Facebook Twitter

საქმე № ას-227-227-2018 23 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ტ. ბ., ა. გ., მ. ტ–აძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „კ-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ბ-ის, ა. გ-ისა და მ. ტ–აძის (შემდგომში „მოპასუხეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3612.99 აშშ დოლარის გადახდა; დადგინდა მოპასუხე ა. გ-ის საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ს-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ: …) იძულებითი რეალიზაცია აუქციონის გზით; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 265.67 ლარის გადახდა.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოსა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში საპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს პირგასამტეხლოს - 245.26 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 264.67 ლარის, ანუ ჯამში 926,87 ლარის დაკისრების ნაწილში (სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2.70 ლარს).

7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

8. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

10. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, მართალია, გასაჩივრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, თუმცა ეს არ შეიძლება გახდეს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობა გამოანგარიშებულია ძირითადი თანხიდან, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს ძირითად თანხასთან ერთად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

14. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პრინციპი - სასამართლო ხელმისაწვდომობა, როგორც უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება მხოლოდ კანონისმიერ, ლეგიტიმურ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს (სსსკ 2.2 მუხლი). ამგვარ შეზღუდვებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

18. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი კი ქონებრივი დავის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მართალია, მათ მიერ გასაჩივრებული პირგასამტეხლოს თანხა ჯამში არ აღემატება 1000 ლარს, თუმცა სასამართლოს დავის საგნის ღირებულება უნდა განესაზღვრა ძირითად თანხასთან ერთად.

20. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის 3612.99 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც გადაუხდელი ძირითადი თანხა შეადგენდა 2 830.61 აშშ დოლარს, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 399.68 აშშ დოლარს, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია - 82.66 აშშ დოლარს, ჯარიმა (პირგასამტეხლო) - 0.27%-ს - 245.26 აშშ დოლარს, ხოლო ჯარიმა ძირითადი თანხის 5%-ს - 54.78 აშშ დოლარს. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებისათვის დაკისრებას. წარდგენილი სარჩელის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა თითოეულ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე და სარჩელი დააკმაყოფილა სრულად, თუმცა მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ - მხოლოდ პირგასამტეხლოს - 245.26 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 264,67 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც საერთო ჯამში სააპელაციო საჩივრის წარდგენის მომენტისათვის შეადგენდა 926.87 ლარს.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად, არამედ ნაწილობრივ გაუქმება, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს საჩივრის დავის საგანს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი იმპერატიულად მიუთითებს საჩივრის ღირებულების მიხედვით მის დასაშვებობაზე და დავის საგნის ღირებულებას განსაზღვრავს სწორედ იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გადაწყვეტილება გასაჩივრებულია პირგასამტეხლოსა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, რაც საერთო ჯამში არ აღემატება 1000 ლარს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ტ. ბ-ის, ა. გ-ისა და მ. ტ–აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე