Facebook Twitter

საქმე № ას-1548-1468-2017 7 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ. ა–ი, გ. მ–ი, ე. და მ-. მ-ები (კანონიერი წარმომადგენლები ლ. ა–ი და გ. მ–ი) (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. დ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ა-ის, გ. მ–ის, ე. მ–ისა და მ. მ–ის (შემდგომში „მოპასუხეები“, „საკასაციო საჩივრის ავტორები, ან „კასატორები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. სარჩელის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართული საჯარო აუქციონის გზით მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დ… და საჯარო რეესტრში აღირიცხა მის მესაკუთრედ. მოპასუხეები ხელს უშლიან მესაკუთრეს ბინით სარგებლობაში და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებენ მას, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, დ…, (ს/კ: …) გამოთხოვა და მოსარჩელისათვის მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა; მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დ… (საკადასტრო კოდი: …) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე;

7.2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 26 ივნისის #... განკარგულება;

7.3. მოპასუხეები ფლობენ მოსარჩელის სახელზე აღრიცხულ ზემოაღნიშნულ ქონებას;

7.4. მოპასუხეებს არ აქვთ სადავო ნივთის ფლობის უფლება.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე, 312-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხეები მხოლოდ ზოგადად მიუთითებდნენ ქონების მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებისას მის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებზე. მოპასუხეთა მხრიდან სადავო ქონების ფლობის მართლზომიერება კი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. ამდენად, არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი შემადგენლობა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საკასაციო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ საოქმო განჩინებას, რომლითაც უარი ეთქვათ მოთხოვნაზე, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განხილულიყო მათი სააპელაციო საჩივარი, ასევე ასაჩივრებენ საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად დანიშნულიყო ადვოკატი და საქმეში ჩართულიყო სოციალური მომსახურების სააგენტო. მათი განცხადებით მოპასუხეთაგან ორი მათგანი არასრულწლოვანია და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი რჩებიან უსახლკაროდ, რითაც დაირღვევა მათი უფლებები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით ლ. ა–ის, გ. მ–ის, ე. და მ. მ-ების (კანონიერი წარმომადგენლები ლ. ა–ი და გ. მ–ი) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

18. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

19. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მოპასუხეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ ნაცვლად სამი მოსამართლისა მოცემული საქმე არასწორად განიხილა ერთპიროვნულად.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.

22. მოცემულ შემთხვევაში დავა შეეხება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად ქონებრივ-სამართლებრივ დავათა რიგს განეკუთვნება. აღნიშნული ნორმის მიხედვით, წინამდებარე დავის საგანი განისაზღვრება 4000 ლარით. შესაბამისად, არ აღემატება სსსკ 25-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას (10 000 ლარს). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსართლე უფლებამოსილი იყო ერთპიროვნულად განეხილა მოცემული საქმე.

23. აღსანიშნავია, რომ ნორმის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის) მსგავსი განმარტება ასახულია უზენაესი სასამართლოს განჩინებებშიც (იხ. სუსგ ას-1085-1005-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი).

24. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას, რომლითაც ისინი მოითხოვენ არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადვოკატის ჩართვაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სოქმო განჩინების გაუქმებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორთა აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა და მას მართებულად ეთქვა უარი.

25. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა. მართალია, მოპასუხეთაგან ორი მათგანი (ე. მ-ი და მ. მ–ი) არასრულწლოვანია, თუმცა მათ ინტერესებს იცავენ მათი კანონიერი წარმომადგენლები - მშობლები, ლ. ა–ი და გ. მ–ი, რომლებიც ასევე წარმოადგენენ მოპასუხეებს ამ დავაში. ამასთან, მოცემული საქმე არ წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე დავას. შესაბამისად, სოციალური სამსახურისა და ადვოკატის, როგორც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით საქმეში ჩართვის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს - ლ. ა–ს, გ. მ–ს, ე. და მ. მ–ებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. ა–ის, გ. მ–ის, ე. და მ. მ–ების (კანონიერი წარმომადგენლები ლ. ა–ი და გ. მ-ი) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს ლ. ა–ს (პ/ნ: 5---), გ. მ-ს (პ/ნ: 1---), ე. მ--–სა (პ/ნ: 0---) და მ. მ-ს (პ/ნ: 1---) დაუბრუნდეთ გ. მ-ის მიერ 2018 წლის 18 იანვარს №1--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე