№ ას-1469-1389-2017 28 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - დ. ხ–ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - გ. ა-ი, თ. დ-ე (მოსარჩელეები)
მოპასუხეები - ნ. ხ–ი, მ. ხ–ი (კანონიერი წარმომადგენელი - ნ. ხ–ი)
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეჩერება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. ა–მა და თ. დ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. ხ–ის, დ. ხ–ისა და მ. ხ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დ. ხ-ის, ნ. ხ–ისა და მ. ხ–ის (კანონიერი წარმომადგენელი ნ. ხ–ი) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე №ას-1469-1389-2017 დაინიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით კასატორ დ. ხ-ის (პ/ნ: ---) ინტერესების დაცვის მიზნით; ადვოკატის გამოყოფა დაევალა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს.
8. 2018 წლის 1 თებერვალს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიურომ გასცა ორდერი #---, რომლითაც ადვოკატ მ. დ-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დ. ხ–ის ინტერესების დაცვა.
9. 2018 წლის 26 თებერვალს კასატორ დ. ხ-ის ადვოკატმა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს. მისი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ხ–ის მხარდამჭერად დაინიშნა მისი და, ნ. ხ-ი, თუმცა სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ძმის საპროცესო წარმომადგენლად ნ. ხ–ის დანიშვნაზე, რის გამოც ნ. ხ–მა მიმართა სასამართლოს მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის მოთხოვნით. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული განცხადების განხილვამდე არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საქმეზე წარმოების შეჩერების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ დ. ხ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები. კერძოდ, 279-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში: ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს; ბ) თუ იგი დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილებში მყოფი მოსარჩელის თხოვნით; დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით; დ1) თუ საქმეს განიხილავს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია ან კომისიის კომიტეტი; ე) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით გადაეცა მედიატორს.
12. მოცემულ შემთხვევაში კასატორის, დ. ხ–ის ადვოკატი მ. დ-ი საქმის წარმოების შეჩერებას ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ იგი დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია). მისი განმარტებით, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დ. ხ–ი აღიარებული იქნა მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო მისი და, ნ. ხ–ი დაინიშნა მის მხარდამჭერად, თუმცა, ვინაიდან სასამართლოს დ. ხ–ისათვის წარმომადგენლის დანიშვნისა და ამ ნაწილში მის მხარდამჭერად აღიარების საკითხზე არ უმსჯელია (და სამედიცინო დიაგნოზიდან გამომდინარე მას ამ სფეროშიც ესაჭიროება მხარდამჭერი), ხოლო ამჟამად ნ. ხ–ს წარდგენილი აქვს მოთხოვნა სასამართლოში მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის თაობაზე, აღნიშნული საკითხის სასამართლოს მიერ გადაწყვეტამდე არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებას, რომ შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები ქმნიან განსახილველი სამოქალაქო საქმის (№ას-1469-1389-2017) წარმოების შეჩერების სამართლებრივ საფუძველს.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ხ–ის განცხადება და დ. ხ–ი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: 1) წვრილმანი გარიგების დადების სფეროში; 2) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში; 3) მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; 4) სახელმწიფო გასაცემლის (პენსია, ფულადი საარსებო სოციალური დახმარება და სხვ.) დანიშვნის, მიღებისა და განკარგვის სფეროში, ამავე მიზნებით საბანკო დაწესებულებებთან, მათ შორის, სს „ლ-თან“ ურთიერთობის სფეროში; ნ. ხ–ი დაინიშნა ძმის - დ. ხ-ის მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისთვის მინიჭებული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად (იხ. ტ. 2, ს.ფ. 209-212).
15. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით კასატორ დ. ხ-ის ინტერესების დაცვის მიზნით სამოქალაქო საქმეზე №ას-1469-1389-2017 დაინიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით; ადვოკატის გამოყოფა დაევალა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 181-188); 2018 წლის 1 თებერვალს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიურომ გასცა ორდერი #---, რომლითაც ადვოკატ მ. დ-ს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დ. ხ–ის ინტერესების დაცვა (იხ. ტ. 2,, ს.ფ. 197).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კასატორ დ. ხ–ს საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ჰყავს ადვოკატი, რომელიც იცავს და წარმოადგენს მის ინტერესებს მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, ანუ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილია ისეთი ფუნდამენტური უფლების, როგორიცაა საქმის სამართლიანი განხილვის უფლების, დაცვა, მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა მხარდამჭერისათვის საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით (რაზეც მიუთითებს კასატორის ადვოკატი), არ წარმოადგენს განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.
17. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად შუამდგომლობაში მითითებული გარემოება უკვე აღმოფხვრილია უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით - კასატორს დანიშნული ჰყავს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ამდენად, ამავე საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერებას საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და თვლის, რომ წარდგენილი შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. ხ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე