საქმე № ას-149-149-2018 23 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ვ-“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოსარჩელე - კ. წ-ე
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება/განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის გამოხმობა, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. კ. წ-ემ და ნ. გ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ვ-ს“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ სამუშაოზე აღდგენის, შვებულების, განაცდურისა და ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. წ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს „ვ-ს“ აღმასრულებელი დირექტორის ი. ფ-ს 2016 წლის 1 სექტემბრის #... ბრძანება და ნ. გ-ე აღდგენილ იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე - მზარეულის პოზიციაზე; ნ. გ-ის დანარჩენ მოთხოვნებს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კ. წ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სს „ვ-ს“ სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ნ. გ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების ნაწილში სარჩელის გახმობის გამო სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა აპელანტ ნ. გ-ის მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ-“, აპელანტი უფლებამოსილი იყო გაეხმო სააპელაციო საჩივარი, რის გამოც არსებობდა სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
9. ნ. გ-ის სარჩელის (გასაჩივრებულ ნაწილში) განუხილველად დატოვების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 9 ოქტომბერს გამოიტანა დამატებითი გადაწყვეტილება/განჩინება, რომლითაც სასამართლოს ინიციატივით გასწორდა უსწორობა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ნ. გ-ის წარმომადგენლის თ. ბ–ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის გამოხმობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება; ნ. გ-ის სარჩელი სს „ვ-“-ს მიმართ ნ. გ-ესა და სს „ვ-“-ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. ნაწილის დათქმის ბათილად ცნობის თაობაზე და სს „ვ-“-ზე ნ. გ-ის სასარგებლოდ 36 თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს საზღაურის 3778 ლარის დაკისრების თაობაზე დარჩეს განუხილველი; ნ. გ-ეს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 150 ლარი.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში (რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტ ნ. გ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის გახმობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე) დაშვებული იყო უსწორობა. კერძოდ, მასში ასახული არ იყო განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოება სააპელაციო საჩივრის გახმობის გამო სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის განუხილველად დატოვების თაობაზე.
11. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაში სასამართლოს არ უმსჯელია მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხზეც, რის გამოც ამ ნაწილში არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრისა (სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე) და 9 ოქტომბრის (უსწორობის გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ) განჩინებებზე კერძო საჩივრები წარადგინა სს „ვ-მ“ და მოითხოვა მათი გაუქმება.
13. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი, რომლის მიხედვით, სარჩელის გამოხმობა სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხე თანახმა იყო მოსარჩელეს გაეხმო სარჩელი. უფრო მეტიც, იგი არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რომელზეც მოსარჩელემ შეცვალა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ისე, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა მოპასუხეს. ამდენად, აპელანტს (მოსარჩელეს) არ ჰქონდა პროცესუალური უფლება გაეხმო სააპელაციო საჩივარი.
14. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი და შესწორება შეიტანა 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მაშინ, როდესაც მასში არ იყო დაშვებული რაიმე სახის უსწორობა ან არითმეტიკული შეცდომა. ამდენად, სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ეს ნორმა.
15. სასამართლოს ასევე არ ჰქონდა უფლება გამოეტანა დამატებითი გადაწყვეტილება ხარჯების განაწილების თაობაზე და საკითხი განეხილა მხარეთა მოწვევის გარეშე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.
16. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ ერთმანეთთან გააიგივა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. ამდენად, მოცემულ საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
19. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრებით სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებები დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების ნაწილში სარჩელის გამოხმობის გამო სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შესახებ და ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შეტანილი უსწორობის გასწორების შესახებ, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა სასამართლო ხარჯების საკითხი.
20. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებებს ასაჩივრებს ძირითადად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის (აპელანტის) შუამდგომლობა სარჩელის გახმობის გამო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
21. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სარჩელის გამოხმობის პროცესუალური წესი. კერძოდ, ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
22. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, სსსკ მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს განცხადება (სარჩელი) ისე, რომ უარი არ თქვას მასზე (სსსკ-ის 831 (1) მუხლი).
23. სარჩელზე უარის თქმასთან შედარებით სარჩელის გამოხმობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სარჩელის გამოხმობისას სასამართლო დატოვებს მას განუხილველად და მხარეს მომავალში კვლავ შეეძლება იმავე სარჩელით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვა, რაც სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში აღარ დაიშვება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლი). სწორედ ამიტომ საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული საპროცესო უფლების (სარჩელის გახმობა) გამოყენების შესაძლებლობას მოსარჩელეს (აპელანტს, საკასაციო საჩივრის ავტორს) აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მოპასუხის თანხმობა სარჩელის გახმობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2017 წლის 2 ოქტომბერს, 13:00 საათზე დანიშნული იყო ნ. გ-ისა (მოსარჩელე) და სს „ვ-ს“ (მოპასუხე) სააპელაციო საჩივრების განხილვა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის - მოსარჩელე ნ. გ-ის წარმომადგენელი, ხოლო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხე - პროცესზე არ გამოცხადებულა. გამოცხადებულმა მხარემ იშუამდგომლა სს „ვ-ს“, როგორც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მისი (მოპასუხის) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა. ამავე დროს, სასამართლომ განიხილა მოსარჩელის (აპელანტის) შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის გახმობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, დააკმაყოფილა იგი.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მოპასუხე - აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ-“, არსებობდა ზემოაღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
26. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის გამოხმობის პროცესუალური წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და განუხილველად დატოვოს მისი სარჩელი, თუ მოპასუხე თანახმაა აღნიშნულზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
27. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებას, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით, კავშირი არა აქვს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლიანობასთან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა მოპასუხის თანხმობა მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობაზე, უფრო მეტიც, მოპასუხე ინფორმირებულიც კი არ იყო აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება დაეკმაყოფილებინა წარდგენილი შუამდგომლობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არსებობს მოსარჩელის მიერ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების ნაწილში სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) გახმობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
28. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შეტანილი უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებისა და ამავე განჩინებაზე გამოტანილი დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის აღნიშნული პრეტენზიებიც საფუძვლიანია.
29. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის გახმობის გამო ნ. გ-ის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში 2017 წლის 9 ოქტომბერს სააპელაციო პალატამ შეიტანა შესწორება, ხოლო იმავე წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით განსაზღვრა აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
30. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების ნაწილში სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) გახმობის გამო ნ. გ-ის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, შესაბამისად უნდა გაუქმდეს მის საფუძველზე მიღებული განჩინება უსწორობის გასწორების თაობაზე და დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების განსაზღვრის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ვ-ს“ კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის გამოხმობის გამო ნ. გ-ის სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება/განჩინების 1.2-1.3 პუნქტები განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე;
4. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება/განჩინების 1.4 პუნქტი ნ. გ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე;
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე