Facebook Twitter

საქმე № ას-57-57-2018 26 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-ის საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე. ბ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-ის საჯარო სკოლის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ დანიშნული სარჩოს აუღებელი სხვაობის ანაზღაურებისა და სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართული იქნა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი სარჩო 385.03 ლარი, ასევე 2016 წლის 1 აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654.42 ლარი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით; მოსარჩელის მოთხოვნა ხარაგაულის სოფელ ხ-ის საჯარო სკოლისათვის მასწავლებელთა ხელფასის შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად 2017 წლის 1 იანვრიდან გადაანგარიშებული სარჩოს 982.42 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით საქმეში აპელანტის - ე. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. კ. (შემდგომში „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“).

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება. ე. ბ-ის უფლებამონაცვლის, გ. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. 2017 წლის 12 დეკემბერს გ. კ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული შემდეგი უსწორობების გასწორება: 1) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი სახით: ,,აპელანტს ხ-ის საჯარო სკოლას დაუბრუნდეს უკან შეცდომით გადახდილი ბაჟი 150 ლარი”; 2) გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი სახით: ,,აპელანტი ხ-ის საჯარო სკოლა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და დაუბრუნდეს უკან შეცდომით გადახდილი ბაჟი 150 ლარი”; 3) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი სახით: ,,ხ -ის საჯარო სკოლას დაეკისროს გ. კ-ს სასარგებლოდ 2016 წლის ოქტომბრის თვის სარჩოს 8 დღის აუღებელი თანხა 123,34 ლარის ოდენობით”; 4) გადაწყვეტილების 2.4 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი სახით: ,,ყოველთვიურად ერიცხებას” ნაცვლად ,,აპრილამდე ყოველთვიურად ერიცხებოდა”; 5) გადაწყვეტილების 4.9 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი სახით: ნაცვლად ,,გარდაცვალებამდე უხდიდა 512,82 ლარს” მიეთთოს ,,აპრილამდე უხდიდა 512,82 ლარს”; 6) გადაწყვეტილების 4.11 პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა ,,სარჩო ე. ბ-ემ სრულად მიიღო” მიეთითოს - ,,სარჩო ე. ბ-ემ აპრილამდე მიიღო”; 7) გადაწყვეტილების 4.14.10 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი სახით: „მოსარჩელემ კი სასამართლოს დამაჯერებლად განუმარტა”; 8) გადაწყვეტილებაში შეიცვალოს მხარეთა რიგითობა; 9) დავის საგანი შეიცვალოს შემდეგი სახით: აუცილებელი სარჩოს სხვაობის გადაანგარიშება; 10) შეიცვალოს მხარეთა მოთხოვნების რიგითობა; 11) მხარის მოთხოვნიდან ამოღებულ იქნას გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა; 12) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს ისე, როგორც ეს მიიღო ადრე საქმის განმხილველმა მოსამართლე დ. ჟორჟოლიანმა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სასამართლო უფლებამოსილია გაასწოროს ის აშკარა შეცდომები, რომლებიც გადაწყვეტილების გამოცხადების ან მისი წერილობითი სახით ჩამოყალიბების დროს იქნა დაშვებული.

11. განცხადებაში მითითებული პრეტენზიების შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელი ძირითადად ითხოვდა არა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების გასწორებას, არამედ გადაწყვეტილების შეცვლას, რაც სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საპროცესო საშუალებით დაუშვებელია.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

13. კერძო საჩივრის ავტორი საჩივარში კვლავ ჩამოთვლის იმავე უსწორობებს, რომლებსაც იგი განცხადებაში უთითებდა და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს განმცხადებელმა მოითხოვა მთლიანად გადაწყვეტილების შეცვლა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში დაშვებული აშკარა უზუსტობებისა და შეცდომების გასწორება სასამართლოს ევალებოდა, რაც მან უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს.

16. საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გ. კ. განცხადებით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების როგორც სარეზოლუციო, ისე შესავალ, აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საჩივრის ავტორის აზრით უსწორობას წარმოადგენს:

1) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის ჩანაწერი: „ე. ბ-ის უფლებამონაცვლეს, გ. კ-ს სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-ის საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა“, რომელიც უნდა შეიცვალოს სიტყვებით: ,,აპელანტს ხ-ის საჯარო სკოლას დაუბრუნდეს უკან შეცდომით გადახდილი ბაჟი 150 ლარი”;

2) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტის ჩანაწერი „გ. კ-ს სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-ის საჯარო სკოლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ანაზღაურება“ უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „აპელანტი ხ-ის საჯარო სკოლა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და დაუბრუნდეს უკან შეცდომით გადახდილი ბაჟი 150 ლარი“;

3) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ჩანაწერი: „ე. ბ-ის უფლებამონაცვლის, გ. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“ შეიცვალოს წინადადებით: „ხ-ის საჯარო სკოლას დაეკისროს გ. კ-ს სასარგებლოდ 2016 წლის ოქტომბრის თვის სარჩო 8 დღის აუღებელი თანხა, 123,34 ლარის ოდენობით";

4) გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 2.4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივ გარემოებაში - „ე. ბ-ის ანგარიშის ამონაწერით დადგენილია, რომ მას ყოველთვიურად ერიცხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხ-ის საჯარო სკოლიდან გადაანგარიშებული სარჩო 512.82 ლარის ოდენობით“, სიტყვები ,,ყოველთვიურად ერიცხება” შეიცვალოს სიტყვებით ,,აპრილამდე ყოველთვიურად ერიცხებოდა”;

5) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 4.9 პუნქტში - „2016 წლის აპრილიდან სკოლამ გადასახდელი სარჩოს ოდენობა გაზარდა საკუთარი ინიციატივით და ამ დღიდან მოსარჩელეს გარდაცვალებამდე უხდიდა 512.82 ლარს“, სიტყვების ,,გარდაცვალებამდე უხდიდა 512,82 ლარს” ნაცვლად მიეთითოს სიტყვები - ,,აპრილამდე უხდიდა 512,82 ლარს”;

6) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 4.11 პუნქტში „უდავოა, რომ როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი, ასევე სოფელ ხ-ის საჯარო სკოლის მიერ განსაზღვრული ოდენობის სარჩო ე. ბ-ემ სრულად მიიღო“ სიტყვების ,,სარჩო ე. ბ-ემ სრულად მიიღო”-ს ნაცვლად მიეთითოს: ,,სარჩო ე. ბ-ემ აპრილამდე მიიღო”;

7) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 4.14.10 პუნქტში წინადადება „მოსარჩელემ კი სასამართლოს დამაჯერებლად ვერ განუმარტა, თუ რას ეფუძნებოდა მისი პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის შემდეგაც ე. ბ-ე მასწავლებლად კვლავ იმუშავებდა და გაზრდილ შრომის ანაზღაურებას მიიღებდა“ შეიცვალოს შემდეგი სახით: „მოსარჩელემ კი სასამართლოს დამაჯერებლად განუმარტა”;

8) გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში შეიცვალოს მხარეთა რიგითობა და მონაწილე მხარედ პირველ რიგში მიეთითოს სკოლა, ვინაიდან პირველად მან წარადგინა სააპელაციო საჩივარი;

9) გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში ასევე შეიცვალოს დავის საგანი და ნაცვლად სიტყვისა „სარჩო“ მიეთითოს „აუცილებელი სარჩოს სხვაობის გადაანგარიშება“;

10) გადწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 1.1., 1.2. პუნქტებში შეიცვალოს მხარეთა მოთხოვნების რიგითობა;

11) მხარის მოთხოვნიდან ამოღებულ იქნას სიტყვები „სადავო გადაწყვეტილების გაუქმება“, ვინაიდან მხარეს ეს არ მოუთხოვია;

12) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტების შეცვლა ისე, როგორც ეს მიიღო ადრე საქმის განმხილველმა მოსამართლე დ. ჟორჟოლიანმა.

17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორის მიერ მოყვანილი გარემოებები არ წარმოადგენს უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას გულისხმობს და არ მოიაზრებს უსწორობის გასწორების გზით სასამართლოს მსჯელობის ან/და სამართლებრივი შეფასების შეცვლას. მოცემულ შემთხვევაში კი განმცხადებელი სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებაში ცვლილების შეტანას მოითხოვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრის ავტორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების გზით ამავე განჩინებაში ასახული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების შესწორებას, რაც დაუშვებელია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მითითებული გარემოებები და შეფასება არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან. აღნიშნული წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების აღწერილობით ნაწილში ასახულ გარემოებებს, რომლებზეც იმსჯელა და სამართლებრივად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების შესწორების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. ბ-ის უფლებამონაცვლე გ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე