Facebook Twitter

საქმე №ას-63-59-2017 13 ნოემბერი 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ტ. (მოსარჩელე)

მესამე პირი - გორის სოციალური მომსახურების ცენტრის მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ტ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მამა) და ს.გ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან დედა) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 2 ნოემბერს მათ შეეძინათ შვილი - ს.ტ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მცირეწლოვანი, არასრულწლოვანი, ბავშვი ან მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი). 2013 წლის იანვრიდან მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

2. მცირეწლოვანი ცხოვრობს დედასთან, ქ. გორში, ..... მოსარჩელე შვილს ყოველთვიურად სარჩოს სახით ალიმენტს უხდის.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: ყოველი კვირის კვირა დღე - 14:00 საათიდან დღის 17:00 საათამდე, მოპასუხის (დედის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 13-19).

4. მოსარჩელემ შვილი უკანასკნელად 2013 წლის ნოემბერში ნახა.

5. შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 2015 წლის 22 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი და შეფასებულ იქნა მხარეთა საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი. მოკვლევის შედეგად, სოციალურმა მუშაკმა მიიჩნია, რომ ორივე მშობელი უნდა მოქმედებდეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ბავშვთან ურთიერთობის დროს უნდა გაითვალისწინონ მისი ასაკი და თავიანთი გადაწყვეტილებებით ზიანი არ უნდა მიაყენონ ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებას.

6. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის ბავშვთან შეხვედრის ოქმის თანახმად, შეხვედრის პროცესზე დაკვირვებით მიღებული შედეგების საფუძველზე, ფსიქოლოგმა აღნიშნა შემდეგი: ,,შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი მამასთან გაუცხოებულია, ამასთან, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ის მამის მიმართ არ არის დადებითად განწყობილი, არ გამოხატავს ემოციებს, გრძნობებს, სიყვარულსა და სითბოს. სავარაუდოდ, ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ჩნდება ეჭვი, რომ ბავშვის ცნობიერებასა და ხანგრძლივ მეხსიერებაში მამის ფენომენი ნეგატიური ფორმითაა განმტკიცებული და შენახული. ბავშვს შთაგონებული აქვს, რომ მამა მის ცხოვრებაში უარყოფითი პერსონაჟია, რომელიც მიუღებელი და არასასურველი ინდივიდია“. ფსიქოლოგმა მიიჩნია, რომ ბავშვის გონებრივი, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელია მამასთან დადებითი ურთიერთობები. მნიშვნელოვანია მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის არ იქნება ზიანის მომტანი ის ფაქტი, თუ მამა მას რამდენიმე საათით თავისთან წაიყვანს. მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.

დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის ახალი ურთიერთობა უფრო მისაღები და მარტივად შესაგუებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირველ ეტაპზე აღსრულების პროცესში ჩაერთვება ნეიტრალური პიროვნება, რომელთანაც ბავშვს დადებითი ემოციური კავშირები აქვს. მამის სიახლოვისა და მასთან ურთიერთობის დეფიციტი უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასაკის მატებასთან ერთად მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში უფრო მეტად გაძლიერდება, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც იკვეთება მთელი რიგი რისკები, რომლებიც შესაძლოა სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ამ რისკების თავიდან აცილების მიზნით, ბავშვის უფლებების, ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ფსიქოლოგმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ აღდგეს და ხელი შეეწყოს მამა-შვილს შორის ურთიერთობას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 66-70).

7. 2015 წლის 23 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა მოითხოვა, სახელდობრ, ბავშვის ნახვისა და წაყვანის დღეები ყოველი კვირის პარასკევი 16:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედით, ყოველი კვირის შაბათი 16:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედითა და ყოველი კვირის კვირა დღე 16:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედით. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მცირეწლოვანი შვილის ნახვის დღეებში, ბავშვის საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. გორში, .... მდებარე საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლება მინიჭებოდა.

მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მას გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შვილთან (რომელიც მითითებულ პერიოდში ბუნებრივ კვებაზე იმყოფებოდა) ურთიერთობისათვის, განსაზღვრული ჰქონდა კვირაში მხოლოდ სამი საათი, დედის საცხოვრებელ მისამართზე. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში მოსარჩელემ არაერთხელ მოინახულა შვილი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამწვავებული იყო, ბავშვთან მშვიდ გარემოში შეხვედრა ვერ ხერხდებოდა. მამა-შვილის ურთიერთობას ყოველთვის ესწრებოდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ხშირად შესწრებია მხარეთა კონფლიქტს. რადგანაც, დაძაბული ურთიერთობის გამო, შეუძლებელი იყო ბავშვთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, მოსარჩელემ გადაწყვიტა, რომ შვილის ასაკის მატების შემდეგ მიმართავდა სასამართლოს და მოითხოვდა არა მხოლოდ ბავშვის ნახვის, არამედ ამ უკანასკნელის თავის საცხოვრებელ მისამართზე წაყვანის უფლების მინიჭებასაც. ვინაიდან განსახილველი სარჩელის წარდგენის დროისათვის ბავშვი აღარ იმყოფებოდა ბუნებრივ კვებაზე, ამასთან, მამა-შვილს ურთიერთობისათვის მეტი დრო სჭირდებოდათ, ვიდრე ეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იყო დადგენილი, მოსარჩელის არასრულწლოვანთან ურთიერთობა მეტი ინტენსივობითა და წაყვანის უფლებით უნდა განსაზღვრულიყო.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლოს უკვე განსაზღვრული ჰქონდა მამის შვილთან ურთიერთობის წესი და ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მხოლოდ იმ საფუძვლით მიღებული, რომ ბავშვი იმყოფებოდა ბუნებრივ კვებაზე, არამედ სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, სწორედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, დაუდგინა მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისთვის კვირაში სამი საათი, დედის საცხოვრებელ მისამართზე. მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო მოსარჩელის შვილთან ურთიერთობის დრო, მან მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ბავშვი. მოსარჩელისათვის არც მოპასუხეს და არც ამ უკანასკნელის რომელიმე ოჯახის წევრს ბავშვთან ურთიერთობისათვის ხელი არასოდეს შეუშლია. ეს უკანასკნელი მამას ფაქტობრივად არ იცნობდა, მისი დანახვა მასში მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევდა და ის იწყებდა ტირილს, რასაც არაერთხელ შესწრებია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, შესაბამისად, არ შეიძლებოდა, მოსარჩელეს მისცემოდა უფლება არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ ადგილზე, უცხო გარემოში დაეტოვებინა, ვინაიდან აღნიშნული უარყოფითად იმოქმედებდა ბავშვის ფსიქიკაზე, და მიაყენებდა მას ფსიქოლოგიურ ტრავმას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის დედა პარაფსიქოლოგია, რომელიც სახლში ატარებს სეანსებს, ბავშვის მამის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანა მოპასუხემ არამიზანშეწონილად მიიჩნია.

9. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის შემდეგი წესი განესაზღვრა: ყოველი კვირის ოთხშაბათი, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედით, მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას; ყოველი კვირის შაბათი 16:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის შუალედით, მცირეწლოვნის მამის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი წესი, რომლითაც მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული ჰქონდა ყოველი კვირის კვირა დღე, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის შუალედით, მოპასუხის (დედის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეიცვალა ბავშვთან ურთიერთობის ზემოაღნიშნული წესით.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის შაბათი 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, წაყვანის უფლებით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლება, კონტაქტი ჰქონდეს შვილთან, მათ შორის, კვირაში ერთი დღე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით, შეუზღუდავად უნდა განხორციელებულიყო და ამ მხრივ პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, თუმცა მოსარჩელის ის პრეტენზია, რომ ნახვის დღეები განსაზღვრულიყო კვირაში სამი დღე - ბავშვის მამის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით, პალატამ უარყო და განმარტა, რომ თავდაპირველ ეტაპზე მამა-შვილს შორის ემოციური კავშირი ბავშვისთვის უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად უნდა აღდგენილიყო, მამა ნელ-ნელა უნდა შესულიყო ბავშვის ცხოვრებაში, რათა მის ცნობიერებაზე მკვეთრ ემოციურ დატვირთვას არ ჰქონოდა ადგილი;

11.2. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის პრეტენზია სსკ-ის 1199-ე მუხლის არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მშობლის (მამის) უფლების განხორციელება - შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით არ იყო ზიანის მომტანი ბავშვის ინტერესებისათვის. აღნიშნულის შესახებ არ მიუთითებდა საქმეზე დადგენილი გარემოებები და არც მოპასუხეს (მეორე აპელანტს) ჰქონდა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მამასთან ურთიერთობა ზიანს მიაყენებდა ბავშვის ინტერესებს;

11.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სოციალური მუშაკის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბავშვის გონებრივი, ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელი იყო მამასთან დადებითი ურთიერთობები. მნიშვნელოვანი იყო მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობისათვის არ იქნებოდა ზიანის მომტანი ის ფაქტი, თუ მამა ბავშვს რამდენიმე საათით თავისთან წაიყვანდა. პალატის შეფასებით, მამასა და შვილს შორის ემოციური კავშირის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ნახვის დღეები განსაზღვრულიყო, როგორც დედის, ასევე - მამის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის შაბათი, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, წაყვანის უფლებით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

12.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელეს ისე მიანიჭეს ბავშვის წაყვანის უფლებამოსილება, რომ არ გაითვალისწინეს თუ რა შედეგი შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა ბავშვის ფსიქიკაზე. მათ უგულებელყვეს ბავშვის უპირატესი ინტერესი, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა და ის გარემოება, რომ ბავშვი მამასთან გაუცხოვებულია და არ არის დადებითად განწყობილი;

12.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1199-ე მუხლი არასწორად განმარტა, კერძოდ, პალატამ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, მსჯელობა არა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასაცავად, არამედ მოსარჩელის სასარგებლოდ განავითარა;

12.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ მამა-შვილს შორის ემოციური კავშირი ფაქტობრივად არ არსებობს, შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ კავშირის აღდგენა, რაც შეუძლებელია განხორციელდეს ურთიერთობის თავდაპირველ ეტაპზე, ბავშვის მამის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და საბოლოოდ სავალალო შედეგი გამოიწვიოს. მამა-შვილი ერთმანეთთან უნდა დაახლოვდეს ეტაპობრივად და არა ერთბაშად, მკვეთრი და უხეში ჩარევით;

12.4. სასამართლოებმა არასწორად დააფუძნეს გადაწყვეტილება 2016 წლის 12 თებერვლის ბავშვის ფსიქოლოგთან შეხვედრის ოქმსა და ფსიქოლოგის სუბიექტურ მოსაზრებებს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

16. მოცემულ შემთხვევაში, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილი (მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება) და 1202-ე მუხლი (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში; შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება, არ უნდა შეეზღუდოს.

18. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოსარჩელისათვის ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრულ წესსა და პირობებს, სახელდობრ, მისი ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი კვირის შაბათს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან განისაზღვრა ისე, რომ მამას მიეცა შვილის თავის საცხოვრებელ მისამართზე წაყვანის უფლება, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობისათვის.

19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სსკ-ის 1199-ე (მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს) მუხლის არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი, ბავშვის ინტერესებისთვის საზიანო არ არის.

19.1. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ბავშვთან ფსიქოლოგის შეხვედრის ოქმსა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ უკანასკნელის მიერ მიცემულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, ბავშვის გონებრივი და ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილური განვითარებისათვის ფსიქოლოგს აუცილებლად მიაჩნია მისი მამასთან დადებითი ურთიერთობები. ფსიქოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანია მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობისათვის არ იქნება ზიანის მომტანი ის ფაქტი, თუ მამა მას რამდენიმე საათით თავისთან წაიყვანს. მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.

19.2. ამდენად, საკასაციო პალატა ფსიქოლოგის განმარტებაზე დაყრდნობით, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მამის მხრიდან ბავშვის რამდენიმე საათით თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის საზიანო არ იქნება და, პირიქით, არასრულწლოვანი შვილის (ბიჭის) მჭიდრო ურთიერთობა მამასთან აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით, პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლო არ დაეთანხმა მთავრობის არგუმენტს, რომ ცალკე მცხოვრები შვილის მიერ ყოველი შაბათ-კვირის მამასთან ერთად გატარება უარყოფითად იმოქმედებდა მის განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება, როგორიცაა, ფსიქოლოგის ან სხვა ექსპერტის შეფასებები. მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა კონვენციის „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (Kutzner v. Germany).

19.3. უდავოა, რომ მოსარჩელე შვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ის შემჩნეული არ არის ისეთ საქმიანობაში, რაც შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის აღზრდასა და განვითარებას. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კასატორის ვარაუდს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვნის რამდენიმე საათით ყოფნა მისი განვითარებისთვის საფრთხის შემცველია.

19.4. გარდა ამისა, საკასაციო პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ბავშვმა იქონიოს ურთიერთობა მამის ოჯახში მცხოვრებ ახლო ნათესავებთანაც, რაც კიდევ უფრო დაახლოებს მამა-შვილს ერთმანეთთან და ამით ძლიერი ემოციების განვითარებასთან ერთად, ძლიერი თანადგომის ქსელის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

19.5. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ამჟამად ბავშვი 6 წლისაა და მისი ასაკის გათვალისწინებით, პალატას არადამაჯერებლად მიაჩნია კასატორის მტკიცება, რომ კვირაში ერთი დღე, მხოლოდ 3 საათის განმავლობაში მამის მიერ ბავშვის თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

20. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

20.1. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (შდრ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.02.2016).

21. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება,პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ #ას-967-916-2015, 25.02.2016წ).

22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (შდრ. სუსგ # ას-1449-1369-2017, 20.04.2017).

23. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

24. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი