Facebook Twitter

13 დეკემბერი, 2018 წელი,

საქმე №ა-4481-შ-115-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ბ.

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ლ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელორუსიის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე # 2-1005/18)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელორუსიის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე # 2-1005/18) ე.ბ–ის სარჩელი თ.ლ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

თ.ლ–ს, ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, არასრულწლოვანი შვილის მ.თ. ასული ლ–თვის, რომელიც დაბადებულია 2016 წლის 23 მარტს ყოველთვიურად მისი შემოსავლის 25%-ისა ან საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ის ოდენობით, 2017 წლის 21 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

2. 2018 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ე.ბ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 27 ივლისს ხოლო მისი აღსრულება ბელორუსიის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, თ.ლ–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და 2018 წლის 22 ნოემბერს ჩაჰბარდა.

6. მოწინააღმდეგე მხარე თ.ლ–ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე.ბ–ის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე # 2-1005/18) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. ბელორუსიის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე # 2-1005/18) ე.ბ–ის სარჩელი თ.ლ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

თ.ლ–ს, ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, არასრულწლოვანი შვილის მ.თ. ასული ლ–თვის, რომელიც დაბადებულია 2016 წლის 23 მარტს ყოველთვიურად მისი შემოსავლის 25%-ისა ან საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ის ოდენობით, 2017 წლის 21 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

8. ე.ბ–მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

9. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში 2018 წლის 27 ივლისიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის (შემდეგში მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიალურ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (შემდგომ - გადაწყვეტილებებს), გარდა იმ შემთხვევებისა რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობებს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, გათვალისწინებულთ 51 მუხლში, განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ, პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 53-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

12. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე # 2-1005/18) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მინსკის კონვენციის 51-ე, 54-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე # 2-1005/18), რომლითაც ე.ბ–ის სარჩელი თ.ლ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. თ.ლ–ს, ე.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, არასრულწლოვანი შვილის მ.თ. ასული ლ–თვის, რომელიც დაბადებულია 2016 წლის 23 მარტს ყოველთვიურად მისი შემოსავლის 25%-ისა ან საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%-ის ოდენობით, 2017 წლის 21 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი