე. ამდენად, 2018 წლის 28 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, სსსკ-ის 257-ე მუხლის საფუძველზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებისას მხარეთათვის განემარტა ამავე კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული საკითხები, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიმართა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა 30 დღის ვადაში იგი მზად არ იყო. შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან.

12. მხარის მითითებით, როდესაც სასამართლო გადადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, იგი ვალდებულია, იქვე განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. აღნიშნული პრაქტიკა დანერგილია სააპელაციო სასამართლოში, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში ამგვარი მიდგომა არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

16. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

17. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

18. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუსგ 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014).

19. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს. აღნიშნული გარემოება დასტურდება სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილით (ს.ფ 151). მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 28 მაისს (ს.ფ 164-172).

20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.

21. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა დაიწყო 2018 წლის 11 მაისიდან და დასრულდა 2018 წლის 25 მაისს, 24:00 საათზე. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2018 წლის 28 მაისს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.

22. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მხარეთათვის ცნობილია კანონის ამა თუ იმ დანაწესის შესახებ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და ადგილი, მხარისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის პროცედურაც, რომლის დაცვითაც მისთვის არახელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეძლებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე, სადაც საქმის განხილვის შედეგთან ერთად სასამართლო დამატებით განუმარტავდა გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილ წესსაც.

23. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხისათვის ცნობილი იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და ადგილი, თუმცა არც მხარე და არც მისი წარმომადგენელი 2018 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რადგან მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-დღის მომდევნო დღეს.

24. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ კანონით დადგენილ ვადაში მოპასუხემ მიმართა საქალაქო სასამართლოს, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

25. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

26. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

27. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია და საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის მიერ შედგენილი ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, წარმოდგენილი არაა წერილობითი დოკუმენტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების განმავლობაში მოპასუხის მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე