საქმე №ას-1175-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი“ („B.“) (მოსარჩელე)
მოპასუხე - ნ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახალი განხილვის მიზნით
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ბ-მა“ („B.“) (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-ის“ და ნ. კ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მოპასუხეებიდან ნ. კ-მა სარჩელი არ ცნო, ხოლო შპს „ი-ს“ შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ი-მა“ და ნ. კ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახალი განხილვის მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „ი-ის“ და ნ. კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორებს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად ნ. კ-ის მიერ მ. წ-ის სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან ნ. კ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის, მათ შორის შპს „ი-ს“ – 8 000 ლარის და ნ. კ-ს - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დედნები.
ნ. კ-ისათვის ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო შპს „ი-ისათვის“ დადგენილ ვადაში მ. წ-ემ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის ნ. კ-ის მიერ მ. წ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და ნ. კ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, განცხადებაში მ. წ-ე აღნიშნავდა, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად საერთო ჯამში უნდა დაედგინა მხოლოდ 8 000 ლარი, ვინაიდან შპს „ი-ი“ და ნ. კ-ი არიან სოლიდარული მოვალეები და იმ შემთხვევაში თუ ნ. კ-ი სახელმწიფო ბაჟის სახით ცალკე გადაიხდიდა 6 000 ლარს, ხოლო შპს „ი-ი“ – 8 000 ლარს, მაშინ კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა გაორმაგებული იქნებოდა, რადგან დავის საგნის საერთო ღირებულება, რომლის გადახდასაც სარჩელით ნ. კ-ს ედავებიან, წარმოადგენს 467 500 აშშ დოლარს, რომელშიც შედის შპს „ი-ისათვის“ გადასახდელად დასაკისრებელი თანხაც. განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ თუ სასამართლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობას დაადგენდა საერთო ჯამში 8 000 ლარს, ნ. კ-ი მზად იყო დამატებით გადაეხადა 2 000 ლარი, ხოლო თუკი სასამართლო შპს „ი-ს“ ცალკე დააკისრებდა სახელმწიფო ბაჟს 8 000 ლარს, განმცხადებელი შუამდგომლობდა სასამართლოს ნაწილობრივ გაეთავისუფლებინა შპს „ი-ი“ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და გადასახდელად დაედგინა სახელმწიფო ბაჟი 2 000 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს „ი-ის“ და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად. შპს „ი-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „ი-ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს „ი-ის“ და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად. შპს „ი-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „ი-ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2018 წლის 6 ნოემბერს ჩაიბარა პირადად კასატორის წარმომადგენელმა მ. წ-ემ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 655), რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებით გაცემული შპს „ი-ის“ გენერალური დირექტორის ავი მილერის მიერ 2017 წლის 6 თებერვალს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 233-234).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 7 ნოემბერს და ამოიწურა 2018 წლის 11 ნოემბერს. ვინაიდან 11 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2018 წლის 12 ნოემბერს. ამ დროის განმავლობაში შპს „ი-ს“ ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ი-ს“ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური