გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-119-69-კს-03 12 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და რეაბილიტირებულად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 11 სექტემბერს ა. მ-ემ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და რეაბილიტირებულად აღიარება.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ დაიბადა 1942წ. 10 მაისს ადიგენის რაიონის სოფ. ...ში. გაურკვეველი მიზეზების გამო ყოფილი სსკ სახელმწიფო დაცვის კომიტეტის 1944წ. 31 ივლისის ¹6 279 დადგენილების საფუძველზე, მთელი ოჯახით გადასახლებულ იქნა უზბეკეთის რესპუბლიკაში.
ყოფილი სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956წ. 28 აპრილის ¹135/42 ბრძანებულებით ისინი განთავისუფლდნენ, დაბრუნდნენ სამშობლოში და ამჟამად იგი ცხოვრობს ახალციხის რაიონში.
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოსარჩელემ მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და რეაბილიტირებულად აღიარება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ-ეს უარი ეთქვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს არქივიდან წარმოდგენილი ცნობის თანახმად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია 1944-1956 წლებში, ა. ხ-ას, შემდგომში მ-ის საქართველოდან უზბეკეთში გადასახლების ფაქტი და ის გარემოებაც რომ 2001წ. 2 თებერვალს მან აღიდგინა ეროვნებაც და მოქალაქეობაც. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო დაეყრდნო რა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონს, უარი უთხრა ა. მ-ეს მის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებზე, ვინაიდან მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, “ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება”.
რაიონულის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა ა. ნ-ემ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აპელანტი მიუთითებდა, რომ იგი არ მიეკუთვნება ეთნიკურ ჯგუფს და არ ყოფილა დაპორტირებული, რომ იგი გადასახლებული იქნა უკანონოდ, ზემდგომი ორგანოების მითითებით.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, შესაბამისად ეს ნორმა კანონის მოქმედებას ავრცელებს ყველა მოქალაქეზე, მიუხედავად ეროვნებისა და ეთნიკური კუთვნილებისა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებადა ა. მ-ე ცნობილი იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და რეაბილიტირებულად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სახელდობრ: ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დღეს საქართველოს მოქალაქეები არიან, მათზე ვრცელდება იმავე კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, რომელის თანახმად ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს საქართველოს ტერიტორიაზე 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე.
2002წ. 14 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსმა ვ. ჯ-ემ და მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ა. მ-ე არ იქნა აღიარებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ვინაიდან იგი განეკუთვნებოდა ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც გასახლებული იყო საქართველოდან 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე პერიოდში. “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება 1921წ. 25 დეკემბრიდან 1990წ. 18 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე. სააპელაციო პალატამ კი ამ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე ცნო ა. მ-ე რეპრესირებულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებით სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ დავა იყო ადმინისტრაციული, საქმე კი განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებით, ზემოაღნიშნული საქმე ა. მ-ის განცხადების საფუძველზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 26 თებერვლის განჩინებით საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას დაუბრუნდა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა უფლებამოსილია განსჯადობის საკითხი გადაწყვიტოს ქვემდგომ სასამართლოთა შორის დავის არსებობისას, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც განსჯადობის შესახებ დავა რეალურად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის წარმოიშვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განსჯადი ვერ გახდება, რადგან აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად ზემოთ აღნიშნული პალატა ვერ შეცვლის კანონიერ ძალაში შესულ უზენაესი სასამართლოს სხვა პალატის განჩინებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება. ა. მ-ის განცხადება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეაბილიტირებულად ცნობის შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად და ა. მ-ეს განემარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას უფლება ჰქონდა წარედგინა სარჩელი საერთო საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისს კერძო საჩივრით მიმართა ა. მ-ის წარმომადგენელმა პ. კ-ემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინების გაუქმება, აგრეთვე საქმის განსახილველად გადაცემა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის, რომელიც მას განიხილავს უდავო წარმოების წესით.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მის მიერ სასამართლოში 2001წ. 9 ნოემბერს განცხადება შეტანილია სამოქალაქო წესით. რაიონულმა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორი ინტერპრეტაცია მისცეს კანონს, როდესაც ა. მ-ის განცხადება მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სსკ-ით რეგლამინტირებული უდავო წარმოების წესით განიხილეს.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი სადავო საქმესთან დაკავშირებით მიაჩნდა არასათანადო მოპასუხედ და ვინაიდან საქმეში არ არსებობდა მოპასუხე, შესაბამისად ვერ იარსებებდა სადავო ურთიერთობა, რის გამოც ადმინისტრაციული საქმეთა განმხილველი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს პირის რეპრესირებულად ცნობის საკითხი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინებით ა. მ-ის წარმომადგენელს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა დაუსაბუთებლობის მოტივით და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. მ-ის წარმომადგენლის პ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს და შეცვალოს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მოცემული საქმე განსახილველად განსჯადობით დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მოცემული საქმის განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის დაქვემდებარების თაობაზე, უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მართალია, ა. მ-ემ სასამართლოს უდავო წარმოების წესით, განცხადებით მიმართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონულმა განყოფილებამ და ამ საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გააუქმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუქვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, მიუთითა რა სამოტივაციო ნაწილში, რომ მოპასუხეს დავაში წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო _ სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონული განყოფილება, ფაქტობრივად უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას წარმოიშვა დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომელიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, ანუ სახეზეა სსკ-ს 311-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დატოვა მოცემულ საქმე განუხილველი, განუმარტა რა ა. მ-ეს მისი უფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთო საფუძველზე სარჩელის წარდგენისა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ, რადგან “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით პირის რეპრესირებულად ცნობასთან დაკავშირებით არ არის განსაზღვრული მოპასუხე და არ არსებობს სადავო ურთიერთობა, ამდენად, ა. მ-ის განცხადება უდავო წარმოების წესებით უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას უნდა ეთქვას უარი და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის და 2003წ. 18 ივნისის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ის წარმომადგენლის პ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის და 2003წ. 18 ივნისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.