Facebook Twitter

13 ნოემბერი, 2018 წელი,

საქმე №ას-1451-1371-2017 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ბ.კ. „ი.ე.ი.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, სააგენტო ან მეიჯარე) და ს.ბ.კ. ი.ე.ი.-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მოიჯარე) შორის 2016 წლის 7 ივნისს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ..... მდებარე 134 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) გადასცა.

2. საიჯარო ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის მიხედვით, მოიჯარე ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) თვის ვადაში ვალდებული იყო, ქონების მოვლა-პატრონობის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამინისტრო) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გაეფორმებინა. ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, 3.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 300 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 12-24).

3. მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება. მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორთვიან ვადაში საიჯარო ქონების მოვლა-პატრონობის თაობაზე სამინისტროსთან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება არ გააფორმა.

4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში პირგასამტეხლომ 9600 ლარი შეადგინა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 31).

5. 2017 წლის 18 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს - 9600 ლარის შემცირებისა და მისი 43.52 ლარით განსაზღვრის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მოპასუხესთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება პირგასამტეხლოს შემცირებაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა საბოლოოდ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული პირდაპირ იყო ბრძანებით გათვალისწინებული და მისი შეცვლა შეუძლებელი იყო. მართალია ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით მოსარჩელე ვალდებული იყო სამინისტროსთან საიჯარო ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 2 თვეში გაეფორმებინა მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, თუმცა კომპანიაში შექმნილი პრობლემების გამო დაწყებული პროექტის ბოლომდე დასრულება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას შედეგად მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 9 სექტემბრამდე, რამაც შეადგინა 9600 ლარი. ვინაიდან დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, ის, 43.52 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მას პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობოდა. ამდენად, რადგანაც განსახილველ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, მას მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლო 300 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სააგენტოს მიერ კომპანიისათვის დარიცხული პირგასამტეხლო - 9600 ლარი შემცირდა და ის 320 ლარით განისაზღვრა; სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს 43,52 ლარამდე შემცირების ნაწილში, უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, ვინაიდან 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, ანუ 32 დღის განმავლობაში, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 9600 ლარი (300 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), ხოლო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური ქირა 8160 ლარი, ყოველთვიური - 680 ლარი, ყოველდღიური კი, 30 კალენდარული დღის გათვალისწინებით - 22,66 (680/30=22,66) ლარი იყო, ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო ჰქონდა დაკისრებული.

9.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია 2016 წლის 7 აგვისტოდან 2016 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლო - 9600 ლარი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა 320 ლარამდე, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარია (320/32=10).

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

10.1. მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტი, კერძოდ, მან სამინისტროსთან არ გააფორმა საიჯარო ქონების მოვლა-პატრონობის თაობაზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულება იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადით. ამასთან, მოსარჩელემ ვალდებულების დარღვევის „საპატიო მიზეზად“ მიუთითა კომპანიის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ მოიცავს მსჯელობას თუ რამდენად იყო შესაძლებელი კომპანიის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვალდებულების დარღვევის საფუძველი გამხდარიყო;

10.2. სასამართლო უფლებამოსილია, პირგასამტეხლო შეამციროს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, რომ განმარტოს და დაასაბუთოს, თუ რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და მხოლოდ ამის შემდეგ, ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, გონივრული ოდენობით შეამციროს იგი;

10.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არც სააგენტოს - როგორც სახელმწიფო ქონების განმკარგავი ორგანოს განსაკუთრებული როლი შეაფასეს და არც ის ზიანი, რომელიც სახელმწიფოს კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მიადგა;

10.4. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული თანხის შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და შემცირების თაობაზე, შეუსრულებელ ვალდებულებასთან თანაფარდობის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს თაობაზე მხარე იმთავითვე, ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან იყო ინფორმირებული და მან ხელმოწერით დაადასტურა მზაობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ;

10.5. სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლით არ უნდა ეხელმძღვანელა, მან პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად დაუკავშირა საიჯარო ქირის ოდენობას, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო ხელშეკრულების სხვა ვალდებულების შესრულებისთვის იყო შეთანხმებული და რაიმე კავშირი მას საიჯარო ქირასთან არ ჰქონია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.

14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

15. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 1-4 პუნქტებით დადგენილი ფაქტების ნაწილი სამართლებრივად არასწორად გაანალიზა, შესაბამისად, ამ ნაწილში გამოტანილი დასკვნები იურიდიულად არგუმენტირებული არ არის. უფრო მეტიც, ის ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმების მიზანსა და შინაარს, მხედველობაშია სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი.

16. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 7 ივნისს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელეს იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში სამინისტროსთან დაედო უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 300 ლარის ოდენობით. უდავოა ისიც, რომ კომპანიამ ვადის დარღვევით, 2016 წლის 9 სექტემბერს გააფორმა სამინისტროსთან უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება. ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელემ მოპასუხეს 2016 წლის 7 აგვისტოდან, იმავე წლის 9 სექტემბრამდე პერიოდზე დაარიცხა პირგასამტეხლო 9600 ლარის ოდენობით.

17. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. ის არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. პალატის მოსაზრებით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არ არსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება.

20. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა და, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

21. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

22. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის (გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 464 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე, 55.2 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს.ბ.კ. „ი.ე.ი.-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ს.ბ.კ. „ი.ე.ი.-ს“ (ს/ნ ....) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 464 (ოთხას სამოცდაოთხი) ლარის ანაზღაურება;

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი