Facebook Twitter

საქმე № ას-177-177-2018 20 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ი-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ი-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინება ამავე წლის 9 აგვისტოს ჩაბარდა აპელანტს. შესაბამისად, მისთვის დაწესებული 10 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 10 აგვისტოს და ამოიწურა 2017 წლის 21 აგვისტოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია სრულად, კერძოდ, მას არ წარუდგენია დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი - არ მიუთითებია, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, ასევე არ მიუთითებია გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის გამო წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შეავსო სრულად - დაწესებულ ვადაში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობაზე მეტყველებდა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ხარვეზი შევსებულად ითვლება და სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ხარვეზი გამოასწორა 2017 წლის 18 აგვისტოს, ხოლო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე იმსჯელა რამდენიმე თვის შემდეგ - 2017 წლის 13 ნოემბერს. ამდენად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის წინაპირობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ი-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

12. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. მისი მოსაზრებით, საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს და იგი წარმოებაში იყო მისაღები.

13. საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

14. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას იმ საპროცესო მოქმედებებისათვის, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მასსა და სს „ს-ს“ შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხვა სამოქალაქო დავაზე მიუთითებს, რომელიც ეხება სწორედ იმ ქონებას, რომლის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემასაც მოითხოვს მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნულის გამო არსებობს სს „ს-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 105-113).

16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობებს და აპელანტს 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დაუდგინა ხარვეზი, რომლითაც დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. სასამართლომ განუმარტა საჩივრის ავტორს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა; ასევე გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ქონება წარმოადგენს სადავოს და ამჟამად საქმე იხილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დავის საგანი ქონების დაბრუნებაა, თუმცა ბუნდოვანი იყო არა მხოლოდ აპელანტის განმარტება დავის საგანთან მიმართებაში (რას გულისხმობს იგი ქონების დაბრუნებაში) არამედ, ასევე არ დგინდებოდა მოცემული დავის მხარეები.

17. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე, სხვა სამოქალაქო საქმეზე სს „ი-ისა“ და სს „ს-ის“ მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, სს „ი-ის“ სააპელაციო საჩივარი და მასზე წარდგენილი სააპელაციო შესაგებელი და განმარტა, რომ მოცემული დოკუმენტებით დასტურდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობიდან გამომდინარე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავის არსებობა სწორედ იმ ქონებაზე, რომლის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებასაც წინამდებარე საქმეში მოსარჩელე (სს „ს-ი“) ითხოვდა მოპასუხისაგან (სს „ი-ისაგან“) (იხ. ტ. 2, ს.ფ. 9-96).

18. ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა და ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინების შინაარსის შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებენ იმ სამართლებრივ საფუძველზე, რასაც სააპელაციო საჩივარი ემყარება და რის გამოც ითხოვს აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე მიუთითებდა მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, ხოლო შემდგომ, ხარვეზის შევსების განცხადებას დაურთო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, სადავო არ არის, რომ გადახდილი აქვს სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ფორმალურია მიდგომა ამ პირობებში ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ყოველივე აღნიშნული კი საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სს „ი-ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ი-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება და საქმე სს „ი-ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე