საქმე №ას-1141-2018 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „გ.“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე და
პალატამ გამოარკვია:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ.“ და მისი დირექტორის _ ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ი. ხ-იას სარჩელი შპს „გ.“ მიმართ, 2013-2015 წლების სუფთა მოგებიდან დივიდენდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამავე გადაწყვეტილებით ი. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ნ. ხ-ას სასარგებლოდ მისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 13 ივნისის მიღებული დამატებითი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „გ.“ და მოითხოვა წინამდებარე საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობლობა საფუძვლიანია შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ:
i თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით ი. ხ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს „გ.“ (ს/კ #2...) დირექტორ ნ. კ-ძეს (პ/#6...), პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე აეკრძალა შპს „გ...“ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, გარდა შპს „გ.“ საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა;
ii ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს განჩინებით შპს „გ.“ დირექტორის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს;
iii თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გაზიარებულ იქნა რა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე, კომპანიის დირექტორს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
iv მართალია, 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ი. ხ-ას სარჩელი და ასევე გააუქმა 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სრულად და იგი არც ერთ ნაწილში კანონიერ ძალაში არ შესულა (სსსკ-ის 264-ე მუხლი);
v თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა სასარჩელო მოთხოვნა, ბუნებრივია, მას გამოყენებული ზურუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ უმსჯელია, ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის განჩინება კვლავ ძალაშია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა ილო ხობელიას სარჩელი, ბუნებრივია, აღარ არსებობს ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების ძალაში დატოვების წინაპირობა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ.“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „გ.“ (ს/კ #2...) დირექტორ ნ. კ-ძეს (პ/#6...), პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე აეკრძალა შპს „გ.“ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, გარდა შპს „გ.“ საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე