Facebook Twitter

საქმე № ას-207-207-2018 16 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „5-“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გ- საჯარო სკოლა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ გ- საჯარო სკოლამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „5-“ -ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2017 წლის 9 აგვისტოს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს გამოცხადდა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული საოქმო განჩინება მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. ამასთან, მხარებს განემარტათ, რომ მათ უფლება ჰქონდათ სააპელაციო წესით გაესაჩივრებინათ განჩინება მისი გამოცხადების მომენტიდან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 369-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მხარისათვის 2017 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 3 იანვარს, ხოლო ვინაიდან სააპელაციო საჩივარი მხარემ წარადგინა 2018 წლის 4 იანვარს, არსებობდა გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მას დასაბუთებული განჩინება არ ჩაბარებია, ამდენად, გაურკვეველია რა ნორმას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, როდესაც გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მისი გამოცხადებიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკავშირებს მხარისათვის მისი გადაცემის მომენტს, ხოლო 2591-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრების უფლების მქონე მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა არ მიმართავს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რა ვადაშიც წარდგენილია კიდეც სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის ათვლის მართებულობას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მისთვის უნდა დაწყებულიყო არა გადაწყვეტილების გამოცხადების, არამედ გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში არ გამოცხადდება და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სასამართლო აცხადებს საბოლოო გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილს.

14. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც სასამართლო სხდომაზე აცხადებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების როგორც სარეზოლუციო, ისე დასაბუთებულ (სამოტივაციო) ნაწილს, მასზე ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული გასაჩივრების წესი, რომლის მიხედვით, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან, ანუ ამ შემთხვევაში ვადის ათვლის წესი იცვლება და იგი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან იწყება. 369-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილი, ხოლო სასამართლო სხდომაზე თუ მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი (შესაბამისი გამონაკლისებით), რაც იმ მოსაზრებითაა განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში, მხარისათვის ცნობილია გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

15. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე (რომელზეც იხილებოდა მოპასუხის საჩივარი) გამოცხადდა მიღებული საოქმო განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები. დადგენილია ასევე, რომ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირის - მოპასუხე შპს „5-“-ის წარმომადგენელი. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილით კი მხარეებს განემარტათ საოქმო განჩინების გასაჩივრების წესი - კერძოდ, მასში მიეთითა, რომ საოქმო განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით საოქმო განჩინების გამოცხადების მომენტიდან (იხ. ს.ფ. 151-154).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სსსკ 63-ე მუხლის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების გამოცხადებას ესწრებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გამოცხადების მომდევნო დღეს - 2017 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 3 იანვარს. ხოლო ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2018 წლის 4 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად იქნა იგი დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „5-“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე