Facebook Twitter

საქმე № ას-1165-1085-2017 7 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ქ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. თ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის საოქმო განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ამავე სასასამართლოს 2015 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ. თ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ქ-ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ა-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების - 40 000 ლარის 10%-ის სანაცვლოდ აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 1993 წელს ვ. ქ-ისაგან შინაურული ხელწერილის საფუძველზე შეიძინა ქ. თბილისში, ა-ში მდებარე უძრავი ქონება, თუმცა მასზე საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია. ვ. ქ-ის გარდაცვალების შემდეგ (2002 წლის 23 აგვისტო) ქონება მემკვიდრეობით მიიღო მისმა მეუღლემ, ე. ი-ამ, ხოლო 2014 წლის 25 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხეს.

3. მოსარჩელის განცხადებით, იგი დღემდე ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინაში, რომელიც შეფასებულია 40 000 ლარად და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქონების საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ უფლება აქვს მოითხოვოს მის მესაკუთრედ ცნობა.

4. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 6 მარტს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოსარჩელის მიერ ქ. თბილისში, ა-ში მდებარე 44 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 40 000 ლარის 10%-ის მოპასუხის სასარგებლოდ გადახდა და თანხის გადახდის შემდგომ აღნიშნული ფართის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა.

5. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და შესაგებლის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის აღდგენა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

7. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის საოქმო განჩინება.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. მოსარჩელემ 1993 წელს ვ. ქ-ისაგან შინაურული ხელწერილის საფუძველზე შეიძინა ქ. თბილისში, ა-ში მდებარე უძრავი ქონება. ქონება აღრიცხული იყო ვ. ქ-ის სახელზე;

9.2. ვ. ქ-ი გარდაიცვალა 2002 წლის 23 აგვისტოს;

9.3. ვ. ქ-ის მეუღლემ, ე. ი-ამ 2012 წლის 20 დეკემბერს მიმართა სანოტარო ბიუროს და მიიღო მეუღლის დანაშთი ქონება;

9.4. 2014 წლის 25 სექტემბერს ე. ი-ამ სადავო უძრავი ქონება გააჩუქა თავის შვილიშვილზე - მოპასუხეზე;

9.5. მოსარჩელის განცხადებით, იგი 1993 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ა-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში;

9.6. ვ. ქ-ს, ე. ი-ას და მოპასუხეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების თაობაზე მოსარჩელისათვის პრეტენზიით არ მიუმართავთ;

9.7. უძრავი ქონება შეფასებულია 40 000 ლარად;

9.8. საქმის სასამართლო განხილვისთვის მომზადების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელს დაევალა სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის ჩაბარება და 2 თვის ვადაში ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა;

9.9. 2015 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც წარადგინა სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

9.10. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 22 იანვარს, ხოლო წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სასამართლოში უნდა წარმოედგინა 2015 წლის 2 თებერვლის ჩათვლით;

9.11. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

10. სააპელაციო სასმართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 230-ე მუხლებზე, ასევე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. ამასთან, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში მოპასუხე ვერ უთითებდა იმგვარ საპატიო მიზეზზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა გაეუქმებინა მიღებული დაუწრებელი გადაწყვეტილება და განეახლებინა საქმის წარმოება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორის მითითება, რომ მან შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარდგენა ვერ შეძლო შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოპასუხე ცხოვრობდა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ მოპასუხემ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა პირადად. ამდენად, მხარეს გააჩნდა შესაძლებლობა შესაგებელი სასამართლოში გაეგზავნა წარმომადგენლის ან ფოსტის მეშვეობით.

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის დანაწესი, რომელშიც მითითებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს პირის (ამ შემთხვევაში საჩივრის ავტორი მიუთითებს შვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე) ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მას გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში.

12. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი ცნობები მოპასუხის შვილის, ი. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მითითებულ პერიოდში (2015 წლის 23 იანვრიდან - 2015 წლის 1 თებერვლის ჩათვლით) საჩივრის ავტორს, ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძოდ, შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, არ შეეძლო საპროცესო მოქმედების შესრულება _ სასამართლოში შესაგებლის წარდგენა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ საქალაქო სასამართლოს დასკვნა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევისა და წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მართებულად მიიჩნია.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

15. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, ე. ქ-ი შვილის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა სტანციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებას იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში დროულად ვერ წარადგენდა, ვინაიდან ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ (ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე), რის გამოც არსებობდა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩნებით მოპასუხის საკასაციო საჩვარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. კასატორი მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - შვილის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა სტანციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ არ არსებობდა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

23. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელი თანდართული მასალებით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 22 იანვარს, ხოლო წერილობითი პასუხის (შესაგებლის) სასამართლოში წარმოდგენის 10 დღიანი ვადა ამოეწურა ამავე წლის 2 თებერვალს. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი (სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

27. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

28. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. მოთხოვნილი დოკუმენტის წარუდგენლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მის მიერ დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის მიერ ამ მოქმედების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

29. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. კასატორის (საჩივრის ავტორის) მითითება, რომ სასამართლოს მიერ შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში იგი შვილის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა სტანციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით, მართალია, დასტურდება, რომ მოპასუხის შვილმა, ი. ქ-მა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დაესვა მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი, თუმცა მკურნალობის მიზნით სტანციონარში მისი მოთავსების ფაქტი (რაზეც მოპასუხე აპელირებს) არ დგინდება - ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტი იმყოფებოდა ამბულატორიული მკურნალობის ქვეშ (იხ. ს.ფ. 78, 81).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ასევე მართებულად დარჩა ძალაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, ხოლო მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-697-668-2016, 9 თებერვალი, 2017 წელი; № ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი; №ას-535-509-2013, 24 მარტი, 2014 წელი, სადაც განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპროცესო-სამართლებრივი შედეგები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს - ე. ქ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარის 70% – 1400 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ე. ქ-ს (პ/ნ: 7---) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 11 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის 70% - 1400 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე