საქმე №ას-ა-5075-ბ-10-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „რ.“
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ი
განმცხადებლის მოთხოვნა – სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება
დავის საგანი – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა შპს „რ.“ და ზ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ზ. მ-ის სარჩელის გამო, შპს „რ.“ მიმართ, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით:
1. შპს „რ.“ და მისი დირექტორის, თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. შპს „რ.“ წარმომადგენელ ა. კ-ის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. ზ. მ-ის წარმომადგენელ მ. გ-ვას შუამდგომლობა 2012 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივლისამდე გადასახდელი თანხის _ 793 183 აშშ დოლარის წლიური 9%-ის _ 327 188 აშშ დოლარის შპს „რ.“ დაკისრების თაობაზე დარჩა განუხილველად.
6. კასატორ ზ. მ-ს დაუბრუნდა 2017 წლის 9 ივნისის #ა-2427-17 განცხადებაზე დართული იურიდიული კომპანია „თ. და პ.“ 2017 წლის 9 ივნისის დასკვნა 23 (ოცდასამი) ფურცლად.
7. შპს „რ.“ წარმომადგენელ ა. კ-ის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადებისა და შესაბამისი დასკვნის წარდგენისათვის საპროცესო ვადის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „რ.“ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, მოითხოვა საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განცხადება ძირითადად მოტივირებულია იმ არგუმენტით, რომ მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის თანაშემწე ნათია კარანაძე, რომელიც იმავდროულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის _ თეიმურაზ თოდრიას რეფერენტი იყო, ქორწინებაში იმყოფება ზ. მ-ის წარმომადგენელ მ. გ-ასთან, რაც მხარეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული, ამასთანავე, განმცხადებელი თვლის, რომ სათათბიროდ გასულმა კოლეგიურმა შემადგენლობამ (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება სსსკ-ის 257.1 მუხლის შესაბამისად, გადადებული იყო ერთი თვით) საკასაციო პალატის ყოფილი მოსამართლის _ თ.თოდრიას მიერ გაცემული დასკვნის მიღებით, რომელიც არ იქნა საქმეზე დართული და დაუბრუნდა მხარეს, დაკარგა დამოუკიდებლობა. საქმის წარმოების განახლებასთან ერთად განმცხადებელმა მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, განცხადების დასაბუთებულობას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. განსახილველი ნორმა ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად დაშვების შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების ბედს. კანონის ხსენებული დანაწესი გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპს ემსახურება, მიზნად ისახავს წაგებული მხარის მხრიდან საპროცესო წესების ბოროტად გამოყენების ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებას, ამასთანავე, არ არის გამორიცხული, საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, შეაჩეროს კიდევაც სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა უნდა გამოირიცხოს ყველა ის შესაძლო ზიანი და აღსრულების შეჩერებით გამოწვეული შესაძლო გართულებები, რომლებიც ამ საპროცესო ინსტიტუტს თან სდევს პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს აღსრულების შეჩერების მომთხოვნი მხარისაგან, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, შესაბამის გარანტიებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება, განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად. ხსენებული ნორმის პირველი ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით. მან იმავდროულად უნდა შესთავაზოს სასამართლოს გარანტია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებით, ვთქვათ - სარჩელის უზრუნველყოფით. მხარე, რომელიც მოითხოვს, მაგალითად, სარჩელის უზრუნველყოფას, ვალდებულია, მიუთითოს, თუ რას სთავაზობს იგი სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა შესაძლებელია, განიცადოს. თუ მხარე ამ მოვალეობას არ ასრულებს, მისი მოთხოვნა, საპროცესო მოქმედების შესრულებაზე, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ №ა-4265-ბ-15-2015, 15 იანვარი, 2016 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ განცხადებას არ ერთვის უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად შპს „რ.“ აქტივზე არა ერთი ყადაღა/აკრძალვაა რეგისტრირებული, საბანკო ცნობის თანახმად, მას სს „ს. ბ.“ ანგარიშებზე ასევე აქვს რეგისტრირებული ყადაღა, ამდენად, განცხადების მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკანონმდებლო სტანდარტს, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე, 432-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ.“ განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე