საქმე № ას-129-129-2018 7 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ. ქ-ე, თ. ქ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ. ქ-ემ და თ. ქ-ემ (შემდგომში „მოსარჩელეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. მ-ის (შემდგომში „მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს ნოტარიუს ი. ნ-ის მიერ 2016 წლის 24 სექტემბერს გაცემულ #1--- სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა - სესხის ძირითადი თანხის 20 000 აშშ დოლარის შემცირება 15 600 აშშ დოლარამდე, ასევე პირგასამტეხლოს - 0,12%-ის შემცირება 0,0012%-მდე, ანუ 12 384 აშშ დოლარის შემცირება 125 აშშ დოლარამდე.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. 2014 წლის 23 ივნისს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ლ. ქ-ემ მოპასუხისაგან სესხის სახით აიღო 20 000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის 2%-ის დარიცხვით;
2.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე თ. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. პირველი თვის სარგებელი, 400 აშშ დოლარი კრედიტორს გადაეცა ხელშეკრულების ხელმოწერამდე;
2.3. მსესხებელს მოპასუხისათვის ყოველთვიურად გადახდილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, ჯამში 4 800 აშშ დოლარი, ასევე ძირითადი თანხა - 4 400 აშშ დოლარი. ამდენად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ძირითადი თანხა - 20 000 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 15 600 აშშ დოლარამდე (20 000-4 400=15 600), ხოლო პირგასამტეხლო - 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე რაც ჯამში 12 384 აშშ დოლარს შეადგენს, 125 აშშ დოლარამდე (0,0012%-მდე), ვინაიდან არის შეუსაბამოდ მაღალი.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები არ იხდიდნენ კუთვნილ თანხას, რის გამოც არაერთხელ მიმართა მათ თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შევიდა ცვლილება ნოტარიუს ი. ნ-ის მიერ 2016 წლის 24 სექტემბერს გაცემულ #1--- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 15 900 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო - 5000 აშშ დოლარით.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით სადავოდ იყო გამხდარი დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ის უნდა შემცირდეს.
8. სასამართლომ განმარტა ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დანიშნულება და მისი დაკისრების წესი, მიუთითა აღნიშნულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სადავო არ იყო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, მას წარმოეშვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი იყო საკმაოდ ხანგრძლივი - მოვალეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში, ასევე სესხის ძირითადი თანხა იყო 15 900 აშშ დოლარი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში დაკისრებული პირგასამტეხლო არ ჩაითვლებოდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
10. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, მართალია დაკისრებული პირგასამტეხლო სასამართლოს მიერ შემცირდა 5000 აშშ დოლარამდე, თუმცა ის მაინც შეუსაბამოდ მაღალია და არ გამომდინარეობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან. სასამართლოს მისი ოდენობა ნაცვლად 5000 აშშ დოლარისა უნდა განესაზღვრა 4000 აშშ დოლარით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით ლ. და თ. ქ-ეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრით კასატორები სადავოდ ხდიან დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, მოითხოვენ მის კიდევ უფრო შემცირებას და მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
17. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
18. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
19. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №1005-966-2016, 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-897-837-2017, 22 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს - ლ. ქ-ესა და თ. ქ-ეს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. ქ-ისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ლ. ქ-ესა (პ/ნ: 0---) და თ. ქ-ეს (პ/ნ: 0---) დაუბრუნდეთ შ. კ-ის (პ/ნ: 2---) მიერ 2018 წლის 24 იანვარს №4- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე