13 დეკემბერი, 2018 წელი,
საქმე №ა-3783-შ-94-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ვ.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის მხარის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე # 35-3/2017)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის მხარის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე # 35-3/2017) შპს „ვ–ის“ სარჩელი შპს „ბ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა.
შპს „ბ–ს“ (ს/კ ....), რომელიც მდებარეობს საქართველოში, ქ. თბილისში...... შპს „ვ–ის“, რომლის იურიდიული მისამართია ბელორუსიის რესპუბლიკა, ქ. გროდნო, ......, სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების გაწევისათვის ძირითადი დავალიანება 15 000 ევრო, 1 647,68 ევრო პენი, ჯამში - 16 747, 68 ევრო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ბ–ს“ შპს „ვ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა შპს „ვ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 1 650 ბელორუსიული რუბლი და 88 თეთრი, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დღეს შეადგენდა 676, 76 ევროს.
2. 2018 წლის 3 აგვისტოს შპს „ვ–იმ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის მხარის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების 16 747, 68 ევროს ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და სასამართლო ბრძანების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 16 თებერვალს, ხოლო მისი აღსრულება ბელორუსიის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, შპს „ბ–ს“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და 2018 წლის 8 სექტემბერს ჩაჰბარდა.
6. მოწინააღმდეგე მხარე შპს „ბ–ს“ კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს „ვ–ის“ შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის მხარის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე # 35-3/2017) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის მხარის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე # 35-3/2017) შპს „ვ–ის“ სარჩელი შპს „ბ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა.
შპს „ბ–ს“ (ს/კ ...), რომელიც მდებარეობს საქართველოში, ქ. თბილისში, ..... შპს „ვ–ის“, რომლის იურიდიული მისამართია ბელორუსიის რესპუბლიკა, ქ. გროდნო, ......, სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების გაწევისათვის ძირითადი დავალიანება 15 100 ევრო, 1 647,68 ევრო პენი, ჯამში - 16 747, 68 ევრო. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ბ–ს“ შპს „ვ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა შპს „ვ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 1 650 ბელორუსიული რუბლი და 88 თეთრი, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დღეს შეადგენდა 676, 76 ევროს.
8. შპს „ვ–იმ“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 16 747, 68 ევროს ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
9. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში 2018 წლის 16 თებერვლიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიალურ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (შემდგომ - გადაწყვეტილებებს), გარდა იმ შემთხვევებისა რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობებს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, გათვალისწინებულთ 51 მუხლში, განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ, პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 53-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
12. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის მხარის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე # 35-3/2017) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მინსკის კონვენციის 51-ე, 54-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის გროდნენსკის მხარის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე # 35-3/2017) ნაწილობრივ, რომლითაც შპს „ბ–ს“ (ს/კ ....), რომელიც მდებარეობს საქართველოში, ქ. თბილისში, ..... შპს „ვ–ის“, რომლის იურიდიული მისამართია ბელორუსიის რესპუბლიკა, ქ. გროდნო, ......, სასარგებლოდ დაეკისრა მომსახურების გაწევისათვის ძირითადი დავალიანება 15 100 ევრო, 1 647,68 ევრო პენი, ჯამში - 16 747, 68 ევრო.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი