Facebook Twitter

საქმე № ას-1448-1368-2017 7 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – რ. ს-ე, ბ. ს-ე, დ. ს-ე (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოპასუხე - მ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. ა-ე, ლ. ლ-ე, ო. ლ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებისათვის გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ა-ემ, ლ. ლ-ემ და ო. ლ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. ს-ის, ბ. ს-ის, მ. ს-ისა და დ. ს-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებისათვის გადაცემის თაობაზე.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებს გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ გარდაბნის რაიონის სოფ. კ-ში გამოეყოთ ზ-ის საუწყებო საცხოვრებელი სახლი #... (საკადასტრო კოდი: #...), რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 სექტემბრის #... ბრძანების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცათ და საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელეთა სახელზე. მოპასუხეები მოსარჩელის კუთვნილ ბინაში ცხოვრობენ კანონიერი საფუძლის გარეშე და უარს აცხადებენ მის გამოთავისუფლებაზე, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ აღნიშნულ ბინაში კანონიერად არიან შესახლებული, როგორც აჭარის რეგიონიდან სტიქიის შედეგად გადმოსახლებული პირები და მათ მიერ ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა გარდაბნის რაიონის სოფ. კ-ში ზ-ის საუწყებო საცხოვრებელი სახლის #... (საკადასტრო კოდი: #...) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელეთათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელეთა სახელზე, ხოლო მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები.

8. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზია, რომ ვინაიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1989 წლიდან ისინი შესახლებულნი არიან სადავო ბინაში, ქონებას ფლობენ მართლზომიერად.

9. სააპელაციო პალატამ მოიშველია თავად მოპასუხეთა განმარტება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით მათ გადაეცათ საკომპენსაციო თანხები. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფომ შეასრულა თავისი ვალდებულება საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რამაც საფუძველი გამოაცალა მოპასუხეთა მიერ უძრავი ნივთით მართლზომიერ სარგებლობას.

10. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლებით, მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, მოსარჩელეებს სადავო ბინაზე ორდერი გადაეცათ უკანონოდ, ვინაიდან იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის თანახმად, ორდერი გაიცემოდა გამოთავისუფლებულ ბინებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია - მოპასუხეებს ბინა დაკავებული ჰქონდათ კანონიერად და ცხოვრობდნენ მასში. ამასთან, მოსარჩელეთა სახელზე არასწორად მოხდა სადავო ქონების პრივატიზება, ვინაიდან მათ არასდროს უცხოვრიათ ამ ბინაში. პრივატიზაციის შესახებ კანონის მიხედვით კი, მხოლოდ ორდერის ქონა არ არის საკმარისი იმისათვის, რათა განხორციელდეს პრივატიზაცია, საჭიროა, ასევე, მხარემ დაადასტუროს იქ ცხოვრების ფაქტი.

13. კასატორების განცხადებით, მათ ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინეს სასამართლოში მოსარჩელეთა სახელზე გაცემული ორდერისა და ბინის პრივატიზების უკანონოდ ცნობის მოთხოვნით, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს აღნიშნული სარჩელის განხილვამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, თუმცა, მათი მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა წარდგენილი შუამდგომლობა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

22. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მოპასუხეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას, რომ ვინაიდან სადავო ბინაში ისინი მართლზომიერად იყვნენ შესახლებულნი, არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

25. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ, მართალია, მოპასუხეები სადავო ქონებას წლების განმავლობაში ფლობდნენ მართლზომიერად - ისინი, როგორც აჭარის რეგიონიდან სტიქიით დაზარალებულები, სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დროებით შესახლებულნი იქნენ გარდაბნის რაიონის სოფ. კ-ში მდებარე ზ-ის საუწყებო საცხოვრებელ სახლში (საკადასტრო კოდი: #...), თუმცა ამჟამად, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის #... განკარგულებით განისაზღვრა აღნიშნულ პირთა საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა მათ მიერ ზემოაღნიშნული ქონების მართლზომიერ ფლობელობას, შესაბამისად, უძრავი ნივთის ამჟამინდელ მესაკუთრეებს (მოსარჩელეებს) გაუჩნდათ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის უფლება.

26. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ, მართალია, სხვა სარჩელით მოპასუხეები სადავოდ ხდიან მოსარჩელეთა სახელზე გაცემული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერებას, თუმცა ისინი სადავო უძრავ ქონებაზე თავიანთი მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობაზე ვერ მიუთითებენ.

27. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს, რადგან არ იკვეთება უძრავ ქონებასთან მიმართებით საკუთრების უფლების დადგენის შეუძლებლობა. მითითებული მუხლის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ №ას-809-757-2017, 15 სექტემბერი, 2017 წ.)

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს - რ. ს-ეს, ბ. ს-ესა და დ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ. ს-ის, ბ. ს-ისა და დ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს რ. ს-ეს (პ/ნ: …), ბ. ს-ესა (პ/ნ: …) და დ. ს-ეს (პ/ნ: …) დაუბრუნდეთ დ. ს-ის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე