Facebook Twitter

საქმე № ას-188-188-2018 23 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ქ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი-“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შეჭრილი ფართობის ნაგებობით სარგებლობის (თმენის ვალდებულებისათვის) საზღაურის გადახდის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ი-“-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ქ-ას (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ შეჭრილი ფართობის ნაგებობით სარგებლობის (თმენის ვალდებულებისათვის) საზღაურის გადახდის დავალდებულების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების დადგენა და მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრისათვის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების მიზნით მოქმედების დავალება, საკუთრების ხელყოფის აღკვეთა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 24 ნოემბერს 15:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა დანიშნულ დროს არც ის და არც თავად აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან. სასამართლომ განიხილა აპელანტის წარმომადგენლის, ქ. მ–ის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მითითება საზღვარგარეთ ყოფნის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ იყო. შესაბამისად, არ არსებობდა მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 275-ე, 287-ე მუხლებით და აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

8. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე აპელანტის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (პროცესის დღეს იგი არ იმყოფებოდა საქართველოში), რის თაობაზეც წინასწარ აცნობა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აღნიშნული შუამდგომლობა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი, რითაც მხარეს წაართვა სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.

13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 24 ნოემბერს 15:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

16. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი - აპელანტის წარმომადგენელი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 24 ნოემბერს 15:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე საპატიო მიზეზით მის გამოუცხადებლობას, კერძოდ, იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, რის თაობაზეც სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადების მეშვეობით აცნობა სასამართლოს.

18. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორი - აპელანტის წარმომადგენელი საჩივარში მიუთითებს სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე და არაფერს ამბობს თავად აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე. ამდენად, წარმოდგენილი პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო აფასებს მხოლოდ აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.

19. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, 2017 წლის 20 ნოემბერს, აპელანტის წარმომადგენელმა ქ. მ-მა სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ პროცესის დღეს არ იქნებოდა საქართველოში და მოითხოვა სხდომის გონივრული ვადით გადადება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 22).

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

22. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი, მართალია, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობაში მიუთითებს პროცესის დღეს საქართველოში არყოფნის შესახებ, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. არც კერძო საჩვარს ერთვის რაიმე დოკუმენტი (მაგ. ავია-ბილეთი, მოქალაქის პასპორტის ასლი (რომელშიც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის თაობაზე) და სხვ.), რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს შეეფასებინა სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობა.

23. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარდა აპელანტის წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობისა, დადგენილია, ასევე, თავად აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტიც, რაც კერძო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, აპელანტი ვალდებული იყო და გონივრული დროც ჰქონდა იმისათვის, რომ საქმის განხილვაში პირადად მიეღო მონაწილეობა, თუმცა დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი და მისი მარწმუნებლის საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე