Facebook Twitter

საქმე № ას-149-149-2018 23 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ვ-“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოსარჩელე - კ. წ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, შვებულების, განაცდურისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07% დაკისრება, ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს საზღაური და გამოსაცდელი ვადის გამოყენების შესახებ შრომითი ხელშეკრულების დათქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. კ. წ-ემ და ნ. გ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ვ-ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ სამუშაოზე აღდგენის, შვებულების, განაცდურისა და ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. წ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს „ვ-ს“ აღმასრულებელი დირექტორის ი. ფ-ს 2016 წლის 1 სექტემბრის #... ბრძანება და ნ. გ-ე აღდგენილ იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე - მზარეულის პოზიციაზე; ნ. გ-ის დანარჩენ მოთხოვნებს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კ. წ-ის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სს „ვ-ს“ სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ

7.1. 2017 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ინფორმირებული იყვნენ მხარეები. კერძოდ, უწყება ჩაბარდა როგორც აპელანტ სს „ვ-ს“ წარმომადგენელს, თ. მ-ეს, ასევე თავად კომპანიის კომერციულ მენეჯერს - ვ. ფ-ს, თუმცა აპელანტი სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის;

7.2. გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 387-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

9. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სამართლებრივად შესაფასებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ცალმხრივად უარი განაცხადა კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებაზე ისე, რომ შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდა არც სასამართლოს და არც მარწმუნებელს. ამიტომაც აპლანტის გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მისი სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.

14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცალმხრივად თქვა უარი კომპანიის წარმომადგენლობაზე, რის თაობაზეც ინფორმაცია არ მიაწოდა არც სასამართლოს და არც თავად მარწმუნებელს .

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის დროს აპელანტ სს „ვ-ს“ მიერ თ. მ-ეზე გაცემული მინდობილობა გაუქმებული იყო. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ 2017 წლის 8 თებერვალს ერთი წლის ვადით თ. მ-ეზე გაცემულ რწმუნებულებას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 293) და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული რწმუნებულების გაუქმება და არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია მისი გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს ემსჯელა აპელანტის წარმომადგენლის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 2 ოქტომბრისათვის (სასამართლო სხდომის დღეს) აპელანტის ინტერესებს იცავდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, თ. მ-ე.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 71-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა აპელანტის წარმომადგენელმა თ. მ-ემ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დანიშნული სხდომის უწყება გააგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ როგორც მისი სამსახურის, ასევე ორგანიზაციის მისამართებზე - ბათუმი, კ- (იხ. ტ. 2, ს.ფ. 74, 76). დადგენილია, რომ სს „ვ-სთვის“ გაგზავნილი უწყება ჩაიბარა ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, კომერციულმა მენეჯერმა, ვ. ფ-მ, ხოლო თ. მ-ისათვის გაგზავნილი უწყება ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, მ. ნ-ეს. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება თ. მ-ისათვის აპელანტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომის უწყების მხარისათვის გაგზავნა და ჩაბარება მოხდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ვ-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე