საქმე № ას-215-215-2018 23 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა. ე-ე, მ. ა., ჯ. ე-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახლველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი. ს-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ე-ის, მ. ა-სა და ჯ. ე-ის (შემდგომში „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
2. სარჩელის თანახმად, 2013 წლის 21 ოქტომბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ შეიძინა ქ. თბილისში, ნ- სართულზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: …), რომელიც აღირიცხა მის საკუთრებაში. ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები - ერთ-ერთი მოპასუხე, მ. ა. ბინის ყოფილი მესაკუთრეა. არაერთი თხოვნის მიუხედავად, ისინი უარს აცხადებენ ბინის გამოთავისუფლებაზე, რაც სასამართლოსთვის საჩელით მიმართვის საფუძველი გახდა.
3. წარდგენილი შესაგებლით ერთ-ერთმა მოპასუხემ, ა. ე-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მისი მეუღლე მ. ა. მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია, ამასთან, არის უსინათლო, რომლის გადაადგილება შეუძლებელია. მას უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, რის გამოც ითხოვს კიდევ ერთი წლით სადავო ბინაში დარჩენას, რათა მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიეცეს მისი ბინიდან გაყვანის შესაძლებლობა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ნ- სართულზე მდებარე 71.89 კვ.მ ფართი ბინის (ს/კ: …) გამოთხოვა; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ნ- სართულზე მდებარე #... ბინა (ფართით 71.89 კვ.მ) (ს/კ: …), რომელიც მან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2013 წლის 21 ოქტომბერს. აღნიშნულ ბინას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.
8. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლებით, ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება არ იყო შეზღუდული მოპასუხეთა მიერ ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით, რადგან ისინი არ წარმოადგენდნენ სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.
9. მოპასუხეთა მითითება მათ მძიმე სოციალურ პირობებსა და ოჯახურ გარემოზე, არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, რადგან ისინი ვერ აბათილებდნენ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ბინის დასაცლელად გონივრული ვადის დანიშვნასთან დაკავშირებით კი სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ჰქონდათ გონივრული დრო ქონების გასათავისუფლებლად, შესაბამისად, აღსრულება მოხდებოდა გონივრულ ვადაში.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
11. საკასაციო საჩივრის ავტორთა აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეები არიან სოციალურად დაუცველები, ერთ-ერთი მოპასუხე მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია, რომელსაც ესაჭიროება მეოთხე ოპერაცია, მუდმივი მოვლა, მედიკამენტები და საათობრივი კვება. კასატორებს სხვა საცხოვრებელი არ აქვთ და ბინიდან გამოსახლების შემთხვევაში აღმოჩნდებიან ურთულეს მდგომარეობაში.
12. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, მოსარჩელემ დაარღვია პირობა, რომლის მიხედვითაც, მას ბინის აუქციონზე შემძენისათვის უნდა გადაეცა 40000 აშშ დოლარი, 5000 აშშ დოლარი კი მოპასუხებისათვის, რომლითაც ისინი შეძლებდნენ სხვა ბინის მოძიებას.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
20. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მოპასუხეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
22. კასატორების მითითება, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ამასთან, ერთ-ერთი მოპასუხე, მ. ა. მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის მიერ სადავო ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს გააქარწყლებდა. თავად კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე მოსარჩელეა.
23. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორების მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ მათ არ გადასცა დაპირებული 5000 აშშ დოლარი, რომლითაც ისინი შეძლებდნენ სხვა ბინის მოძიებას, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს მიიჩნევს საფუძვლიან საკასაციო შედავებად და განმარტავს, რომ მითითებული პრეტენზია სცდება განსახილველი დავის საგანს და იგი არ შეიძლება სასამართლოს მიერ შეფასდეს ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ე-ის, მ. ა-ისა და ჯ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე