საქმე № ას-494-462-2017 12 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ჩ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ. ჩ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მამა“, „მშობელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჩ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „შვილი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. მოსარჩელე არის მოპასუხის მამა;
2.2. მოსარჩელეს ესაჭიროება ყოველთვიურად დამატებითი ხარჯების გაწევა შრომისუუნარობის გამო. ლარის მკვეთრი გაუფასურებისა და საწარმოს დახურვის შემდეგ მოსარჩელეს აღარ ჰყოფნის ის პენსია, რომელსაც იგი იღებს, როგორც სამხედრო ვეტერანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
2.3. მოპასუხეს არ ჰყავს თავისი ოჯახი, რომელიც რჩენას საჭიროებს;
2.4. მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი არის 3000 ლარი, საიდანაც ნახევარი მას ერიცხება საბანკო ანგარიშზე.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
3.1. მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ არის გამართლებული არც ფაქტობრივი, არც იურიდიული და არც მორალური თვალსაზრისით;
3.2. მოსარჩელე არ საჭიროებს შვილისაგან რჩენას, რადგან მას საკუთრებაში აქვს როგორც უძრავი-მოძრავი ქონება, ასევე - საკმარისი შემოსავალი პენსიის სახით;
3.3. მოსარჩელეს კონფლიქტი აქვს მოპასუხესთან და მთელ ოჯახთან. 2015 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელესა და მის მეუღლეს (მოპასუხის დედას) შორის მოხდა კონფლიქტი, კერძოდ, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას მისი მეუღლის მიმართ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა ექსპერტიზა, ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება;
3.4. ზემოაღნიშნული ფაქტიდან ორ დღეში, 2015 წლის 10 აგვისტოს, მოსარჩელემ გაასხვისა მის საკუთრებაში რიცხული ერთ-ერთი უძრავი ქონება მეგობარზე, ასევე მეგობარზე გაასხვისა საკუთრებაში არსებული ავტომანქანა;
3.5. ამავე კონფლიქტმა გამოიწვია მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ მათ შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრა;
3.6. მოსარჩელეს გაუფუჭდა ოჯახთან ურთიერთობა და ყველანაირი გზით ცდილობს მისი ოჯახის წევრებს არანაირი ქონება და შემოსავალი არ დარჩეთ საკუთრებაში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე მეუღლესთან (მოპასუხის დედა) ერთად 2015 წლის აგვისტოს თვემდე ერთ ოჯახად ცხოვრობდა მისამართზე: თბილისი, ი. ა-ს ქუჩა ..., ბინა …. მათ შორის წარმოშობილი მწვავე კონფლიქტის გამო ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე ცხოვრობს სხვა მისამართზე;
7.2. მოპასუხე, როგორც მოსარჩელის სრულწლოვანი შვილი, ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ი. ა-ს ქუჩაზე. აღნიშნულ ბინაში ამჟამად ცხოვრობს მხოლოდ მოპასუხის დედა. ბინის კომუნალურ გადასახადებს იხდის მოპასუხე. ბინა წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას. მოპასუხემ ეს უფლება მოიპოვა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს აღძრული აქვს სამოქალაქო სარჩელი;
7.3. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის გარდა, ჰყავს სხვა სრულწლოვანი შვილებიც: 2 ვაჟი - ზ. ჩ-ე და ბ. ჩ-ე და ერთი ქალიშვილი - მ. ჩ-ე, რომლებისთვის დახმარების მოთხოვნით მოსარჩელეს არ მიუმართავს;
7.4. მოსარჩელის ყველა შვილი არის სრულწლოვანი და შრომისუნარიანი. ზ. ჩ-ეს, ბ. ჩ-ესა და მ. ჩ-ეს (ეს უკანასკენელი არ ცხოვრობს საქართველოში) ჰყავთ ცალკე ოჯახები, თითოეულს აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, ამასთან, თითოეულის შემოსავალი ბევრად აღემატება მოპასუხის შემოსავალს, ეს უკანასკნელი დაუოჯახებელია და ზრუნავს დედაზე;
7.5. მოპასუხე დასაქმებულია ქ. ბათუმში შპს „პ-ს“ კაფე „პ-“-ს მენეჯერის თანამდებობაზე 2013 წლიდან. მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო ზაფხულის სეზონის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) პერიოდში მისი ანაზღაურება იზრდება 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარამდე. მოპასუხე გარკვეული პერიოდი 2016 წლის აპრილამდე მუშაობდა ასევე შპს „ბ-ში“ და იღებდა ანაზღაურებას;
7.6. მოსარჩელეს დასმული აქვს დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, მუდმივი კარდიოსტიმულატორი, შ/დიაბეტი ტ II, E11. მან 2016 წლის 29 აპრილს მიმართა მე-5 კლინიკურ საავადმყოფოს, მაღალი წნევის ფონზე გამოეხატა დეზორიენტაცია, ვერ ცნობდა გარშემომყოფებს. დაუდგინდა ტრანზიტული გლობალური ამნეზია G45.4. მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება მედიკამენტური მკურნალობა;
7.7. მოსარჩელე იმყოფება აღრიცხვაზე ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ინვალიდი შეზღუდული შესაძლებლობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსით (II ჯგუფის ინვალიდი უვადოდ);
7.8. 2013 წლის 1 ოქტომბრიდან მას დანიშნული აქვს და ამჟამად ერიცხება ყოველთვიურად სახელმწიფო გასაცემელი. მისი ყოველთვიური ოდენობა, 2015 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე, შეადგენს 274 (ორას სამოცდათოთხმეტი) ლარს. ამ თანხაში შედის, როგორც სახელმწიფო კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ასევე სოციალური პაკეტი გამოყოფილი სამხედრო მოვალეობის დროს მიღებული ტრამვის შედეგად ინვალიდობის გამო;
7.9. მოსარჩელე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო საქმიანობის საგანი იყო შინაური ცხოველების, კერძოდ, ძაღლების, ვეტერინალური და სხვა სახის მომსახურება. მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობა იყო მომგებიანი. სამეწარმეო საქმიანობაში მოსარჩელეს ეხმარებოდა მეუღლე;
7.10. მოსარჩელე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ. მან მხოლოდ 2015 წლის 15 სექტემბერს შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა;
7.11. მეუღლესთან კონფლიქტის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების პერიოდს ემთხვევა მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი წავკისი (საკადასტრო კოდი 8---) გასხვისება. ასევე, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „SUBARU FORESTER 2.5“ (VIN: J---), სახელმწიფო სანომრე ნიშნით L--- გასხვისება;
7.12. მეუღლესთან კონფლიქტის შედეგად, შვილთან - მოპასუხესთან უთანხმოების ფონზე მოსარჩელემ სამართალწარმოების წესით სადავო გახადა მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ჩუქების კანონიერება;
7.13. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია: გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი „A-”, გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი „H-“, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი „T-“;
8. მოცემული სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე და 1219-ე მუხლები) დისპოზიციის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრული შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა მოსარჩელე სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფილი იყო სოციალურად, მასზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება (სოლიდური ღირებულების), ასევე, - არამცირედ ღირებული მოძრავი ქონება (ცეცხლსასროლი იარაღების სახით), მოსარჩელემ მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ მალევე გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელთა გასხვისებით მიღებული შემოსავლის განკარგვის მიმართულებები გაურკვეველი იყო (სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ქონების გასხვისების მოტივი და მიღებული სახსრების დანიშნულების საკითხი მნიშვნელოვანი იყო, როდესაც საალიმენტო დავაზე მოპასუხე სადავოდ ხდიდა მოსარჩელისათვის მატერიალური დახმარების აუცილებლობას), ამასთან, ინვალიდობის მიუხედავად, მოსარჩელე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ანუ იყო შრომისუნარიანი და ეს საქმიანობა შეწყვიტა ოჯახში წარმოშობილი კონფლიქტის შემდეგ, ასევე, 2016 წლის 25 ივლისს მან სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ავტომანქანის ყადაღისგან გათავისუფლება კონკრეტული თანხის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული ფაქტები მეტყველებდა იმაზე, რომ მას ჰქონდა უნარი, სხვისი დახმარების გარეშე მატერიალურად უზრუნველეყო საკუთარი თავი. რაც შეეხება გარემოებას, რომ მოსარჩელემ ალიმენტის გადახდა მოითხოვა მხოლოდ იმ შვილისაგან, რომელიც მეუღლესთან კონფლიქტის გამო მამას მხარს არ უჭერდა, ამასთან, ედავებოდა შვილს გაჩუქებულ ქონებაზე კონფლიქტის წარმოშობის პერიოდიდან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მატერიალური დახმარების საჭიროება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა და სარჩელის რეალურ მიზანს მეუღლესთან და შვილთან არსებულ კონფლიქტში უპირატესობის მოპოვება წარმოადგენდა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. მოსარჩელე ფაქტობრივად არ ფლობს არცერთ ისეთ ნივთს (ქონებას), რომელიც უზრუნველყოფდა მისი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მას არ გააჩნია ცალკე ბინა, რომლის რეალიზაციით/გაქირავებით იგი შეძლებდა შეეძინა/დაექირავებინა უფრო მცირე ზომის ბინა და დარჩენილი თანხით შეეძინა საკვები, ტანსაცმელი, მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის. მოსარჩელის შემოსავლის ერთადერთი წყარო ამჟამად მხოლოდ პენსიაა, რომელიც ლარის გაუფასურებით გამოწვეული გაძვირების გამო მარტო წამლებზეც კი არ ჰყოფნის. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ 274-ლარიანი პენსია საკმარისია იმისათვის, რომ მოსარჩელემ ყოველდღიურად შეძლოს გადაიხადოს 10 ლარი საკვებში და 2-3 ლარი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ყოველთვიურად 330 ლარი - წამლებში, ყოველთვიურად 50 ლარი - (სულ მცირე) კომუნალურ გადასახადებში და ყოველწლიურად 150-200 ლარი - სამოსში;
10.2. 500-ლარიან საალიმენტო მოთხოვნაში შედის არა მხოლოდ სარჩო, არამედ - დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაც. მოსარჩელე არ ითხოვს 500 ლარს მხოლოდ სარჩოს სახით, ამ თანხაში შედის ასევე მოსარჩელისთვის აუცილებელი მედიკამენტების საფასურიც. გონივრულ ლოგიკასთან ახლოს იქნებოდა, მოსამართლეებს სარჩელი ნაწილობრივ მაინც რომ დაეკმაყოფილებინათ - მხოლოდ სარჩოს ნაწილში, ხოლო დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე მოთხოვნის არარსებობის გამო უარი ეთქვათ, მაგრამ მათ არც ერთი დააკმაყოფილეს და არც - მეორე. უსამართლოა და არაგონივრული სასამართლოს დასკვნა, რომ 274 ლარი თვეში, იარაღი და ბინის ¼ ნაწილი, რომლებსაც მოსარჩელე ვერც კი განკარგავს - სრულიად საკმარისია მისი ნორმალური რჩენისა და სამედიცინო მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, არ ეთანხმება ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ამოწმებს სრულწლოვანი შვილისგან სარჩოს მიღებაზე მამისთვის უარის თქმის კანონიერებას, რასთან დაკავშირებით უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს მოცემული დავის სამართლებრივ თავისებურებაზე.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.
18. მშობლების მიერ თავიანთ უფლება-მოვალეობათა ჯეროვნად განხორციელება, რაც გამოიხატება შვილების საზოგადოების ღირსეულ წევრებად აღზრდაში, მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის ზრუნვაში, წარმოშობს მათ მიერ შვილებისგან მატერიალური დახმარების მიღების უფლებას შვილების სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ.
19. სანაცვლოდ, სრულწლოვან შრომისუნარიან შვილებს ეკისრებათ მშობლებზე ზრუნვის მორალური ვალდებულება, რომელსაც ისინი ნებაყოფლობით ასრულებენ. კანონმდებელი მოცემულ ოჯახურ-სამართლებრივ ურთიერთობაში საკანონმდებლო მოწესრიგების გზით იჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მშობლის შრომისუუნარობა და მის მიერ დახმარების მიღების საჭიროება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სწორედ ამ შემთხვევაში არის კანონით დაცული მშობლის უფლება შვილისგან სარჩოს მიღებაზე, რაც ექვემდებარება იძულების წესით აღსრულებას.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე იმყოფება აღრიცხვაზე ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ინვალიდი, შეზღუდული შესაძლებლობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსით (II ჯგუფის ინვალიდი უვადოდ). 2013 წლის 1 ოქტომბრიდან მას ყოველთვიურად დანიშნული აქვს და ამჟამად ერიცხება სახელმწიფო გასაცემელი. მისი ყოველთვიური ოდენობა, 2015 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე, შეადგენს 274 (ორას სამოცდათოთხმეტი) ლარს. ამ თანხაში შედის, როგორც სახელმწიფო კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ასევე სოციალური პაკეტი გამოყოფილი სამხედრო მოვალეობის დროს მიღებული ტრამვის შედეგად ინვალიდობის გამო.
21. ამავე დროს, საქმის მასალებით არ დასტურდება სახელმწიფო გასაცემლის - 274 (ორას სამოცდათოთხმეტი) ლარის გარდა, მოსარჩელის მიერ სხვა რაიმე წყაროდან ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის შვილის მშობლის რჩენისგან გათავისუფლების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მამა თავს არ არიდებდა მშობლის მოვალეობის შესრულებას შვილის მიმართ მისი არასრულწლოვანების პერიოდში. საწინააღმდეგო ფაქტი სააპელაციო პალატას არ დაუდგენია.
23. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ეკისრება შრომისუუნარო მშობლის რჩენის კანონისმიერი ვალდებულება, თუმცა არ ეთანხმება მას სარჩოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ნორმალური რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს, როგორც შრომისუუნარო მშობლის საჭიროების, მატერიალური მდგომარეობის, ისე შვილის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებას (იხ. სუსგ №ას-289-278-2012, 2012 წლის 7 მაისი).
25. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1219-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას, მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის გარდა, ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები: 2 ვაჟი - ზ. ჩ-ე და ბ. ჩ-ე და ერთი ქალიშვილი - მ. ჩ-ე, რომლებისთვის დახმარების მოთხოვნით მოსარჩელეს არ მიუმართავს. ამასთან, მოსარჩელის ყველა შვილი არის სრულწლოვანი და შრომისუნარიანი. ზ. ჩ-ეს, ბ. ჩ-ესა და მ. ჩ-ეს (ეს უკანასკნელი არ ცხოვრობს საქართველოში) ჰყავთ ცალკე ოჯახები, თითოეულს აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, ამასთან, თითოეულის შემოსავალი ბევრად აღემატება მოპასუხის შემოსავალს, ეს უკანასკნელი დაუოჯახებელია და ზრუნავს დედაზე.
27. დადგენილია, რომ მოპასუხე დასაქმებულია ქ. ბათუმში შპს „პ-ს“ კაფე „პ-“-ს მენეჯერის თანამდებობაზე 2013 წლიდან. მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო ზაფხულის სეზონის (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) პერიოდში მისი ანაზღაურება იზრდება 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარამდე. მოპასუხე გარკვეულ პერიოდი 2016 წლის აპრილამდე მუშაობდა ასევე შპს „ბ-ში“ და იღებდა ანაზღაურებას.
28. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ალიმენტის სახით 500 ლარის მოთხოვნის დასაბუთებისას მოსარჩელე სარჩელსა და საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას ესაჭიროება თანხა მედიკამენტებისთვის, კერძოდ, საკასაციო საჩივარში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ დასახელებულ თანხაში შედის მედიკამენტების ღირებულებაც ყოველთვიურად 330 ლარის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მართლაც ესაჭიროება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მედიკამენტური მკურნალობა (იხ. წინამდებარე განჩინების 7.6. პუნქტი), თუმცა, საკასაციო პალატა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ვერ გაითვალისწინებს ზემოაღნიშნულ ფაქტს, რადგან სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს მოპასუხისთვის დამატებითი ხარჯების გადახდის დაკისრება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1220-ე მუხლი), მოცემული დავის საგანია მხოლოდ ალიმენტის (სარჩოს) გადახდის დაკისრება.
29. ამგვარად, იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს არ მოუთხოვია მოპასუხისთვის დამატებითი ხარჯების გადახდის დაკისრება, ასევე, მოსარჩელე სარჩოს არ ითხოვს აღნიშნული ვალდებულების მქონე სხვა შვილებისგან და იმის გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხე ზრუნავს ასევე მეორე მშობელზე და ფინანსურად ეხმარება მას, აგრეთვე, მისი ხელფასის ოდენობის მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო პალატა გაუმართლებლად მიიჩნევს მოპასუხისთვის 500 ლარის დაკისრებას. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილის საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს 50 ლარით. ალიმენტის მითითებული ოდენობა გონივრულია და შეესაბამება, როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
32. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
35. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რასაც მოსარჩელე გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი რომ არ არსებულიყო, კერძოდ, სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%, სააპელაციო საჩივარზე - 4%, ხოლო საკასაციო საჩივარზე - 5%, ამასთან, - მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ალიმენტის დაკისრება, მისი ღირებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით - 6000 ლარით (500*12). შესაბამისად, მოსარჩელეს სამივე ინსტანციის სასამართლოში უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 720 ლარის ოდენობით (180 ლარი (6000*3%) + 240 ლარი (6000*4%) + 300 ლარი (6000*5%)). ვინაიდან დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის 10% (6000/600 (50*12)), მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 72 ლარის (720 ლარის 10%) ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ლ. ჩ-ეს დ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
5. ლ. ჩ-ეს (პ/ნ: 0---) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 72 (სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე