Facebook Twitter

¹ბს-121-114(კს-06) 19 აპრილი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის ...-ი ქ. ჩ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ტ. ს.-ე

მოპასუხე – ქუთაისის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 აპრილს ტ. ს.-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქუთაისის მერიის მიმართ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 აპრილის ¹90/კ განკარგულების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 აპრილის ¹90/კ განკარგულებით იგი უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, განკარგულებაში არასწორად იქნა მითითებული, რომ იგი ...-ის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ვინაიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 ივლისის ¹38/კს ბრძანებით დანიშნული იყო ...-ის თანამდებობაზე, რომელიც არ გაუქმებულა.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წელს ძალაში შევიდა საქართველოს სანიტარული კოდექსი, რომლის მე-13 მუხლის მე-7 ნაწილით და ქუთაისის საკრებულოს 2003 წლის 18 დეკემბრის ¹148 დადგენილებით, არსებული ინსპექციის ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ქუთაისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო ინსპექცია შეიქმნა, რომლის დებულება ქ. ქუთაისის მერის 2004 წლის 5 იანვრის @¹1 ბრძანებით დამტკიცდა. სანიტარული კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილისა და ინსპექციის დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ...-ს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა ქალაქის მერი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით. მოსარჩელის მითითებით, სადავო განკარგულება უკანონოდ იქნა მიღებული მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ინსპექციამ რეორგანიზაცია განიცადა, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია ან მისი დაქვემდებარების შეცვლა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ...-ის თანამდებობაზე 1996 წლის 12 ივლისიდან ¹38/კს ბრძანების საფუძველზე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა და სამსახურიდან მის გათავისუფლებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 აპრილის ¹90/კ განკარგულების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ...-ი ქ. ჩ.-ე ჩაება.

ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ტ. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. ს.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ტ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ტ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 აპრილის ¹90/კ განკარგულება; ტ. ს.-ე აღდგენილ იქნა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ...-ის თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 3 თვისა და 15 Dდღის – 1050 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერმა და მესამე პირმა –ქ. ჩ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორთა განმარტებით, 2003 წელს ძალაში შევიდა ,,საქართველოს სანიტარული კოდექსი», რომლის შესაბამისად სანიტარული ინსპექციების დაქვემდებარების შეცვლა მოხდა, კერძოდ, სანიტარული კოდექსის მე-13 მუხლის მე-7 ნაწილით ქალაქსა და რაიონში, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის შესაბამისად შეიქმნა ქალაქისა და რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციები, რომელსაც მეთოდურ ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექციის მეშვეობით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევდა. ამასთან, სანიტარული კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განისაზღვრა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ...-ის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების ახლებური წესი, კერძოდ, ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ...-ს თანამდებობაზე ნიშნავდა და Yათავისუფლებდა გამგებელი (მერი), მინისტრის წარდგინებით.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა მოხდა ახალი სანიტარული კოდექსის შესაბამისად, ვინაიდან ახალი კოდექსით შეიცვალა რა ...-ის თანამდებობაზე დანიშვნის წესი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 ივლისის ¹38/კს ბრძანება, რომლითაც ტ. ს.-ე ...-სად იყო დანიშნული, ძალადაკარგულად ჩაითვალა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2003 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ...-ის თანამდებობაზე წარადგინა ტ. ს.-ე, ქუთაისის მერმა კი გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და მოსარჩელე ...-სად არ დანიშნა, ხოლო მინისტრს სხვა კანდიდატურა შესთავაზა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ჩ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

2005 წლის 17 ნოემბერს ქ. ჩ.-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინებით ქ. ჩ.-ის განცხადება განუხილველად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ტ. ს.-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება უდავოდ მიუთითებდა ქ. ჩ.-ის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევაზე, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს ¹01-06/9257 წერილის არსებობის თაობაზე, რასაც ქ. ჩ.-ე ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ჩ.-ისათვის აღნიშნული წერილი ცნობილი გახდა 2005 წლის 6 სექტემბერს, განცხადება კი შეიტანა 2005 წლის 17 ნოემბერს.

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ფაქტი დასტურდებოდა როგორც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2005 წლის 14 დეკემბრის ¹ს-4940 წერილით, ასევე თვით დოკუმენტზე ქ. ჩ.-ის სახელზე შესრულებული ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 სექტემბრის ვიზირებით, ხოლო ის ფაქტი, რომ ქ. ჩ.-ემ დალუქული კონვერტი რეგისტრაციაში გაატარა და მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გახსნა, არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ განცხადების შეტანის ვადის ათვლა აღნიშნული თარიღიდან დაწყებულიყო.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ჩ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.

ქ. ჩ.-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 თებერვლის განჩინებით ქ. ჩ.-ოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს საამართლოს გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს და თვლის, რომ ქ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრისა და 10 თებერვლის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ქ. ჩ.-ის განცხადება განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, ქ. ჩ.-ეს დარღვეული ჰქონდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ქ. ჩ.-ისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს ¹01-06/9257 წერილის არსებობა ცნობილი გახდა 2005 წლის 6 სექტემბერს, რაც დასტურდება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის _ 2005 წლის 14 დეკემბრის ¹ს-4940 წერილით და თვით დოკუმენტზე ქ. ჩ.-ის სახელზე შესრულებული, ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 სექტემბრის ვიზირებით, ხოლო ის ფაქტი, რომ ქ. ჩ.-ემ დალუქული კონვერტი რეგისტრაციაში გაატარა და მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გახსნა, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ განცხადების შეტანის ვადის ათვლა აღნიშნული თარიღიდან დაიწყოს.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლს და განმარტავს, რომ თუ განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, მისი დაუშვებლობის გამო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ქ. ჩ.-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა დაარღვია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უფლება ჰქონდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე განცხადება განუხილველად დაეტოვებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრისა და 10 თებერვლის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.