Facebook Twitter

10 დეკემბერი, 2018 წელი საქმე №ას-1830-2018 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორიები (მოპასუხეები) – შპს “A.“, ხ.მ., ნ.ი., ს.ი., მ.ი., ზ.გ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს “თ.ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება

საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კრედიტის დაბრუნება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით “თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს “A-ს“, ხ.მ–ის, ნ.ი–ის, ს.ი–ის, მ.ი–ის და ზ.გ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ თანხის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1.1. მოპასუხეებს - შპს “A-ს“, ხ.მ–ს, ნ.ი–ს, ს.ი–ს და ზ.გ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 22 824,45 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ;

1.2. მოპასუხეებს - შპს “A-ს“, ხ.მ–ს, ნ.ი–ს, ს.ი–ს და ზ.გ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 3 223,9 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ;

1.3. თავდებების ხ.მ–ის, ნ.ი–ის, ს.ი–ის და ზ.გ–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა თითოეულისათვის 24 990 აშშ დოლარი;

1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდა მოპასუხე, მ.ი–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს მცხეთაში, ლისზე, სოფელ მ–ში, 1160 კვ/მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის ს/კ .... და მოპასუხე ნ.ი–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს, რუსთავში, ....., ს/კ ....., იძულებითი რეალიზაცია, ხოლო თუ ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდება თავდებების ქონების რეალიზაცია.

2. 2017 წლის 6 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ არსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლითაც ის მოითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმე N2/15-2017) დაუყოვნებლივ აღსრულებას, დაკმაყოფილდა.

4. 2018 წლის 26 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეებმა კერძო საჩივარი წარადგინეს და მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება) მოპასუხეების კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. 2018 წლის 19 ნოემბერს კერძო საჩივრის ავტორებმა საჩივარი წარმოადგინეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც არ გასაჩივრდება.

8. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის/საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მოპასუხეების კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 372-ე, 374.3-ე, 284-ე, 285-ე 401-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “A“-ს, ხ.მ–ის, ნ.ი–ის, ს.ი–ის, მ.ი–ისა და ზ.გ–ის საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა